"თუ წარმოადგენთ ერთ მგზავრს, რომელიც დაბრუნდა სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მზად ვარ პასუხი ვაგო" - კვირის პალიტრა

"თუ წარმოადგენთ ერთ მგზავრს, რომელიც დაბრუნდა სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, მზად ვარ პასუხი ვაგო"

თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ან ერთ მგზავრს, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უწევს თუ არა სახელმწიფო კონტროლს ავიაბილეთების დაწესებულ ფასად გაყიდვას.

მისი თქმით, მას მხედველობაში არ აქვს ის ბილეთები, რომლებიც ადრე არის გაყიდული განსხვავებულ ფასად, იმ კომერციულ რეისებთან ბმაში, რომელიც "აირზენას" ჰქონდა გამოცხადებული, სანამ დაიწყებოდა სპეცსრეისები.

"ახლა ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მავნებლობა და სიცრუის ტირაჟირება უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბილეთების ე.წ შავ ბაზარზე გადაყიდვა ხდება. მინისტრის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბილეთს აწერია მგზავრის სახელი და გვარი, შეუძლებელია მისი ერთიდან მეორე პირზე გადაყიდვა.

"კიდევ ერთ ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი გვარი და ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან და დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.