"დაინფიცირებულის დედასაც სიცხე აქვს, ტემპერატურა აღმოაჩნდა სოფლის კიდევ რამდენიმე მცხოვრებს" - რა ხდება ლენტეხში? - კვირის პალიტრა

"დაინფიცირებულის დედასაც სიცხე აქვს, ტემპერატურა აღმოაჩნდა სოფლის კიდევ რამდენიმე მცხოვრებს" - რა ხდება ლენტეხში?

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მართალია არა ნახტომისებურად, მაგრამ მაინც ყოველდღიურად იზრდება, თან დაინფიცირების ტერიტორიული არეალიც ფართოვდება - ემატება სხვადასხვა ქალაქები და სოფლები. ამჯერად ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 52 წლის მამაკაცს დაუდგინდა კორონავირუსული ინფექცია. იგი ლენტეხიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ცნობილია მისი დაინფიცირების წყარო. ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, მამაკაცს კორონავირუსი, დიდი ალბათობით, დისგან გადაედო. მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რაოდენობა საკმაოდ დიდია. ბადრი ლიპარტელიანი "მამაკაცი ლენტეხის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. ჩაუტარდა ანალიზები და მოვიდა დადებითი პასუხი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რაც საკმაოდ ბევრია - ამ ეტაპზე 50-ზე მეტი. ცნობილია დაინფიცირების წყაროც, მამაკაცს ინფექცია მისი დისგან გადაედო, რომელიც თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობს. "ცხელების ცენტრში" ასევე გადაყვანილი არიან დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აქვს", - ამბობს ლენტეხის მერი.

მომხდარის გამო ლენტეხის მოსახლეობა შეშფოთებულია.

"ეს მამაკაცი თბილისიდან დაახლოებით 2 კვირის ჩამოსულია. როგორც ვიცით, მის სიძეს, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობს და ასევე დასაც დაუდასტურდათ მანამდე კორონავირუსი. სოფელში 2 კვირის წინ ჩამოვიდა და ჩამოსვლიდან მე-13 დღეს გაურთულდა მდგომარეობა. სამწუხაროდ, ბევრ ადგილობრივთან ჰქონდა შეხება. ახლა სპეციალისტები ამ ხალხს იკვლევენ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიღაცის გასვენებაში იყო. გოგონა, რომელიც ორი დღის წინ დაკრძალეს, სულ სხვა სოფელში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ეს ადამიანი იქ არ ყოფილა. ადამიანს როცა სიმპტომები არ გაქვს, გგონია ჯანმრთელი ხარ და გაქვს ადამიანებთან ურთიერთობაც. ხალხი აქამდეც პირბადეებით დავდიოდით, მე პირადად მაღაზია მაქვს და ხშირად დეზინფექციასაც ვატარებ. ბოლო დღეებში ეს ბიჭი არ მინახავს. როგორც ამბობენ, ჯერჯერობით მის ბავშვს და ცოლს არ აღმოაჩნდათ, თუმცა დედა ავად არის", - ამბობს დაინფიცირებული მამაკაცის თანასოფლელი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, სოფელში უკვე რამდენიმე ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე: "საკამოდ ბევრ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა და, სავარაუდოდ, ბევრი დაინფიცირდება. სიძისგან გადაედო…. აქ არავინ რომ არ იყო ინფიცირებული, ამიტომ თავისუფლება იყო, ამბობდნენ ჩვენთან არ არისო და არ იცავდნენ რეკომენდაციებს. ამ ფაქტმაც დაგვანახა, რომ უნდა ჩავიკეტოთ სახლებში. უნდა შეიგნოს ხალხმა, დარჩით სახლში არ არის უბრალო მოწოდება, ეს აუცილებლობაა, რადგან დაზღვეული არავინ ვართ. სხვას უნდა გაუფრთხილდე ყველაზე მეტად, გაცილებით სანერვიულოა, როდესაც სხვას შენგან გადაედება ვირუსი... ეს ბიჭი კარგი ბიზნესმენი და კარგი ადამიანია... რომ სცოდნოდა, რაც სჭირდა, გაუფრთხილდებოდა ყველას. სოფელში რამდენიმე ადამიანს მისცა უკვე სიცხე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. ამბობენ, რომ მთლიანად ლენტეხი ჩაიკეტებაო. ახლა უკვე დაპანკებულია ხალხი. მაღაზიებიც დაკეტეს. ღმერთმა ქნას მალე გამოჯანმრთელდეს, ორივე ფილტვზე პნევმონია აქვს. ახლა უკვე ძალიან შეშინდა ხალხი..."

ვითარებიდან გამომდინარე ცაგერში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეოს რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. ჯაფარიძის თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.

"სამწუხაროდ, გუშინ ლენტეხის "ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი. მომენტალურად დაავადებათა კონტროლის სამსახური ჩაერთო კონტაქტების დადგენაში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სავარაუდოდ 2 დღეში კორონავირუსით ინფიცრებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.

"დაავადებულთან კავშირები ფიქსირდება ლენტეხშიც და ცაგერშიც. ბლოკპოსტები განთავსდება ისე, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მოიცვას და გადაადგილების თერმოსკრინინგის საშუალებით მინიმუმამდე დავიყვანთ გავრცელების რისკსს. სავარაუდოდ ,2 დღეში ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება და ყველა მათგანს ჩაუტარდება შესაბამისი ტესტირება. ყველა კონტაქტი პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ჯანდაცვის სამინისტორს შესაბამის წარმომადგენლებს“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

(სპეციალურად საიტისთვის)