მარინა ეზუგბაია: "კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს" - კვირის პალიტრა

მარინა ეზუგბაია: "კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას 3 პაციენტი შეემატა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ.

"ჩვენი გამოსაჯანმრთელებელი პაციენტების სიას დაემატა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება თანდათანობით დატოვებენ კლინიკას", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ის ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.