"ახლა ვარ თვითიზოლაციაში, საფრთხეს ხომ არ შევუქმნი მრევლს და ოჯახს" - რას ამბობს იმ ტაძრის წინამძღვარი, რომლის სტიქაროსანიც კორონავირუსით დაინფიცირდა?
"ახლა ვარ თვითიზოლაციაში, საფრთხეს ხომ არ შევუქმნი მრევლს და ოჯახს" - რას ამბობს იმ ტაძრის წინამძღვარი, რომლის სტიქაროსანიც კორონავირუსით დაინფიცირდა?
თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს, სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტაძარში აცხადებენ, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ეკლესია არ არის და ბიჭს, სავარაუდოდ, ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო. ამ ეტაპისთვის მთელი ოჯახი კლინიკაშია გადაყვანილი.

ტაძარში მომხდარის შესახებ, კვირას, 5 აპრილს, წირვის დროს შეიტყვეს. იმ დილით თურმე სტიქაროსანი ტაძარში დილით ჩვეულებრივ მოვიდა, სტიქარი გადაიცვა და წირვის რიტუალში უნდა მიეღო მონაწილეობა, როცა მას დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიჭმა ეს ამბავი იქვე აცნობა
თავის მოძღვარს, ტაძრის წინამძღვარს, მამა სერაფიმეს და წავიდა ტაძრიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ მასაც აქვს კორონავირუსი. ჩვენ მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ მამა სერაფიმეს:

- ტაძარში დეზინფექცია სისტემატურად ტარდება. დისტანცია დაცულია, ყველა ზომებს ვატარებთ, იმისთვის რომ მრევლი იყოს დაცული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს სტიქაროსანს ვირუსი ეკლესიიდან არ
გადასდებია. დაახლოებით 2 კვირით ადრე მითხრა, რომ ბაბუა ავად ჰყავდა. მითხრა ასევე, სახლში ექიმები მოვიდნენ და გასინჯესო. მერე დედამისიც შემხვდა და მანაც იგივე მითხრა, ასაკოვანია და სხვადასხვა დაავადებები აწუხებსო. კიდევ რომ მოვიკითხე, გაცივდა და ფილტვების ანთება დაუდგინდაო. დედამისს ვკითხე კიდეც, ხომ არ აგიკრძალეს გარეთ გასვლა, ხალხთან კომუნიკაცია, კორონავირუსზე ხომ არ აქვთ ეჭვი-მეთქი, - არაო. ეს ინფორმაცია მქონდა იმ ოჯახიდან, თორემ ჩემს მრევლს საფრთხეს ხომ არ შევუქმნიდი. ამის გამო მივიღეთ, როგორც ერთი რიგითი ავადმყოფობის ფაქტი. მგონი შაბათი თუ პარასკევი იყო, რომ მითხრა, ბაბუა გადაიყვანეს საავადმყოფოში, ცუდად არისო. მეორე დღეს კიდევ მითხრა, მგონი, ბაბუას კორონავირუსი დაუდგინდაო, იმ წუთას დავითხოვე... მაქსიმალურად ვუფრთხილდებით და ვიცავთ წესებს. დღეში რამდენჯერმე ხდება დამუშავება ტაძრის, ხატების წმენდა.

- მამაო, ხომ არ დაგიკავშირდნენ ეპიდემიოლოგები მას შემდეგ, რაც თქვენს სტიქაროსანს აღმოაჩნდა კორონავირუსი, თქვენ და მრევლი ხომ არ ხართ საფრთხის ქვეშ ?
- როგორც ეს ფაქტი დადასტურდა, დეზინფექცია ჩავიტარე. წირვა ტაძარში სხვა სასულიერო პირმა ჩაატარა. მე მანქანაში ვიჯექი და ველოდებოდი წირვის დასრულებას. წირვის დასრულების შემდეგ, დავიცავი დიდი დისტანცია და მივმართე მრევლს, ვალდებულად ჩავთვალე ღვთის წინაშე თავი და მივაწოდე ინფორმაცია. დამალული ურთიერთობა არ შეიძლება, სიმართლე უნდა იცოდეს ხალხმა. ახლა ვარ თვითიზოლაციაში, სახლში ცალკე ოთახში ვარ გამოკეტილი. საფრთხეს ხომ არ შევუქმნი მრევლს და ოჯახს... არ მინდა დავიჯერო, რომ მე ეს ინფორმაცია დამიმალეს. როგორც ვიცი, მათი კორპუსიდან რამდენიმე ადამიანია გადაყვანილი გამოსაკვლევად. ნუ დამალავთ ავადმყოფობას, ხალხო, არის საშუალება განიკურნოთ, თუ დროულად მიაკითხავთ ექიმს. არასოდეს შეუქმნათ თქვენს გვერდზე მყოფ ადამიანებს პრობლემა. ღვთის, ერის და საზოგადოების წინაშე მართალი უნდა ვიყოთ. ყველას ვთხოვ, მივმართავ: კარგო ადამიანებო, თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ნუ გამოხვალთ სახლიდან, ასაკოვნებო, ნუ მოხვალთ ტაძრებში, ჩვენ მოვალთ თქვენთან. ვინც მოდიხართ, დისტანცია დაიცავით. გაუფრთხილდით ადამიანებს, საზოგადოებას.


რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები