"ადრე თუ გვიან, ჩვენც მოგვიწევს "ჯოგური იმუნიტეტის" გამომუშავება" - კვირის პალიტრა

"ადრე თუ გვიან, ჩვენც მოგვიწევს "ჯოგური იმუნიტეტის" გამომუშავება"

"ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა შიდა გადაცემა დაიწყო. ამიტომაც "ჯოგური იმუნიტეტის" გამომუშავება ოდესღაც აუცილებელი იქნება. ამ ინფექციით შესაძლოა, 80% დაავადდეს. მთელი ცხოვრება დისტანცირებულები ხომ ვერ ვიქნებით? დისტანცირებით კი შევამცირებთ ეპიდემიის მძლავრ ტალღას,

მაგრამ საერთო ჯამში 1-2 წელიწადში ყველა მოვიხდით ამ ინფექციას..."

მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად მკაცრი რეგულაციები დააწესეს - ჩაკეტეს სახელმწიფო საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შემოიღეს ფიზიკური დისტანცირების წესები, ჯერჯერობით მხოლოდ შვედეთმა აირჩია სხვა გზა - ქვეყანაში, რომელიც არ ჩაიკეტა, 16 წლამდე ბავშვები კვლავაც დადიან სკოლებში. მაღაზიები, რესტორნები, ბარები მუშაობენ და 50-მდე კაცის თავშეყრა კვლავაც ნებადართულია. დიდ და პატარა ქალაქებში ხალხი კვლავ დადის ქუჩებში, მოედნებზე, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ძალიან იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს დამცავი ნიღბით. ყველაზე მკაცრი რეკომენდაცია, რომელიც მთავრობამ გასცა, არის მოქალაქეებისთვის მიცემული რჩევა, თავი აარიდონ არასაჭირო მგზავრობას, ხოლო გაცივების შემთხვევაში ან 70 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეები შინ დარჩნენ...

შვედეთის მიდგომა დიდი ბრიტანეთის ბოლო პერიოდამდე გატარებულ პოლიტიკას მოგვაგონებს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ სულ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა კარანტინის შემოღება, რადგან ქვეყანაში ძალიან გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი. 27 მარტს გამოაცხადეს, რომ ვირუსი თავად ბორის ჯონსონსაც შეეყარა. შვედეთის მოქალაქეების უმრავლესობამ კი იცის, რომ საყოველთაო პანდემიის ჟამს ქვეყანამ სხვებისგან განსხვავებული გზა აირჩია, ამიტომაც არ არის პანიკა და მთავრობა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

ოთარ ჩოკოშვილი, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი: - შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, განსაკუთრებით წამყვანია მედიცინის დარგში. მან კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ ყველა ქვეყანას მოუწევს, და ადრე თუ გვიან, ჩვენც. ჯოგური ანუ კოლექტიური (საზოგადოებრივი) იმუნიტეტი იმას ნიშნავს, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი უკვე გადაიტანს დაავადებას და გამოუმუშავდება იმუნიტეტი...

იმუნიტეტის გამომუშავების მეორე გზა საყოველთაო ვაქცინაციაა. ჩოვიდ-19 აიროვანი ინფექციაა და ადვილად გადადის. თუ 100-დან 90 ბავშვს ავცრით, გვექნება ე.წ. დამცველობითი ფარი, ანუ იმუნიტეტი, და გვეყოლება ის ადამიანები, რომლებიც გაწყვეტენ ინფექციის გადაცემის ჯაჭვს. რაც უფრო მეტ მოქალაქეს ავცრით, ამასთან, რაც უფრო მეტს გადავატანინებთ დაავადებას, მით უფრო დიდი იქნება ფარი, რომელიც დაიცავს არაიმუნიზირებულ ფენას.

- მაინც რატომ აირჩია შვედეთმა "ჯოგური იმუნიტეტის" პრინციპი? - ამ დაავადების წამალი ჯერ არ არსებობს და ვაქცინის გამოშვებას შეიძლება თვეები დასჭირდეს. საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ის ბაზარზე შემოდგომაზე გამოჩნდეს. შესაბამისად, ისღა გვრჩება, რომ ეს ინფექცია ყველამ გადავიტანოთ. ჯერჯერობით მოსახლეობას მსოფლიოში COVID-19-ის მიმართ არა აქვს იმუნიტეტი და სწორედ ამიტომ ვართ ვირუსის ძლიერად მიმღებები.

შესაძლოა მოსახლეობის დიდ პროცენტს დაემართოს და მეტ-ნაკლები გართულებით გადაიტანოს. ჩინეთის მაგალითს თუ მოვიშველიებთ, 85%-ში მსუბუქად მიდის, 10%-ში უსიმპტომოდ, 5%-ში მძიმედ და აქედან 2-3%-ისთვის ლეტალურია. იმუნიტეტის გამომუშავება აუცილებლად მოგვიწევს მაშინ, როცა მოსახლეობის 70-80% დაავადდება და გადაიტანს ვირუსს. მაგალითად, შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია. აქედან თუ 5-დან 8 მილიონამდე კაცი დაავადდა და გადაიტანა ვირუსი, იმუნურები გახდებიან.

- თუმცა ჩინეთში რამდენიმე ვირუსგადატანილს კვლავ შეეყარა კორონავირუსი. - რესპირატორული ინფექციების, გრიპის და ასევე კორონას მიმართაც ძლიერი იმუნიტეტი არ ყალიბდება. მაგალითად, წითელას მიმართ ყალიბდება - ერთხელ რომ გადაიტან, აღარ დაგემართება. ჯერ არ ვიცით, ეს წითელასავით იქნება თუ გრიპივით. ჩინეთში შეიძლება მეორედაც დაინფიცირდნენ, შეიძლება გამოჯანმრთელება არც იყო საბოლოო და სწორად დიაგნოსტირებული... ამ დაავადებას მარტივად გავრცელება და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია ახასიათებს (2 კვირიდან 2 თვემდეც შეიძლება გაგრძელდეს)...

თუ შვედეთში ინფექცია სწრაფად გავრცელდა, მასაც შეექმნება პრობლემა, მაგრამ იქ სტრატეგიები შეიმუშავეს და გათვლის მეთოდები გამოიყენეს. შვედეთს მის მეზობლებთან შედარებით (დანია-ნორვეგიასთან) სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ინფექცია სწრაფად არ გავრცელდა. შვედეთის მოსახლეობას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, ხალხი შრომისმოყვარე და ორგანიზებულია. შესაბამისად, ხელისუფლებას მოსახლეობის იმედი აქვს. ამასთან, შვედები ძალიან უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. ხშირად მიწევს სტოკჰოლმში ჩასვლა და ვხედავ, რომ ასაკოვანი ხალხი ველოსიპედით დადის. 80 წლის ქალი რომ ველოსიპედით ივლის ქუჩაში და აქტიურია, ნიშნავს, რომ ჯანმრთელია, ქრონიკული დაავადებები არა აქვს.

სწორედ ჯანმრთელობის ზოგადი ფონიდან გამომდინარე ჩათვალეს შვედებმა, რომ ეს ინფექცია მათ ზიანს ვერ მოუტანს. ამასთან, შვედეთის მოსახლეობა კვადრატულ კილომეტრზე 25 კაცია, მოსახლეობის საშუალო ასაკი - 41 წელი. გარდა ამისა, ისინი, ძირითადად, მარტო ცხოვრობენ. ასეთი ტიპის ინფექციების გავრცელებაში კი სოციალური დისტანცირება წამყვანია. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ხასიათიც - იტალიელებსა და ქართველებს უყვართ ქეიფი, მისვლა-მოსვლა. შვედეთმა ის კი არ გააკეთა, მოდი, ამას ვიზამ, ვინც გადაიტანს, გადაიტანოსო, მან მოამზადა სექტორი, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს დიდ დატვირთვას. იციან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ჯანმრთელია და ასეთ დაავადებებს გაუძლებს. რაც მთავარია, მათ ხელაღებით არ შეწყვიტეს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში; რადგან ვირუსი ბავშვებშიც მსუბუქად მიდიოდა, არ შეზღუდეს სკოლა-საბავშვო ბაღებიც. შეზღუდეს მხოლოდ 50-კაციანი თავყრილობები. შვედებს დიდი ხანია აწყობილი აქვთ ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა. შვედეთის გადაწყვეტილების მთავარი არსი ის არის, რომ ცდილობს უფრო სწრაფად მივიდეს იმ პერიოდამდე, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს კოლექტიური იმუნიტეტი ექნება.

შვედებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვერ გავრისკავთ, რადგან მძიმე შედეგები მოჰყვება - ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე კარგია.

- როგორც ამბობენ, შეიძლება ისე მოიხადო ეს ვირუსი, არანაირი სიმპტომი არ გქონდეს, თუმცა სხვისთვის იყო საშიში... - ეს უფრო ახალგაზრდებში იქნება. მე დამემართება თუ არა დაავადება, ამას იმუნიტეტი განსაზღვრავს. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა დავირუსებულის ოჯახის წევრებს არ დაემართათ კორონა და შეეყარა მის თანამშრომელს, ვისთანაც ნახევარსაათიანი კონტაქტი ჰქონდა. შესაბამისად, იმუნიტეტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს...

ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა შიდა გადაცემა დაიწყო. ამიტომაც "ჯოგური იმუნიტეტის" გამომუშავება ოდესღაც აუცილებელი იქნება. ამ ინფექციით შესაძლოა, 80% დაავადდეს. მთელი ცხოვრება დისტანცირებულები ხომ ვერ ვიქნებით? დისტანცირებით კი შევამცირებთ ეპიდემიის მძლავრ ტალღას, მაგრამ საერთო ჯამში 1-2 წელიწადში ყველა მოვიხდით ამ ინფექციას. შეიძლება ჩვენმა სტრატეგიამაც (კარანტინმა) ძალიან გვიშველოს. ჩვენთან უფრო იმპორტირებული შემთხვევებია, ამასთან 5400-ზე მეტი პირი კარანტინშია და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მწვავე რესპირატორული დაავადებები ცხელ პერიოდში ნაკლებად ვრცელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მაისის ბოლოს ის კონტროლს დაქვემდებარებული უნდა იყოს. იმედია, ამას შევძლებთ. ჩვენ მივყვებით კორეასა და გერმანიას - მათ სწორად და დროულად დაიწყეს ახალი შემთხვევების დიაგნოსტიკა და ტესტირება.

"ჯოგური იმუნიტეტის" გამომუშავების რეალურ მაგალითად იტალია უფრო შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე შვედეთი. როცა იტალია დაამთავრებს ეპიდემიას და დაეშვება რკალისებრ მრუდზე, დაიწყება შემთხვევების შემცირება. მეორე და მესამე ტალღა მათ ნაკლებად ემუქრებათ, იმიტომ, რომ ვინც მძიმე პოპულაცია იყო, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ვისაც იმუნიტეტი უნდა გამოემუშავებინა, გამოიმუშავეს. მომავალ სეზონებსა და გავრცელებაზე ეს ფაქტორი შეიძლება იტალიას ძალიან გამოადგეს - ეს ვარაუდიც დასაშვებია.

სწორი მკურნალობისა და სწორი სტრატეგიის წყალობით ეროვნული გაიდლაინის საფუძველზე საქართველოში საუკეთესო შედეგი გვაქვს. ჩვენ სწორი სტრატეგიით მივდივართ - ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ მას მნიშვნელოვნად შევამცირებთ.

მინდა ჩვენმა მოსახლეობამ ერთი რამეც გაითვალისწინოს - როცა ექიმები ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, ისინი მათგან დიდი რაოდენობით ვირუსს იღებენ, დიდ რისკზე მიდიან. ამ დროს მედპერსონალის ვირუსის დიდი კონცენტრაციით დაინფიცირება ხდება. გარდა ამისა, ექიმების დიდი ნაწილი გამოფიტულია - 24-საათიანი უძილობა ახალგაზრდა ორგანიზმსაც ამარცხებს. ამიტომაც ვთხოვ ყველას - იზოლაციით არა მარტო თავი, არამედ ახლობლები და ექიმებიც დაიცვან.