ლენტეხისა და ცაგერის რაიონში დილიდან 3 ბლოკ-პოსტი ამოქმედდება - კვირის პალიტრა

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში დილიდან 3 ბლოკ-პოსტი ამოქმედდება

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ბლოკ-პოსტები ცაგერის შესასვლელთან, ე.წ. გელავერის უღელტეხილზე, ასევე მურის ციხესთან და სოფელ ალპანაში განთავსდება და დილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

"ბლოკ-პოსტებისთვის სამი ადგილი შეირჩა, ეს არის ცაგერის შემოსასვლელი, ე.წ. გელავერის უღელტეხილი, მეორე ლოკაცია იქნება მურის ციხეებთან, ლენტეხში მიმავალი გზა გაკონტროლდება და ასევე, სოფელ ალპანაში, ცაგერის რაიონში.

დილიდან დაიწყება ბლოკ-პოსტების ფუნქციონირება", - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია უკვე ინფიცირებულთა „პირველადი კონტაქტებიც“, თუმცა, მთლიანობაში რამდენი კონტაქტია გამოვლენილი, ამ ეტაპზე არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ სრული ინფორმაცია არ აქვს.

"დაფიქსირებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ჯანდაცვის შესაბამისი წარმომადგენლობა, ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. მაქსიმალურად დროულად მოხდა კონტაქტების გამოვლენა. პირველადი კონტაქტები ძირითადად, გამოვლენილია. გრძელდება მუშაობა და ხვალ დღის ბოლომდე სრულად იქნება გამოვლენილი", - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"