"უკვე შეიძლება ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს" - კვირის პალიტრა

"უკვე შეიძლება ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და მათთან მიმართებით ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

"რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში 18 შემთხვევა იყო, მათი უმრავლესობა უკვე ცნობილ კლასტერებთან არის დაკავშირებული. სხვათაშორის, უკვე შეიძლება ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს, რაც სწორედ ჩვენი კვლევის მიზანი იყო. რაც შეეხება საყურადღებო შემთხვევებს, ამ ახალ შემთხვევებში ორი საყურადღებო შემთხვევა გვაქვს, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს",-განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას ფარების და ნიღბების სწორად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული", - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ასევე: "გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმით მკურნალობის შემთხვევაში საქართველო პიონერი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება"