ბათუმში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა 60 წლის ქალს უკავშირდება, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია - კვირის პალიტრა

ბათუმში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა 60 წლის ქალს უკავშირდება, რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია

ბათუმში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა 60 წლის ქალს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და რომლის დაინფიცირების წყარო უცნობია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 60 წლის ქალის ახლობლებს ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ და 16 პირიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ახალ ინფიცირებულთა შორის არიან 60 წლის ქალის შვილი და მამა. მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ 60 წლის ქალის მამა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია და მიმდინარეობს მოკვლევა.

"კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა", - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, 60 წლის ქალის დაინფიცირების წყარო არ არის ცნობილი.

"მამა ქობულეთში ცხოვრობს, ინფიცირებულთაგან სამი პირია, რომელიც ქობულეთში მამის სამეზობლოდან არიან. 60 წლის ქალიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში 37 პირია გამოკვეთილი. აქედან 17 მედპერსონალია, ხოლო 20 ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. კონტაქტების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, ასევე მედიკოსთა რაოდენობაც ზუსტდება, ვისაც ხუთ ახალ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. კლასტერთან დაკავშირებით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ ანალიზი სახლებში აუღეს.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილი. აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"