"მობილიზებულია 3 500 საწოლი და ერთი თვის განმავლობაში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ" - კვირის პალიტრა

"მობილიზებულია 3 500 საწოლი და ერთი თვის განმავლობაში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად.

"კლინიკების მზაობა ასევე ყოველდღიურად მოწმდება, რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტალებში და ყველა ექიმი, როგორც ექთანი, იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი. ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროვებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ექიმების რესურსში დეფიციტი არ არის და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება.

"ჩემთვის, ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ არის ცნობილი, ვინც უსამსახუროდ არიან დარჩენილები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სტატისტიკასთან მიმართებით გვაქვს. მოგახსენებთ, რომ COVID 19-ის დადასტურებული ინფექცია 208 ადამიანს აქვს, აქედან 48 გამოჯანმრთელებულია. ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია დამდვილად არ იგეგმება. თუმცა, იმ პროფესიებთან მიმართებით, როგორებიც არიან რენიმატოლოგები, ინფექციონისტები, მათი მობილიზაცია უკვე არის. ასევე, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული საკარანტინო ზონებში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური იყოს",-განაცხადა ტიკარაძემ.

მანვე ისაუბრა საქართველოში არსებული ტესტების შესახებაც:

"აქ წარმოდგენილი მაქვს ჩვენი შესყიდვების მიერ განხორციელებული ხელშეკრულების საფუძველზე ტესტების ზუსტი რაოდენობა. ამ ეტაპისთვის საქართველოში გვაქვს 2 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, დამატებით კიდევ შემოსულია 10 000 ტესტი, ხოლო გზაში არის 18 000 ტესტი. შეკვეთის საერთო რაოდენობა არის 84 ათასი ტესტი. გარდა ამისა, ადგილზე უკვე არის 4 000 ანტისხეულების ტესტი, გზაში არის 20 000 ტესტი. გაფორმებული ხელშეკრულებით, მათი საერთო რაოდენობა არის 24 ათასი. რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი. რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში," - განაცხადა ტიკარაძემ.