"ბნელოდა, არაფერი ჩანდა, გავცურე იქითკენ, საიდანაც ხმა მომესმა. შუა მდინარეში ვიპოვე ახალგაზრდა ქალი" - ექიმი, რომლის თავგანწირვამაც სიცოცხლე იხსნა
"ბნელოდა, არაფერი ჩანდა, გავცურე იქითკენ, საიდანაც ხმა მომესმა. შუა მდინარეში ვიპოვე ახალგაზრდა ქალი" - ექიმი, რომლის თავგანწირვამაც სიცოცხლე იხსნა
მსოფლიოში კორონავიურუსული ინფექციის პანდემიის ფონზე, ექიმების თავგანწირვაზე, მათ გაწეულ შრომაზე, გათენებულ ღამეებზე ბევრს ლაპარაკობენ და ხშირადაც უკრავენ ტაშს. ამ დღეებში "ფეისბუკში" სენაკელი სასწრაფოს ექიმის, ირაკლი ცხვიტავას ჩადენილ გმირობაზე ალაპარაკდნენ. მისმა კოლეგებმა გაახმაურეს მომხდარი და ამ პოზიტიურმა ამბავმა ყველა გაახარა. სრულიად უცხო ადამიანებიც კი, რომლებიც პირადად მას არ იცნობენ, მადლობას უხდიან ახალგაზრდა ექიმს, რომელიც დაუფიქრებლად მდინარე ტეხურაში შუა ღამით შევარდა და ასე იხსნა ახალგაზრდა ქალი სიკვდილისგან.

იმ დღეს ჩვეულებრივ, თავის სამსახურებრივ
მოვალეობას ასრულებდა. სასწრაფოში მორიგე იყო. 112-ში ზარი გაისმა, მდინარე ტეხურაში ქალი წყალში იხრჩობაო. ინფორმაცია სასწრაფოს ბრიგადებს გადაეცათ, მითითებულ ადგილთან ახლოს იმ დროს აღმოჩნდა სასწრაფოს ის მანქანა, სადაც ექიმი ირაკლი ცხვიტავა იჯდა. ისინი გამოძახებიდან ბრუნდებოდნენ და მაშინვე მითითებული ადგილისკენ გაეშურნენ, მიზანი ერთი იყო, როგორმე გადაერჩინათ სიცოცხლე.

"ამ მძიმე დღეებში ქართველი ექიმების გმირობა არავის უკვირს უკვე, მაგრამ უჩვეულო შემთხვევებთანაც გვაქვს საქმე. 5 აპრილს 23.00-ზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სენაკის ბრიგადას შემთხვევის ადგილზე დახვდა საოცარი სურათი: უკუნეთ ღამეში ახალგაზრდა ქალი ადიდებულ მდინარეში იხრჩობოდა და განწირული ხმით შველას ითხოვდა... .ექიმი ირაკლი ცხვიტავა ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, ბრიგადის წევრებმა ცირა კორშიამ და ზურაბ გვალიამ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ ირაკლი უკვე ღრმა წყალში იყო...მოსალოდნელი იყო მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, მაგრამ არ შეშინდა და კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინა. მადლობა ირაკლის ასეთი შეუპოვრობისთვის, თავგანწირვისთვის! გვეიმედება ხვალინდელი დღე, რადგანაც ასეთი უშიშარი და გმირი ექიმებიც გვყავს ქართველებს! მინდა, მას ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო თავის მძიმე, მაგრამ საინტერესო პროფესიულ საქმიანობაში!", - წერს "ფეისბუკში" ნანა ჯიქია.

რა ეპითეტს აღარ მოისმენთ სენაკელი ექიმ-კარდიოლოგის, ირაკლი ცხვიტავას დახასიათებისას.

სოციალურ ქსელში კიდევ ბევრი მადლიერებით სავსე სტატუსი შემხვდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ექიმ ირაკლი ცხვიტავას სენაკში დავკავშირებოდი. როცა ინტერვიუ ვთხოვე, იუხერხულა, აქ სალაპარაკო რა არის, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ჩემს ადგილას ნებისმიერი ადამიანი ასე მოიქცეოდაო. დიდი თხოვნის შემდეგ ჩემს რამდენიმე კითხვას უპასუხა. 38 წლის ირაკლი ექიმი დასაქორწინებელია, როგორც აღმოჩნდა, ის "ფეისბუკშიც" კი არ არის დარეგისტრირებული, ამიტომაც ხალხის გამოხამურება მას არც წაუკითხავს.

ირაკლი ცხვიტავა:
- სენაკელი ვარ, ექიმობაზე სულ ვოცნებობდი, ღმერთმა ასე ინება და ავიხდინე ოცნება. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ ვსწავლობდი უკრაინაში, იქ დავამთავრე ორდინატურა. ექიმ-კარდიოლოგად წლებია ვმუშაობ სენაკის პოლიკლინიკაში, პარალელურად ვარ სასწრაფოს ექიმი.

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ დატვირთულ რეჟიმში გიწევთ მუშაობა...
- ბოლო დროს ძალიან დატვირთულია, რადგან კორონავირუსის გავრცელების გამო უფრო მეტად იჩენს ხალხი სიფრთხილეს და ხშირად გვიძახებენ... ხალხი ცოტა შეშინებულია, თუმცა, ამავდროულად, ოპტიმისტურად განწყობილი. საბედნიეროდ, ამ დრომდე სენაკში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. იმედია, ისე ჩაივლის ეს ყველაფერი, დაავადებული არ გვეყოლება. მართლა ყველაფერი კეთდება ქვეყანაში და ეს ძალიან მისასალმებელია. სათანადოდ ეკიპირებულები და აღჭურვილები გავდივართ ყველა გამოძახებაზე. პროტიკოლით განსაზღვრულ ყველა წესს ვიცავთ. ჯანდაცვამ და მთავრობამ მართლა შესანიშნავად იმუშავა, ამას ყველა ხედავს და ეს მისასალმებელია.

- 5 აპრილს მომხდარი ამბავი სოციალური ქსელით შევიტყვე, იქნებ თქვენ გვიამბოთ დეტალები.
- გასაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მართლა ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას. შემოვიდა შეტყობინება, რომ მდინარეში ადამიანი იხრჩობაო, ჩვენი ეკიპაჟი უფრო ახლოს ვიყავით იმ ადგილთან და უცებ მოვხვდით იქ. ტეხურის ხიდთან ხდებოდა ეს ამბავი. ცუდი გზა იყო მდინარესთან შესასვლელი, არაფერი ჩანდა, ღამე იყო 11-დან 12 საათამდე შუალედი. ვეძახდით, იქნებ ხმა მიგვეწვდინა მისთვის. უცებ ქალის ხმა მოგვესმა, შველას არ ითხოვდა, უბრალოდ ხმა გავიგეთ, მაგრამ მალევე ეს ხმა დაიკარგა. დრო არ ითმენდა, ვიფიქრე ალბათ დაიხრჩო-მეთქი. არც დავფიქრებულვარ ისე შევვარდი წყალში, ორიენტაციით ვეძებდი იმ ადგილს, საიდანაც ხმა მომესმა. ბნელოდა, არაფერი ჩანდა, გავცურე და შუა მდინარეში ვიპოვე ახალგაზრდა ქალი, გამოვიყვანე როგორც იქნა ნაპირზე. ამასობაში პოლიცია და მაშველებიც, ყველანი ოპერატიულად მოვიდნენ. უბრალოდ, ჩვენ გავიმართლა, რომ უფრო ახლოს ვიყავით იმ ადგილთან, თორემ სხვაც რომ მოსულიყო უფრო ადრე, ისიც ასე მოიქცეოდა. საბედნიეროდ გადავარჩინეთ.

- ეს თვითმკველობის მცდელობა იყო?
- ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და გაირკვევა მიზეზი ცხადია, რაღაც ხდებოდა, თორემ შუა ღამით წყალში ხომ არ შევიდოდა ადამიანი. ახალგაზრდა ქალბატონი ცოტა გადაციებული იყო, მაშველების და პოლიციის დახმარებით გადავიყვანეთ საავადმყოფოში და დავაწვინეთ კლინიკაში.

- არაფერი გიკითხავთ მისთვის?
- რომ ვეკითხებოდით. პასუხსაც არ გვცემდა, თუმცა გონება დაკარგული არ ჰქონდა.

- ცივ წყალში, სიბნელეში მისი მოძებნა არ გაგიჭირდათ? თან როგორც ვიცი, იმ ადგილას საკმაოდ ღრმა არის მდინარე ტეხურა...
-კი, ცივა ახლა, მაგრამ როცა წყალში შევდიოდი სიცივე არც მიგრძვნია. არ მიფიქრია, რა გაყინულია წყალი-მეთქი. გავცურე, საბედნიეროდ მივაგენი და გამოვიყვანე ნაპირზე. ღრმა არის იქ წყალი და წუთები მართლა ყველაფერს წყვეტდა. რომ მივედით მაშინვე შევედი, ავტომატურად მივიღე გადაწყვეტილება. ცურვა ვიცი, რა თქმა უნდა და ეს გამომადგა. როცა ნაპირზე გამოვედი, მაშინ უკვე გვარიანად შემცივდა...

- თქვენი ბრიგადის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- ჩემთან ერთად ექთანი და მძღოლი იყო. მათ ვუთხარი, რომ დროს ვერ დავკარგავდი და შევცურე პირდაპირ. ახალგაზრდა ქალი გადავარჩინეთ, ეს არის სასიხარულო. თუმცა ჩემი ქმედება არ არის განსაკუთრებული, უბრალოდ, მეგობრებმა გაახმაურეს ეს ამბავი, თორემ დარწმუნებული ვარ თითოეული ადამიანი ამას გაკეთებდა იქ რომ მოხვედრილიყო, ადამიანის ბუნება ისეთია განსაცდელში არასდროს დატოვებს მეორე ადამიანს. არ მიყვარს, გაკეთებული საქმის აფიშირება, ეს არ არის საჭირო.

- თქვენი ერთი დღე როგორია?
- დატვირთული რეჟიმი მაქვს, ახლა ჩემს თავზე ვერ ვილაპარაკებ. ვცდილობ, დავეხმარო ადამიანებს და მაქსიმალურად ზედმიწევბით გავაკეთო ის საქმე, რაზეც პასუხისმგებლობა მაქვს აღებული... ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი მადლიერი პაციენტი მყავდეს. დიდი ბედნიერებაა ექიმისთვის, როცა ადამიანს გამოაჯანმრთელებ და სიცოცხლეს შეუნარჩუნებ. საქმე რომ გამოგდის, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და წარმატება.

(სპეციალურად საიტისთვის)

...
12 აპრილი 2020 02:10
გაიხარა შენმა გამზრდელმა

მანანა კოლეგა
11 აპრილი 2020 23:04
საოცარი ვაჟკაცი ყოფილხართ! ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოთ
მანჩო
11 აპრილი 2020 23:03
ირაკლი, ღმერთმა დაგლოცოს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები