"ნაკლებად მჯერა, რომ ეს ვირუსი იტალიელს უფრო ერჩის, ვიდრე ქართველს, თუმცა ვირუსის სტრუქტურა შეიცვლება და ეს კანონზომიერია" - კვირის პალიტრა

"ნაკლებად მჯერა, რომ ეს ვირუსი იტალიელს უფრო ერჩის, ვიდრე ქართველს, თუმცა ვირუსის სტრუქტურა შეიცვლება და ეს კანონზომიერია"

COVID-19-ის მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მკვეთრად იცვლება. პანდემია უმრავლეს ქვეყანაში პიკისკენ მიიწევს - უახლესი ინფორმაციით კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1 349 584-ს მიაღწია, გარდაცვლილია 74 806 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 286 655. მსოფლიო ექსპერტთა განხილვის საკითხად იქცა გერმანიაში შექმნილი, ვითარება, სადაც ინფიცირების მასშატბურობის მიუხედავად (103 375), სიკვდილიანობის მაჩველებელი  (1,810) მნიშვნელოვანად დაბალია აშშ-ის (10 943), იტალიის (16 523) თუ ესპანეთის (13 341) სტატისტიკასთან შედარებით.

დაახლოებით, მესამე კვირაა, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. რას ითვალისწინებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეს ეტაპი და მკვეთრად განსხვავდება თუ არა იგი წინა ეტაპებისგან? - გვესაუბრება გერმანიის ქალაქ შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი და ინტენსიური თერაპიის ექიმი ნინო ნაცვალაძე:

- პანდემია, ევროპის ქვეყნებში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა და ლეტალობა ყველა ქვეყნისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს. სწორედ ამ მზადყოფნას, დისციპლინას, სწორად გათვლილ ნაბიჯებს და ორგანიზებულობას ითვალისწინებს საომარი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები და განწყობა განსხვავებულია რამდენიმე თვის წინ არსებული სიტუაციიდან. ადამიანური და ტექნიკური რესურსების ეკონომიის მიზნით, მაქსიმალურად შეიზღუდა გეგმიური ოპერაციები, ცენზისა და კვალიფიკაციის მიხედვით რაციონალურად გადანაწილდა მედპერსონალი, მიმდინარეობს სხვა პროფესიის ექიმების დაჩქარებული გადამზადება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად კონტროლდება სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენება.

- COVID -19-ის პირველი შემთხვევა გერმანიაში 26 იანვარს დაფიქსირდა, მას შემდეგ ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა და ახლა დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლით გერმანია მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ფიქრობენ, რომ ამერიკამაც და ევროპის დიდმა ქვეყნებმაც დაგვიანებით შეუტიეს ვირუსს. როგორ ფიქრობთ, დააგვიანა გერმანიამ კორონასთან "ომის" დაწყება?

- ყველა ქვეყნის დიდი შეცდომა და ნაკლია დაგვიანებული რეაქცია პანდემიაზე. გერმანიაზეც იმავეს ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ დაასწრო და ერთ-ერთმა პირველმა ჩართო განგაშის სიგნალი სამხრეთ ტიროლში (იტალია) არსებულ ინფექციაზე, შენიშნა იტალიიდან დაბრუნებული ინფიცირებულები და მოახდინა მათი იზოლაცია, წლის დასაწყისში, სხვა ქვეყნების მსგავსად, მაინც ვერ გათვალა რომ ჩინეთში არსებული პრობლემა საერთო გახდებოდა მათთვის და მთელი მსოფლიოსთვის. საზღვრების ჩაკეტვაც დაგვიანდა.

- ბევრი პანიკაში ჩააგდო ვირუსმა, ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. გერმანიაში, თუნდაც თქვენ ირგვლივ, მოსახლეობა, პაციენტები ფსიქოლოგიურად როგორ უმკლავდებიან ამგვარ ვირუს-წნეხს? მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები?

- ეს სტრესული მდგომარეობა აქაც დამთრგუნველი და დამძაბველია თითოეული მოქალაქისთვის. თუმცა, მოგეხსენებათ გერმანელების ნაკლები ემოციურობა, განსხვავებით სამხრეთული ქვეყნების მოსახლეობისგან, როგორებიც ვართ ჩვენ - ქართველები, იტალიელები, ესპანელები.

დათრგუნვილი მაინც მეჩვენებიან ხანდაზმულები, რომლებიც გაფრთხილებას შეძლებისდაგვარად ემორჩილებიან, რასაც ვერ ვიტყოდი ახალგაზრდებზე, რომლებმაც არასწორად გამოიყენეს იმედიანი სიტყვა - ახალგაზრდებში დაავადება კეთილსაიმედოდ მიდისო და თითქმის უპასუხისმგებლოდ მიუდგნენ პრობლემას. ამას უკავშირდება საკარნავალო დღესასწაული ჩრდილორაინის მხარეში, ე.წ. კორონა-ფართი ფრაიბურგში... სწორედ ამან გამოიწვია "საგანგებო მდგომარეობა" გერმანიის ზოგიერთ მხარეში და "შეზღუდული" მდგომარეობა - მთელ გერმანიში. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, ისინი ნამდვილად ჩართულები არიან პროცესში, განსაკუთრებით ხანდაზმულებთან და ექიმებთან.

- რა ვითარებაა კონკრეტულად შტუტგარტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, დაწყებული ადამიანების კლინიკაში დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში?

- დღეის (05.04.2020) მონაცემით, შტუტგარტში 784 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილია, ამათგან 1 გარდაცვლილი - ჩემს კლინიკაში (03.04.2020). ეს გახლდათ საშუალო ასაკის ადამიანი, ლეიკემით და ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდგომი მდგომარეობით. ამიტომ, სამწუხაროდ, აქ ინფექციის გამოვლენისთანავე ამ პროგნოზს ველოდებოდით.

ბადენ-ვიუტენბერგის მხარეში ყველა დიდი და საშუალო კლინიკა არამცთუ მზადყოფნაში, უკვე ებრძვის ინფექციას. კლინიკებში არის მიმღები განყოფილებები, სადაც ავადმყოფების ჩივილებისა და მონაცემების მიხედვით ხდება მათი გადარჩევა. დაავადების მძიმე სიმპტომების დროს (მაგ. სუნთქვის უკმარისობა) და საშუალო სიმპტომებისას, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, ხდება პაციენტების გადაყვანა სტაციონარებში, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ცხადია, მძიმე კონტიგენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში ხვდება ანესთეზიოლოგებისა და ინტენსიური თერაპიის ექიმების კონტროლის ქვეშ. მსუბუქი სიმპტომების მქონეებს ენიშნებათ სიმპტომური მკურნალობა და იგზავნებიან სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

აქ კრიზისული სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. დიდ კლინიკებში რესურსის 50%-იც არ არის გამოყენებული. მე ვითვალისწინებ, არა მხოლოდ ჩემი და ჩემს ირგვლივ მყოფ კლინიკების მდგომარეობას, არამედ ბადენ-ვიუტენბერგის დიდი საუნივერსიტეტო კლინიკების: ფრაიბურგის, ტიუბინგენის, ულმის კლინიკების სტატისტიკასაც. მაქვს კონტაქტები ბერლინში შარიტეს კლინიკასთან. ჯერჯერობით კლინიკები დატვირთულია და არა - გადატვირთული.

იტალიასა და საფრანგეთში მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ასაკობრივი შეზღუდვებია მკურნალობის თვალსაზრისით. პარადოქსია, ევროპაში, სადაც გუშინ 90 წლის მოხუცსაც კი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სახსრებს უცვლიდნენ, დღეს საწოლსაც ვერ სთავაზობენ და მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობა გერმანიაში არაა, ხვალინდელი დღე რას მოიტანს, არ ვიცი. ვფიქრობ, თუ ასეთი კონტროლირებადი სიტუაცია დარჩება, გერმანია მოახერხებს პიკის მრუდის დაწევას და პანიკის გარეშე რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.

რაც შეეხება წამლებს, დღეს არ არსებობს წამალი, რომელიც უშუალოდ გამიზნულია COVID-19-ის სამკურნალოდ. რამდენიმე წამლის გამოცდა აქაც მიმდინარეობს. ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება უგროვდება. გერმანია არ იყენებს ანტივირუსულ წამლებს. რამდენიმე საუნივერსიტეტო კლინიკაში, კვლევის მიზნით, გამოიყენება ეს სპეციფიური წამლები. გერმანიში ამ წამლებს მასობრივი გამოყენება ექნება, როცა სარწმუნო კვლევების შედეგები გამოცხადდება. მათ საკმაოდ არასასურველი გვერდითი მოქმედებები აქვთ, ამიტომ კლინიკები მათ თვითნებურად არ იყენებენ. თუ ლეტალობა გაიზრდება და ძალიან გაგვიჭირდება, ჩემი კლინიკა, როგორც ტუიბინგენის სასწავლო-სამეცნიერო წარმომადგენლობა შტუტგარტში, ჩაერთვება ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევებში და მათი რეკომენდაციით გარკვეულ ჯგუფებში გამოიყენებს ახლა მედიკამენტებს, - ასეთია ჩემი შეფის პოზიცია ამ საკითხზე.

რაც შეეხება ტესტებს, უამრავი კითხვაა ამ საკითხთან დაკავშირებით. კრიტიკაც მოჰყვა ჩემს სატელევიზიო ჩართვებს გერმანიაში მცხოვრები ზოგიერთი ქართველისგან. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ, რომ გერმანიაში საჭიროების (და არა სურვილის) შემთხვევაში ყველა ადამიანს უტარდება ტესტი. ტესტის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. თითოეულ ქალაქში რამდენიმე კლინიკა და ცენტრია, სადაც პაციენტთა ტესტირება ხდება საჭიროების მიხედვით. ტესტირება გერმანიაში ტარდება მაღალსენსიტიური და უფრო ზუსტი - PCR მეთოდით. მასობრივი ტესტირება სწრაფ ტესტს არ გულისხმობს. 1-ლი აპრილიდან მისაწვდომია ფირმა "ბოშის" წარმოებული ტესტი, რომელიც შედარებთ უფრო სწრაფია (2,5 სთ. სჭირდება), მაგრამ ესეც ემყარება PCR მეთოდს. არსებობს უფრო სწრაფი ტესტებიც - 45 წუთიანი, ასევე, სხვა, ანტიგენზე ან ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რომელთა გამოყენებას თავისი მიზანი და საჭიროება აქვს.

- მიუხედავად დაინფიცირებულთა ასეთი დიდი მაჩვენებლისა, როგორ ახერხებს გერმანია სიკვდილიანობის შედარებით მცირე რაოდენობის შენარჩუნებას?

- გერმანიაში დაბალი ლეტალობის მიზეზი ჯერჯერობით ასე იხსნება: გერმანიაში ჯერ ინფექციის პიკი არ არის. მას ელოდებიან აპრილში; საკმაოდ ადრე დაწყებული ტესტირება სტატისტიკას მნიშვნელოვნად ცვლის. აქ მოცემულია თანაფარდობა გარდაცვლილ ადამიანებსა და დაინფიცირებულ, ადრეულად გამოვლენილთა შორის. იტალიაში სტატისტიკა არის გარდაცვლილების თანაფარდობა, იმ მძიმე კატეგორიასთან, ვინც კლინიკებში მოხვდა; გერმანიაში ინფიცირებულების 80% 60 წელს ქვემოთაა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით იტალიასა და ესპანეთზე. იქ დიდი პროცენტი ხანდაზმულებზე მოდის; მნიშვნელოვანია გერმანიის დიდი რესურსი და დრო, რომელიც მან ადეკვატურად გამოიყენა. რამდენად მზადყოფნაშია გერმანია, ეს ბოლოს გამოჩნდება. გამარჯვებად ითვლება დაბალი ლეტალობა და მორჩენილი რესურსები.

- როგორც ექიმი, უცხოეთში COVID-19- თან მებრძოლი და როგორც ქართველი, საზღვარგარეთ მცხოვრები, რომელიც უეჭველად ადევნებთ თვალს საქართველოს ბრძოლას ინფექციასთან, მის ტაქტიკას, რომელიც ფაქტია - ამართლებს, რას ფიქრობთ, რით აღწევს ამ მაჩვენებელს საქართველო?

- საქართველოში შეკავების და გავრცელების ფაზა საკმაოდ წარმატებული იყო. მე ნაკლებად მჯერა, რომ ეს ვირუსი იტალიელს უფრო ერჩის, ვიდრე ქართველს. ვირუსის სტრუქტურა ნამდვილად შეიცვლება - ეს კანონზომიერია. ვირუსსაც არ აწყობს ადამიანის განადგურება, ის ორგანიზმის გარეშე ვერ იარსებებს, ამიტომ მისი სტრუქტურის ცვლილება და მორგება ჩვენს ორგანიზმთან გარდაუვალია, მაგრამ მისი ევოლუციის რა ეტაპია საქართველოში, ამის თქმა მე არ შემიძლია. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც ინფექციის პიკი ჯერ არ არის. სამწუხაროდ, ლეტალობას ვერ აიცილებს ვერც ერთი ქვეყანა, მიუხედავად მათი ომისთვის მზაობისა. გამოჯანმრთელებული ბევრი გვეყოლება. დაავადება 80%-ს მსუბუქად, 15%-ს მძიმედ და 5%-ს ძალიან მძიმე ფორმით ხასიათდება. ქვეყნებს, სადაც სიტუაცია უკეთესია, გაგვიმართლა, რომ ტალღის პიკი უცებ არ დადგა და მომზადებისთვის დრო მოგვეცა. დაბალმა ლეტალობამ არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. უარესისთვის ვემზადოთ და შედეგი უკეთესი გვექნება. მადლობას ვუხდი ქართველ მედპერსონალს და საზოგადოების იმ შეგნებულ ნაწილს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ გამოწვევას.

- და ბოლოს, როგორ შეცვალა COVID-19-მა პირადად თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება და COVID-19-ის ეპიდემიამ როგორ შეგცვალათ თქვენ - ექიმი-ანესთეზიოლოგი? - ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფთან ყოფნა ბევრ ემოციას უკავშირდება. აქაა პროფესიული ვალდებულება და, სხვათა შორის, პროფესიული ჟინი, დაამარცხო და გაიმარჯვო, ადამიანური შიშიც და სიფრთხილეც. ეს ბრძოლაა და მე რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში ვარ. თავიდან ძნელი იყო... იყო გაუბედაობა, შიშიც, ემოცია... ახლა თითქმის შევეგუე. მიძნელდება ორჯერ მეტად, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში არ ვარ. საქართველოში არის ჩემი ოჯახი და ჩემთვის ძვირფასი უამრავი ადამიანი. ჩვენ შორის 2 საათია განსხვავება და ვიდრე კლინიკაში წავალ, საქართველოს შესახებ ინფორმაციას ვუსმენ. მერწმუნეთ, საქართველოს თითოეული მოქალაქის გამოჯანმრთელებით მიღებული სიხარული მთელ დღეს მიმყვება.

ვუსურვებ ჯანმრთელობას საქართველოს, გერმანიას და მთელ მსოფლიოს.

იხილეთ ასევე: "საქართველოში ვირუსის მასობრივად გავრცელება შესაძლოა არც მოხდეს" - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი?

(სპეციალურად საიტისთვის)