ახდენილი ოცნებები - კვირის პალიტრა

ახდენილი ოცნებები

ჩემი ოცნება ყოველთვის სცენას, მუსიკას და სიმღერას უკავშირდებოდა. ყოველთვის, როცა თვალებს ვხუჭავდი, წარმოვიდგენდი, როგორ ვიდექი დიდ სცენაზე, ისეთ დიდზე, რომ რეალობაში ასეთი ჯერ არც მინახავს.

როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, დავიწყე სიმღერაც. ღამე ვდგებოდი და სიმღერებს მთელი ხმით ვასრულებდი, მეზობლებს ვაღვიძებდი. ამოჩემებული მქონდა იმ დროის პოპულარული სიმღერა - სოსო პავლიაშვილის "თენდება", რომელიც სოსომ იურმალის ფესტივალზე შეასრულა, - იხსენებს სოფო ხალვაში.

სამი წლისა მუსიკალურ სასწავლებელთან არსებულ მუსიკალურ სტუდიაში მიმიყვანეს. შესარჩევად დიდი კონკურსი იყო, სამოციდან ექვსი ბავშვი აგვარჩიეს. ჩვენი ხელმძღვანელი იყო ედიკა ქიქავა, რომლის ძალიან მადლობელი ვარ, მის გარეშე  აქამდე ვერ მოვიდოდი. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ აქ მეგობრები შევიძინე - სამი წლიდან ვმეგობრობთ.

დავდიოდი საესტრადო მუსიკის სტუდიაში, "ზღვის შვილები" და ვსწავლობდი ხალხურ ინსტრუმენტებზე - ფანდურზე, ჩანგზე, დიპლიპიტოზე დაკვრას. სასწავლებელში მისვლა ნამდვილი დღესასწაული იყო, იმიტომ, რომ მუსიკა თამაშით გვასწავლეს, ნოტები - კუბებით... დაკვრის გარდა, ცეკვას და ხატვასაც ვსწავლობდით, გამოფენებს ვაწყობდით... ყოველთვის მიკვირდა, რომ სხვებს აძალებდნენ მუსიკაზე სიარულს. ჩვენი მუსლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა მანაგაძე სასწავლებლის ბავშვებს ერთ ამბავს უყვებოდა ხოლმე: ერთხელ, ბათუმში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ყველაფერი დაიკეტა. პატარები ვიყავით, ოთხი-ხუთი წლის. სწავლა, ცხადია, გაცდა, არავის ეგონა, რომ მაინც მივიდოდით. ყველაფერი რომ გაიხსნა და სკოლაში მივიდნენ, კიბეზე ჩვენი პატარა ნაფეხურები დახვდათ, აი, ასე გვიყვარდა მუსიკა.

სასწავლებელში ჩვენი სპეციალობა ფორტეპიანო იყო, მეორე ინსტრუმენტად ჰობოი ავირჩიე. პატარა ორკესტრი გვქონდა - ზოგი ვიოლინოზე უკრავდა, ზოგი ჩელოზე, ზოგი ფლეიტაზე და წელიწადში ორჯერ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტებს ვმართავდით, რომელიც ბოლოს ცეკვით მთავრდებოდა. ჩვენი გამოსვლისას დარბაზი ყოველთვის ხალხით იყო გადაჭედილი.

გულის სიღრმეში სულ მინდოდა, მარტოს მემღერა, თუ სახლში არავინ იყო, ჩავიკეტებოდი და სიმღერას ვიწყებდი.

მუსიკალურ სასწავლებელში ახალი თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან ბავშვობის ასაკში ყველაფერი უკვე გავლილი მქონდა და მთელი ჯგუფი უგამოცდოდ ჩავირიცხეთ. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი - "თეანსი" - თამუნა, ანა, ნინო და სოფო. სიმღერებს ანა ქასრაშვილი გვიწერდა. ანუშკა დღემდე მიწერს სიმღერებს, ორი სიმღერა უკვე დაწყებული გვაქვს. ძალიან გვეხმარებოდა კახა ცისკარიძის  ძმა, ვაჟა, რომელიც სრულიად უანგაროდ ათენებდა ღამეებს, რომ ჩვენ რამე ჩაგვეწერა.

მაშინ ბათუმში მთელი ყურადღება საბავშვო ოპერაზე იყო გადატანილი, ჩვენზე  არავინ ზრუნავდა. ეს იყო 2003 წელს.

თბილისში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ტარდებოდა, რომელზეც დუეტის სახით მე და ნინო ადეიშვილი გამოვედით.

დადგა 2004 წელი.

"იმედმა" პირველი სატელევიზიო მუსიკალური კონკურსი - "ნუცას სკოლა" გამოაცხადა. ჩემმა მეგობარმა, ანა ქასრაშვილმა ჩემი მონაცემები და სიდი, რომელზეც სიმღერა მქონდა ჩაწერილი, კონკურსზე გაგზავნა. როდესაც დამირეკეს, გავოგნდი. კასტინგს, რომელიც თბილისში ტარდებოდა, ცუდი პერიოდი დაემთხვა - ასლან აბაშიძე აჭარას ტოვებდა, ხიდები აფეთქებული იყო და მე და მამაჩემი ფეხით დავადექით გზას. მე ავად ვიყავი - ბატონები მქონდა და მაღალი სიცხე, 41 გრადუსი! დეიდაჩემის სახლში რომ შევედი, გავითიშე და საერთოდ აღარაფერი მახსოვს. ორი კვირა ვიწექი.

მეორე ხუთეულში უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ როდესაც მირეკავდნენ, ისე ცუდად ვიყავი, ვერ ვპასუხობდი. მეოთხე კვირის ხუთეულში ერთი გოგონა იყო - სოფო, გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს და ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი მას. მან გამიცვალა ადგილი და მეოთხე ხუთეულში აღმოვჩნდი. აქაც გამიმართლა. ნახევარფინალში ვერ გადავედი, თუმცა "იმედი" უფლებას იტოვებდა, ფინალში მეხუთე მონაწილე თვითონ დაემატებინა და ეს ადამიანი მე გავხდი. შემდეგ ჟიურის ფავორიტი გავხდი. როგორც მომღერალი, პირველად ჩამოვედი მაშინ თბილისში და ძალიან თბილი გარემო დამხვდა.

დადგა 2005 წელი. "იმედმა" იურმალაში, "ახალ ტალღაზე" ძალიან ბევრი ადამიანის მონაცემები გაგზავნა. პირველად ვერ მოვხვდი მათ რიცხვში, შემდეგ მაია ყიფიანის თხოვნით ისევ გავედი და კასტინგზე ჩემდა გასაოცრად, მე ამირჩიეს. ასე მოვხვდი "ნუცას სკოლიდან" "ახალ ტალღაზე". სცენას შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ასეთს - არა. ასეთი მასშტაბური გამოსვლა პირველი იყო.  ბევრი ბარიერის გადალახვამ მომიწია და ამაში ალექსანდრ რევზინი დამეხმარა, უმისოდ ვერაფერს გავაკეთებდი.  რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ვიმახსოვრებდი. დიდი ტვირთია, როცა საქართველოდან ერთადერთი წარმომადგენელი ხარ, რომელმაც საქართველოს სახელი საქვეყნოდ უნდა გაიტანოს.

პირველად რომ გავდიოდი სცენაზე, ვფიქრობდი, ნეტა შემეძლოს, აქედან გავიქცე-მეთქი. "თბილისოს" - ამ მეორე "ჰიმნის" შესრულებაც რთული და საპასუხისმგებლოა. ამ სიმღერამ ძალიან დიდი წარმატება მომიტანა და ჩემს თილისმად იქცა.

იქიდან დაბრუნებულს აქ სულ სხვა, განსაკუთრებულად თბილი გარემო დამხვდა. მქონდა ბევრი კონცერტი და აღარ მქონდა დრო, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

2007 წელს გავხდი პირველი წარმომადგენელი საქართველოდან, ვინც "ევროვიზიაზე" გავიდა. მომწონს ის, რომ პირველი ვიყავი და  მიხარია, რომ დადებითად მიმიღო მაყურებელმა. ამხელა აუდიტორიის წინაშე არასდროს გამოვსულვარ. კონცერტი მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს ტარდებოდა, დილით, იმ შემთხვევისათვის,  თუ პირდაპირ ეთერში რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, ამ კადრებს გაუშვებდნენ. ბრიფინგებზე   ორმოცდაორი მონაწილე ქვეყნის უამრავი ჟურნალისტი კითხვებს გვისვამდა. ერთი ბრიფინგის დროს, "სუხიშვილების" მოცეკვავეები წინ გადმოხტნენ და ცეკვა დაიწყეს, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

"ევროვიზიაზე" ყველა ქვეყანამ თავისი საღამო მოაწყო. საქართველოდან ქართველი მზარეულები, ანსამბლები - "ქართული ხმები" და "სუხიშვილები" ჩავიყვანეთ. ჩვენი კერძებითა და ცეკვა-სიმღერით ყველა გაოცებული დავტოვეთ. ამბობდნენ, ეს არის ყველაზე კარგი "ფართი", რომელზეც ვყოფილვართო. ჩვენი პროდიუსერი "პირველი არხიდან," ნათია უზნაძე შემდეგ წლებშიც ამბობდა, რომ ჩავდივართ, იმ წვეულებას ყველა იხსენებსო.

ჩემი მომავალი მეუღლე იურმალაში გავიცანი - მიშა ძოძუაშვილი ჩვენი მასპინძელი იყო. კონკურსის ციებ-ცხელებაში ჩვენთან ერთად იყო ჩართული. მაშინ არა, მაგრამ როცა საქართველოში დავბრუნდი, გავერკვიეთ ჩვენს გრძნობებში და ერთ თვეში ჯვარი დავიწერეთ. ჩვენი ურთიერთობა სპონტანურად აეწყო. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი კარგი ისე დამატყდა თავს, გააზრებაც ვერ მოვასწარი, მოვიხედე და... უკვე ყველაფერი მქონდა.

ოჯახურ ცხოვრებას თავისი ეტაპები აქვს, შვილსაც ცხრა თვე ელოდები და ყველაფრის გაანალიზებას ასწრებ. ახლა პატარა ქეთო გვყავს. ვცდილობ, ხშირად ვიყო მასთან და თვითონ გავზარდო. მუსიკალურია, ბობ მაკფერენი უყვარს, ამბობს ხოლმე - "ჩამირთეთ ბობი". რაღაცებს მღერის და სასტიკად არ უყვარს მინორული მუსიკა, ემოციურია და მაშინვე ტირილს იწყებს.

კარიერას რაც შეეხება - ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს, უკვე მზად არის სიმღერა ინგლისურ და ქართულ ენებზე, სადაც მე საქსოფონზე ვუკრავ. დაწყებული მაქვს რამდენიმე სიმღერის ჩაწერაც.

როგორ უნდა მიაღწო სასურველ მიზანს?! - მთავარია, დასახო ეს მიზანი, გქონდეს დიდი სურვილი, შენში იპოვო ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, რისკენ ისწრაფვი და აუცილებლად ყველაფერს მიაღწევ.

თათა თოდუა

ჟურნალი "ბომონდი"#1