"გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმით მკურნალობის შემთხვევაში საქართველო პიონერი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება"
"გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმით მკურნალობის შემთხვევაში საქართველო პიონერი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება"
ფოტო:თენგიზ ცერცვაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად
საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ კორონავირუსის წინააღმდეგ  პაციენტების პლაზმით მკურ­ნალობის მეთოდის გამოყენებაზე. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე:

- დაავადებ­ულთა მკურნალობა უკვე გამოჯანმრთელებული პაცი­ენტების სისხლის პლაზმით ცნობილი მეთოდია და მას მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებენ მაგალითად, ებოლას ან H1N1 გრიპის ეპიდემიების დროს. გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლი შეიცავს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს, რომლებიც იმ პაციენტში, ვისაც გადაუსხამ, იწვევს აღნიშნული ვირუსის ნეიტრალიზებას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. მაგრამ ეს მეთოდი არ არის ფართოდ გამოსაყენებელი
და გარანტირებულად ეფექტიანი. მას იყენებენ მძიმე პაციენტებთან, როდესაც ამოწურულია მკურნალობის სხვა ტრადიციული მეთოდები, ყველა ავადმყოფთან გამოყენება არ შეიძლება, რადგან არსებობს გარკვეული შეზღუდვები და სიძნელეები.

- კერძოდ?

- უპირველესად, უნდა გყავდეს შესაფერისი დონორი. არ კმარა მხოლოდ ის, რომ ამ ინფექციისგან განიკურნა. მის სისხლში საკმარისი რაოდენობით უნდა
იყოს მანეიტრალიზებელი, ანუ დამცავი ანტისხეულები.
წინააღმდეგ შემთხვევაში გადასხმა ვერ მოახდენს ეფექტს. ამიტომ ჯერ უნდა შეირჩეს დონორი, რომელიც თანახმა იქნება სისხლის გაცემაზე, მერე მის სისხლში უნდა იყოს ანტისხეულების საჭირო რაოდენობა, შემდეგ დონორი უნდა შემოწმდეს ინფექციებზე, როგორიც არის, მაგალითად, აივ-შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები და სხვ. ასევე დონორს არ უნდა ჰქონდეს ონკოლოგიური ან რომელიმე სხვა სერიოზული თანმხლები დაავადება. შესაფერისი დონორის მოძებნის შემდეგ პლაზმის დამზადებაც რთული პროცესია და მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს. დონორის რეზუსი და ჯგუფი უნდა ემთხვეოდეს პაციენტისას. უნდა იყოს თავსებადობა დონორისა და პაციენტის პლაზმას შორის...

ყველა ამ პირობის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება პლაზმის გადასხმა. ეს რთული პროცედურაა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ 24 მარტს Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას ამ მეთოდის გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა, თუმცა არ გაუცია ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია. ანუ პლაზმის გადასხმა არ არის ხელაღებით რეკომენდებული. თითოეულ შემთხვევაში პლაზმის გადასხმა შეთანხმებული უნდა იყოს ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოსთან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანოა და განსაზღვრავს, რომელი ავადმყოფობის დროს რომელი წამლის გამოყენება შეიძლება და რომლის - არა. მსოფლიოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე Covid 19-ით ინფიცირებულს გადაუსხეს და ისიც - ამერიკაში.

საქართველოსთვისაც არ არის ეს იოლი თუნდაც იმიტომ, რომ ჯერჯერობით გვყავს მხოლოდ ორ ათეულზე ცოტა მეტი გამოჯანმრთელებული და მათ შორის ყველა პარამეტრით მისაღები დონორი ბევრი არ იქნება. წარმოიდგინეთ, ჩინეთში ათეულათასობით გამოჯანმრთელებული ჰყავთ, ასევე იტალიაში, ესპანეთში, სადაც ინფიცირების ასეულათასობით შემთხვევა იყო და ბუნებრივია, გამოჯანმრთელებულიც ბევრია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ დავინტერესდით ამ მეთოდით. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს საქართველოს სასიამოვნო უცნაურობა დაებედა - მართალია, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი არ არის დიდი, არც ჯანდაცვის სისტემაა მაინცდამაინც წელში გამართული, მაგრამ საქართველო ზოგიერთ დარგში მაინც ქმნის ინოვაციურ პროექტებს და აღწევს უფრო დიდ წარმატებას, ვიდრე განვითარებული ქვეყნები ძლიერი ჯანდაცვის სისტემებით. ამის შესანიშნავი მაგალითია ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ამ მართლაც ისტორიული პროგრამისთვის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ სამოდელე ქვეყნად შეირჩა საქართველო და ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამ პროექტს. პლაზმის მომზადებისა და ამ მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში საქართველო ასეთი პიონერი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მაინც იქნება. ამ საკითხზე ვმუშაობთ - უკვე შევხვდით კომპანიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიები, მაგრამ მთავარია, შესაბამისი დონორების შერჩევა მოვახერხოთ. ჯერჯერობით, ჩვენს გამოჯანმრთელებულთა შორის შესაძლოა, ვერც ერთი დონორი ვერ მოიძებნოს, მაგრამ შევეცდებით...

ამ ეტაპზე საქართველო ტრადიციული მეთოდებით კარგად გადის ფონს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვყავს ორი გარდაცვლილი... თუ შევძლებთ იმუნური პლაზმის დამზადებას, ეს იქნება მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი. იხილეთ სრულად
ქეთა
06 აპრილი 2020 22:24
მადლობა მთავრობას
ეაია
06 აპრილი 2020 18:40
მადლიერება და პატივისცემა, ექიმებს, სამდიცინო პერსონალის მთელ გუნდს, პოლიციელებს, სამხედროებს, მთავრობას, კოორდინირებული ქმედებებისათვის....
პროფესორი
06 აპრილი 2020 11:56
მთავრობა რეკორდებს ითხოვს და პიონერობას ეტყობა, არჩევნების წელია

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები