"საქართველოს დაახლოებით 10 000 კოვიდინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს დაახლოებით 10 000 კოვიდინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს"

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოს საერთო ჯამში, დაახლოებით, 10 000 კოვიდინფიცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში, აქედან, დაახლოებით 5000 კოვიდინფიცირებულის მართვა შესაძლებელია საკარანტინე სივრცეებში.

"არსებობს პირველად ჯანდაცვაში კოვიდ-შემთხვევების მართვის პროტოკოლი, სადაც ერთ-ერთ ვერსიად განხილულია მსუბუქი ფორმების პაციენტის ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობაც. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ახალი არაფერი არ არის აქ, რომ მსუბუქი ფორმა შეიძლება ბინაზე ჩვეულებრივად იმართოს ექიმის მონიტორინგის ქვეშ და სწორედ აქ ჩნდება საკარანტინე სივრცეების თემაც. თუ პირს მსუბუქი ფორმა აქვს კოვიდის უნდა იყოს თვითიზოლაციაში და ამის შესაძლებლობა ხომ ყველას არ აქვს, რომ სახლში, თვითიზოლაციაში იყოს? ამიტომ შეთავაზებულია საკარანტინე სივრცე და ამ შესაძლებლობაზეა საუბარი, რომ 5000-მდე საკარანტინე ადგილი არის შესაძლებელი, რომ გამოვიყენოთ ასეთი პირების სამართავად თუ ეს შესაძლებლობა დადგა. ჩვენ ამ საკარანტინე სივრცეებში უკვე გვაქვს ექიმის მეთვალყურეობისა და ექიმის კონსულტაციის სერვისი დამატებული და ასევე ეპიდემიოლოგების მონიტორინგის სერვისი. საერთო ჯამში საქართველოს, დაახლოებით, 10 000 კოვიდ-ინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს",-განაცხადა ეკა ადამიამ.

რაც შეეხება უშუალოდ კოვიდინფიცირებული პაციენტების სტაციონარში მართვას, როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, არსებული პროგნოზით, 3500-მდე საშუალო და მძიმე მდგომარეობის კოვიდინფიცირებული შეუძლიათ მართონ სტაციონარში. "საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარნტინე ზონებში, რომლის მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს არის დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"