"სა­ქარ­თვე­ლოში ვირუ­სის მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბა შე­საძ­ლოა არც მოხ­დეს" - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი? - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლოში ვირუ­სის მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბა შე­საძ­ლოა არც მოხ­დეს" - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი?

საფრანგეთში COVID-19-ის გავრცელების მასშტაბისა და ლეტალობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ვითარებაა. ქვეყანაში კოორნავირუსით გარდაცვლილთა რიცხვა უკვე 8000-ს გადააჭარბა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ქართველ ექიმს, ინფექციონისტ ეკა ჩაკვეტაძეს, რომელიც 17 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ახლა იგი ერთ-ერთ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის განყოფილებას ხელმძღვანელობს, შესაბამისად ყოველდღიურად ასეულობით ინფიცირებულთან უწევს შეხება და როგორც ინფექციონისტს, უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

- უპირველესად, დავიწყოთ საფრანგეთში არსებული ვითარების მიმოხილვით. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით და რა სიტუაციაა იმ საავადმყოფოში, სადაც თქვენ მუშაობთ?

- საფრანგეთი ახლა არის პიკის პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ფიქსირდება ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ალბათ დასტაბილურდება და შემდეგ იმედია, რომ კლებას დაიწყებს. ოფიციალური უწყებების თანახმად, პიკის პერიოდი კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. სადაც მე ვმუშაობ, ეს არის 350-საწოლიანი მულტიპროფილური საავადმყოფო, რომელიც გადაკეთდა და მთლიანად მოერგო ახალ გამოწვევას. 250 საწოლი სულ კორონავირუსით ინფიცირებულებს დაეთმო. 250 დან 200 თერაპიული განყოფილების ნაწილია, სადაც არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მათ მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, ხოლო 50 საწოლი რეანიმაციული განყოფილებაა, სადაც ყველა პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

ჩვენი საავადმყოფოს გვერდით არის კერძო კლინიკა და უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორის ძალიან დიდი სოლიდარობაა საფრანგეთში. კერძო კლინიკებმა ყველა გეგმიური სამედიცინო აქტივობები გადადეს და ემსახურებიან მთლიანად კორონავირუსით ინფიცირებულებს. ნაკადები ნაწილდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. რაც ეპიდემია დაიწყო, უკვე 500-მდე პაციენტი შემოვიდა ჩვენს საავადმყოფოში. აქედან დიდი ნაწილი გაეწერა. თუმცა, ლეტალობებიც იყო..

- რატომ მიიღო საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ "მეორე იტალია"? სად დაუშვეს შეცდომა?

- საფრანგეთში ასეთი დირექტივაა: საავადმყოფოში მიდის ის, ვისაც უკვე გართულებული აქვს მდგომარეობა, აღენიშნება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები. ხოლო ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვს, ის სახლში მკურნალობს. სტატისტიკურად საავადმყოფოში შემოსული პაციენტების 25%-ის მდგომარეობა რთულდება და გადადის რეანიმაციაში და სამწუხაროდ, 75 წელს ზევით ასაკის ადამიანების სიკვდილიანობა არის ძალიან დიდი. პრაქტიკულად ვერავინ უძლებს ხელოვნურ სუნთქვას, ვერ გამოდიან მდგომარეობიდან.

მთავარია ადამიანი რეანიმაციაში გადასაყვანი არ გახდეს, თორემ იქედან აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გამოდის...

ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ჩვენთან იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, ანუ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფაზა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაზაში სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს. როგორ უნდა მოხდეს ეს? ყველა ინფიცირებული ადამიანი - მკაცრ კარანტინში! საფრანგეთი სწორედ ამაში შეცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური დირექტივა იყო, არცერთი ინფიცირებული არ გაეშვათ სახლში, პარიზის ორმა უდიდესმა საავადმყოფომ, რომლებიც პირველი მიმღებები იყვნენ, ინფიცირებულები სახლში გაუშვეს.

საფრანგეთში, იმის მაგივრად რომ გაეხსნათ ახალი საავადმყოფოები, როცა საავადმყოფოები გადაიტვირთა, ინფიცირებულებს უთხრეს სახლში გააგრძელეთ მკურნალობაო, რამაც გამოიწვია კატასტროფა

ახლა რაც საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს - რადგან ყველა გამოვლენილი იფიცირებული ჰოსპიტალიზირებულია და დაცულია თვითიზოლაცია, ალბათ, სიტუაცია ძალიან არ დამძიმდება. სახლში ძალიანაც რომ გინდოდეს თავის დაცვა, ვერ დაიცავ, რადგან არიან ოჯახის სხვა წევრები, პატარა ბინებია და ა.შ.

- სახლის პირობებში მკურნალობის რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად გასცა, თქვენ ამბობთ, რომ ეს დაუშვებელია?

- ეს მიდგომა არ არის გამართლებული არანაირად, მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, რას იზამ. სანამ შეგიძლია უნდა მიიღო და როცა უკვე ვეღარ შეძლებ, ვეღარ მიიღებ. საფრანგეთს ეგონა, რომ რაც იტალიაში მოხდა, მას არ შეეხებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე ხდება აქაც. ცუდი სცენარის მოლოდინი ყველას უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ინფექციის კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საქართველოში და იმედია ასე გაგრძელდება. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "საქართველოში დასაბრუნებლად აქ ბევრი ემიგრანტი ემზადება"

თინათინ ზვიადაძე