"ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი - რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში" - კვირის პალიტრა

"ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი - რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი წყარო ვერ დადგინდა. მისივე თქმით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან არის კავშირში.

"ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია 3 შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა. შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ. შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული ბანკის თანამშრომლები კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში დაინფიცირდნენ.

"ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველას რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება და უნდა იმუშაოს, თანამშრომლები უნდა დაყოს ბრიგადებად. მაგალითად, ეს ხორციელდება ჩვენთან ლუგარის ცენტრში. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს, ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. ეროვნულ ბანკშიც ასე იყო, მათ გაყოფილი ჰქონდათ თავიანთი თანამშრომლების გრაფიკი და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული კოლექტიურ თვითზიოლაციაში, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა. ეს არ მოხდა სამუშაო დროს, ეს მოხდა ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.

ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა, მათ, ვინც უწყვეტ ციკლში უნდა იმუშაონ, დღესაც ვურჩევთ ამას, ოღონდ ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან თვითიზოლაციაში, სადაც ეს ადამიანები იქნებიან, რომ იქ არ მოხდეს ვირუსის შეტანა. სწორედ ამიტომაა ორ კვირიანი ბრიგადები, თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს მუშაობას და მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება", - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო