ერთი დღე "კათარზისში" - კვირის პალიტრა

ერთი დღე "კათარზისში"

"ხვალ შეიძლება გამოჩნდეს მოხალისეთა არმია და მათი მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, დავეხმაროთ მოხუცებს"

დღის თორმეტი საათია. აღმაშენებლის გამზირზე, სათნოების სახლ "კათარზისში" ჯერ სიმშვიდეა. გზისპირა ფანჯარა ღიაა. ფანჯარასთან მხოლოდ რამდენიმე მოხუცი იცდის.

პროფესია კიდევ ერთხელ შევიცვალე - ამჯერად "კათარზისის" თანამშრომელი გავხდი. ჩავიცვი ხალათი, ხელთათმანი, დავიხურე ქუდი, გავიკეთე პირბადე, ამოვიცვი ბახილები და შევედი სამზარეულოში, სადაც ყოველდღიურად 400-მდე მოხუცისთვის მზადდება საჭმელი. დღეს მენიუში წიწიბურა, სოსისი, პური და ლიმონათია. ადრე სამზარეულოში ხუთნი მუშაობდნენ, დღეს კი მხოლოდ ორი ქალბატონია და ძირითადად, მშრალი კერძების კეთება უწევთ, რადგან კურიერის მეშვეობით წვნიანის დარიგება ძალიან ძნელია. მარიამი შეფმზარეულია. ის უკვე რვა წელია, "კათარზისში" მუშაობს. წუხს, რომ ყოველდღიურად ვეღარ ხედავს თავის საყვარელ მოხუცებს და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. მარიამი მითითებებს მაძლევს. ჩემი პირველი დავალება წიწიბურას გარჩევა და გარეცხვაა. მალე წიწიბურა მზად არის მოსახარშად. გაზს ვუწევ - არ მინდა, მოხუცები დიდხანს ვალოდინო. სოსისის მოხარშვაში ქალბატონი ანა მეხმარება და იმ ხალისიან დღეებს იხსენებს, როცა საყვარელ მოხუცებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, ერთობოდა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობდა. წიწიბურა მზად არის, სოსისიც მოხარშულია. ახლა საჭმლის განაწილების დროა. კონტეინერს წიწიბურათი ვავსებ, ზემოდან ორ სოსისს ვადებ, მერე - ერთ პურს და უნებურად მეღიმება. ეს ბედნიერების ღიმილია, ვინ იცის, როგორ ელოდება ამ ულუფას მოხუცი და როგორ დამლოცავს...

ფიქრებში გართულმა ვერც შევნიშნე, როგორ შემოყო სამზარეულოში თავი წითელფორმიანმა მოხალისემ. "მზად არის?" - იკითხა და სამზარეულოს თვალი მოავლო. სავსე კონტეინერები რომ დაინახა, გაუხარდა. კონტეინერები მივაწოდე და რადგან გასატანი ბევრი იყო, გადავწყვიტე, მოხალისის როლიც მომერგო. ჩემი მწვანე ხალათი გავიხადე და წითელი ფორმა ჩავიცვი, რომელსაც გულზე დიდი ასოებით აწერია "კათარზისი".

ფანჯარა ოდნავ შემოღებულია. გარეთ მდგარ მოხუცებს ვესალმები და კონტეინერების დარიგებას ვიწყებ. სანამ მივაწვდი, მანამდე ყველას სახელსა და გვარს ვინიშნავ. ამით ვარკვევთ, ვინ ვერ შეძლო მოსვლა და ვის სჭირდება კურიერის მომსახურება.

67 წლის ბატონი ალბერტი "კათარზისის" ყოველდღიური სტუმარია. აქაურობას უკვე ექვსი წელია, სტუმრობს და მეგობრებიც გაიჩინა. ალბერტს შავ პარკში გახვეულ კონტეინერს, ერთ პურსა და ორლიტრიან ლიმონათს ვაწვდი, ვემშვიდობები და ჯანმრთელობას ვუსურვებ. ალბერტის შემდეგ ნინოა, ნინოს შემდეგ - ნარგიზა და ასე გადის გრძელი რიგი. "ორმეტრიანი დისტანცია დაიცავით" - ვახსენებ მოხუცებს, რომლებიც საუბარში ისე გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ უსაფრთხოების ნორმები. პირადობის მოწმობები ყველას გამზადებული აქვს, ასაკს ვამოწმებ და კანონის შესაბამისად ვმოქმედებ... "მე ორ თვეში ვხდები სამოცდაათის და რა მეშველება?.. ჯერ კიდევ შემიძლია ჩემით გადაადგილება, სახლში რომ დავჯდე, ჭკუდან გადავალ", - ამოიოხრა ქალბატონმა, რომელსაც თითქმის სამოცდაათი ნაოჭი ჰქონდა სახეზე... ფანჯარასთან ყვითელჩანთიანი ბიჭი მოვიდა. კურიერია. ვისთან მიგაქვს-მეთქი, ვკითხე და მონაცემები ჩავიწერე. დღეს 140 მოხუცისთვის მიუტანიათ სადილი. საკვების გარდა "კათარზისი" გასცემს ჰიგიენის ნივთებს - საპონს, შამპუნს და სველ ხელსაცოცს...

გულიკო რომანიშვილი, ასოციაცია "კათარზისის" პრეზიდენტის თანაშემწე: - 400 ბენეფიციარს ვემსახურებით. ეს არ არის სასადილო, რომელიც მხოლოდ ხანდაზმულებს ემსახურება; ეს დაწესებულება ყველა მშიერის გამოკვებაზე ზრუნავს. თავიდან ჩვენი პრეროგატივა მარტოხელა მოხუცთა დახმარება იყო და სწორედ ამ ბაზაზე შეიქმნა "კათარზისი". 90-იანებიდან მოყოლებული, ერთი წამითაც არ გავჩერებულვართ და არც ახლა ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ ვითვალისწინებთ რჩევებს - დავხურეთ დღის ცენტრი და გადავედით კურიერების მომსახურებაზე, მაგრამ 400 მისამართზე სადილის მიტანა ადვილი არ არის. პირველ დღეს 180 მისამართიდან საკურიერო კომპანიამ მხოლოდ 142 ოჯახში შეძლო საჭმლის მიტანა და ეს პროცესი საღამოს ცხრა საათამდე გაგრძელდა.

გადავწყვიტეთ, ვისაც შეეძლო მოსვლა, გვეთხოვა, რომ თვითონ წაეღო საჭმელი. დღეს გვყავს ძლიან ბევრი ბენეფიციარი, რომლებსაც უჭირთ სიარული და მათთან ყოველდღიურად ჩვენ მიგვაქვს იმ დღის სადილი. ამასთან, დავიწყეთ აქცია სოციალურ ქსელში. ხვალ შეიძლება გამოჩნდეს მოხალისეთა არმია და მათი მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, დავეხმაროთ მოხუცებს. მოხალისედ დარეგისტრირება შეუძლია ყველას. ამისთვის საჭიროა ქართულად აკრიფონ ასოციაცია "კათარზისი" და პირად შეტყობინებაში გამოგვიგზავნონ თავიანთი ტელეფონის ნომერი, ან მოგვძებნონ ელფოსტით - Catharsis.guliko@gmail.com. სამომავლოდ ვგეგმავთ აქციას "ერთი სადილი ხანდაზმულს", რომლის მეშვეობით ყველას ექნება შანსი, თავის სამეზობლოში მცხოვრები მოხუცი გაახაროს.

ზურა სოლომნიშვილი