ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაემატა - რას ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე? - კვირის პალიტრა

ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაემატა - რას ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა.

როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოძიებულია ე.წ. ქობულეთის კლასტერის 40 ახალი კონტაქტი და კვლევა კვლავ გრძელდება.

"გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან აღებული იქნა 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისად, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

აღნიშნული პირები გადმოჰყავთ ბათუმის კლინიკა "მედალფაში". ამ ეტაპზე აქ გვყავს 14 ძველი დადასტურებული, ორი ახალი შემთხვევა. 4-ის ტრანსპორტირება მიმდინარეობს ამ წუთებში. კლინიკა "მედალფაში" მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, როგორიც იყო. ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და შედარებით მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ერთ პაციენტთან დაკავშირებით ველოდებით განკურნებას და განმეორებით ტესტირების ანალიზს დღის განმავლობაში, რომლის პასუხიც ხვალ დილით იქნება", - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, ქობულეთის კლასტერიდან დაავადებული პირები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისაა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

"ჯამურად ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 108 პირი იყო, დაემატა 40 და ახლა 148 პირია. უკვე საქმე გვაქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელთან და თვითონ ქალაქთანაც. კონტაქტების მოძიება არ დასრულებულა. შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს კონტაქტირებულთა რაოდენობა და კვლევებიც ჩატარდება. ამ ეტაპზე აჭარაში გვაქვს 20 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 16 უკვე კლინიკაში იმყოფება, 4 არის ტრანსპორტირების პროცესში. რაც შეეხება უშუალოს ქობულეთის კლასტერს, აქ 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 6 ძველი და 6 ახალი", - განაცხადა ნიჟარაძემ.

ამასთან, ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ უკვე დადასტურებული შემთხვევებიდან 2 პირი თბილისში გადაიყვანეს.

"გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდან დედა-შვილი, თუმცა, ორივე გადაყვანილ იქნა თბილისის კლინიკაში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, მათივე სურვილით. ისინი არ არიან აჭარის მცხოვრებლები", - განაცხადა ნიჟარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"