"ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა, შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა" - კვირის პალიტრა

"ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა, შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა"

მთელი მსოფლიო დიდ სოფლად არის ქცეული. კაცობრიობის ძირითად საფრთხე ახალი ვირუსების წარმოქმნაა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს საფრთხე ატომურ იარაღზე საშიში და ამოუხსნელია, რადგან მოულოდნელობას ემყარება და კაცობრიობა ახალი ვაქცინებითა და წამლებით მომზადებული არ არის. ამან, მოსალოდნელია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს...

ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნოლოგი.

- დაავადების პიკს, ალბათ, აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ. ჩვენნაირ ქვეყნებში პირველად აღმოჩენილი შემთხვევიდან დაახლოებით 35-40 დღის შემდეგ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება. დაავადებულთა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენთანაც, ალბათ, აპრილის ბოლოს გამოვლინდება.

კარანტინის პირობებში დღეში შეიძლება 20-30 შემთხვევა გამოვლინდეს. თუ თვეში 1000 შემთხვევაზე მეტი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა საშუალოდ 5%-ია და მათ რეანიმაციას საქართველო უნდა გაუმკლავდეს. მთავარია, დავრჩეთ სახლში და ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია.

- რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთ პირობებში ცხოვრება?

- ეგ არავინ იცის. ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, დაახლოებით ზაფხულამდე - აგვისტომდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებითო.

- თუმცა ისიც ითქვა, რომ შესაძლოა ეს ვირუსი სეზონური იყოს. - ეს თეორიაა, წინასწარ არავინ არაფერი იცის.

- არის ვარაუდი, რომ მოსალოდნელია ამ დაავადების მეორე ტალღაც, ანუ შეიძლება ვირუსი ხელმეორედ დაემართოს ადამიანს? - ჯერჯერობით არ დგინდება, რომ ადამიანებს Covid-19 მეორედ ემართებათ. მეორე ტალღა ნიშნავს, რომ შეიძლება კარანტინის პირობებში ჩაცხრეს ვირუსი, ხალხი კარანტინიდან გაუშვან და მერე ახალი აფეთქება დაიწყოს. აი, ჩინეთში ახლა სწორედ ამის ეშინიათ.

- ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება პიკი? - დაახლოებით თვე-ნახევარი, მერე კი შემთხვევათა რაოდენობის კლება დაიწყება.

- ჩვენთან ეს დაავადება მაინცდამაინც მძიმედ არ მიმდინარეობს, რასაც ბცჟ აცრას უკავშირებენ. თქვენი აზრით, მართლაც ეს აცრაა ჩვენი მშველელი? - სტატისტიკურად ასეთი მონაცემები მართლაც არის, ოღონდ მეცნიერულად არავის გამოუკვლევია. ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა - ასეთია იაპონია და კორეა - შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა და, ცხადია, სიკვდილიანობაც.

ჩვენთან ჯერჯერობით გარდაცვლილია მხოლოდ ერთი ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანამდევი დაავადებები, კრიტიკული პაციენტების რაოდენობით კი მაინცდამაინც დაბალ ნიშნულზე არ ვართ. ზოგ ქვეყანაში ყველა დაავადებული მსუბუქია, ანთება არავის აქვს, არავის სჭირდება რეანიმაცია... სავარაუდოდ, ესპანეთსა და ამერიკაში გარდაცვლილი ხუთი ქართველიც აცრილი იყო ბცჟ ვაქცინით, ამიტომ ამის იმედად ვერ ვიქნებით, ეს ვარაუდია.

- ყველა ვირუსი განიცდის მუტაციას, ძლიერდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, კორონავირუსის შემდეგ ახალი თავსატეხი გამოჩნდეს ახალი მუტირებული ვირუსების სახით. იზიარებთ ამ მოსაზრებას? - რა თქმა უნდა! ამას ჩვენზე ჭკვიანი ხალხი ამბობს. ამერიკის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ გლობალიზაციის მასშტაბების ზრდის შედეგად უკვე ყველა მოგზაურობს და მთელი მსოფლიო დიდ სოფლად არის ქცეული. კაცობრიობის ძირითად საფრთხე ახალი ვირუსების წარმოქმნაა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს საფრთხე ატომურ იარაღზე საშიში და ამოუხსნელია, რადგან მოულოდნელობას ემყარება და კაცობრიობა ახალი ვაქცინებითა და წამლებით მომზადებული არ არის. ამან, მოსალოდნელია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ რაც უფრო იზრდება გლობალიზაციის მასშტაბი და იოლდება მოგზაურობა, ეს საფრთხეც იმატებს. ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ რაც უფრო მცირდება ფლორა-ფაუნა დედამიწაზე, რაც უფრო მეტს ჩეხს და ანადგურებს ადამიანი, ერთმანეთთან მით უფრო ახლოს იწყებენ ცხოვრებას ცხოველები და უფრო დიდია რისკი, რომ ეს ვირუსები ერთიდან მეორეს გადაედოს. ასე მოხდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც - ის ღამურიდან აქლემს გადაედო, აქლემიდან - ადამიანს....

- სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანალ კორონავირუსს სხვადასხვა გენომი აქვს? - ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან. კორონავირუსიც ერთი სახეობის ვირუსია, მაგრამ გენომური თანაფარდობა და ამინომჟავების შემადგენლობა ყველა კორონავირუსს იდენტური არ აქვს. გენომური თავისებურებები აქვთ, გენეტიკური ინფორმაციით კი განსხვავდებიან. ამით დგინდება, საიდან შეიძლება მოდიოდეს - ჩინეთიდან, იტალიიდან თუ ამერიკიდან....

- ქართულსაც ექნება თავისი გენომი? - არა, ქართულში, ძირითადად, ექსპორტირებული ფორმებია, ანუ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და აქ ჯერ ის ვრცელდება.

- გაჩნდა მარნეულიდან შემოტანილი ბოსტნეულის შიში, შეიძლება ამით დავინფიცირდეთო, ამიტომ საპნით რეცხვა ურჩიეს ერთმანეთს... - საკვები პროდუქტის საპნით გარეცხვა არ შეიძლება - თერმულად დაამუშავეთ. 56 გრადუსიდან ზემოთ ბაქტერია კვდება. ის, რისი მოხარშვაც არ შეიძლება - მაგალითად, ვაშლი - გამდინარე წყალში გარეცხეთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, მერე გათალეთ და მიირთვით.

- ინფექციის გავრცელების ერთ-ერთწყაროდ ფული დასახელდა და მის დამუშავებაზეც დაიწყეს ლაპარაკი... - პაატა იმნაძე ამბობს, გააუთოეთო, მაგრამ ჯობს, ფულის გამოყენებას საერთოდ მოვერიდოთ და ბარათებით გადავიხადოთ. ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, მათ შორის - პენსიონერებსაც. გამოყენების შემდეგ ბარათები სპირტით დაამუშავეთ.