თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსი 14 წლის ბავშვს დაუდგინდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

ამასთან, ბექაიას განმარტებით, კვლევა მათ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ, თუმცა პასუხი უარყოფითია.

"ჩვენს კლინიკაში 40 პაციენტია. გუშინ 25 კვლევა ჩატარდა და ერთი დადებითი პასუხია მიღებული, 24 უარყოფითი. დაწყებულია პაციენტების პროფილურ კლინიკებში გადაყვანა. ეს პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა, დანარჩენი პროფილური კლინიკების მიხედვით გადანაწილდებიან.

კვლევა ჩვენს თანამშრომლებზეც ჩატარდა, რომლებიც, მოგეხსენებათ 14- დღიანი გრაფიკით მუშაობენ. მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. ეს ინფიცირებული ადამიანი ოჯახს უკავშირდება. მისი ოჯახის ორი წევრი გუშინ უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადებითი პასუხით გადაიყვანეს. ინფიცირებული 14 წლის ბავშვია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, თუმცა პნევმონია ვერიფიცირებული არ არის", - განაცხადა ბექაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. მათ შორის 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"