საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთის სომხეთიდან ჩამოსულ პირს. მისი განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"დილით დადასტურებული შემთხვევა 170 იყო. ჩვენს ცენტრში დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტირება და 4 პაციენტთან დადებითი შედეგი მივიღეთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული კორონავირუსზე. ამ ოთხი პაციენტის წყარო სხვადასხვაა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევების შედეგებით შესაძლებელი იქნება შეფასდეს საბოლოოდ, როგორი იქნება მათი ზოგადი მდგომარეობა. 4 პაციენტის გარდა, ყველა პასუხი ნეგატიური იყო",- აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო მონაცემების თანახამდ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.