"პირველად რომ შემიყვარდა, ოჯახი შევქმენი და მას შემდეგ შეყვარებული ვარ" - კვირის პალიტრა

"პირველად რომ შემიყვარდა, ოჯახი შევქმენი და მას შემდეგ შეყვარებული ვარ"

"ამ წუთში ძალიან მინდა, უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობდეთ, არ არსებობდეს ვირუსი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვაღელვებს", - ამბობს თაკო ტაბატაძე. რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რის გამოსწორებას ისურვებდა, რას არ გააკეთებს არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ და რის გამო იღებს საყვედურებს მომღერალ გია ბაღაშვილის მეუღლე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1991 წლის 4 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი... - ...მსახიობი. სკოლის კონცერტებსა და სპექტაკლებში ხშირად ვმონაწილეობდი. ბავშვობაში, ყოველ ახალ წელს ჩვენი დიდი ოჯახი, ბებიასა და ბაბუასთან ერთად ვხვდებოდით. სანათესავოში ყველაზე პატარა ვიყავი, მანებივრებდნენ. ტრადიცია გვქონდა, ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, წარმოდგენა უნდა გამემართა. შეიძლება ითქვას, ერთი მსახიობის თეატრი მქონდა (იცინის).

- ჩემზე ამბობენ... - ...რომ ვწითლდები, როცა მრცხვენია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...სამსახიობო ოსტატობას მეტ დროს დავუთმობდი, რაც ასე ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს.

- ჩემი პირველი წარმატება იყო... - ...კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარება, ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში საეტაპო მნიშვნელობის იყო, პატარ-პატარა წარმატებები მანამდეც მქონდა, სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა პროექტში ხშირად ვიმარჯვებდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით... - ...ჩემს მშობლებს. შვილები უდიდესი სიყვარულით გაგვზარდეს და მთელი რესურსი ჩვენს აღზრდასა და განვითარებაში ჩადეს.

- ბედნიერი ვარ, რომ... - ...მყავს ოჯახი, საოცარი შვილები და ერთგული მეგობრები.

- პატიება შემიძლია, თუ... - ...ადამიანი აცნობიერებს თავის დანაშაულს და ჩადენილ საქციელს გულწრფელად ნანობს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ... - ...მაბედნიერებს ჩემი შვილების წარმოდგენა. მაინტერესებს, როგორები იქნებიან და რა საქმიანობით დაკავდებიან.

- სიყვარული ეს... - მამოძრავებელი ძალაა, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებთ. საოცარ მწერალს, ოტია იოსელიანს რომ დავესესხოთ, სიყვარული დიდი ტვირთიცაა, რომელსაც სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს.

- პირველად რომ შემიყვარდა...… - ...ოჯახი შევქმენი და მას შემდეგ შეყვარებული ვარ.

- მიკვირს... - ...როცა ამბობენ, სიყვარულს დრო აფერმკრთალებსო. სიყვარული წლებთან ერთად იზრდება, შესაძლოა, ტრანსფორმაცია განიცადოს, მაგრამ არსად ქრება.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები არიან. ვუფრთხილდები გარემოს, რომლის მიმართ პასუხისმგებლობას მშობლები ბავშვობიდანვე მინერგავდნენ. იმ პერიოდში, როცა ქალაქში ნაგვის ურნები არ არსებობდა, კანფეტის ქაღალდები მთელი დღე ჯიბით დამქონდა, სანამ სახლამდე მივიდოდი.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ვაგვიანებ, რაც არაოფიციალურ შეხვედრებზე სამწუხაროდ, ხშირად ხდება.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, როცა ადამიანი არჩევანს ზეგავლენის გარეშე აკეთებს. (იხილეთ სრულად)