"ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ვიდრე მათ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომატიკა, დადიოდნენ სამსახურში" - კვირის პალიტრა

"ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ვიდრე მათ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომატიკა, დადიოდნენ სამსახურში"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. ასე უპასუხა მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ის თანამშრომლები, რომლებიც კარანტინში უნდა ყოფილიყვნენ, სამსახურში დადიოდნენ.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათთვის სამსახურში სიარულის აკრძალვის საფუძველი არ არსებობდა და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.

"ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ და მანამდე, ვიდრე მათ გამოუვლინდებოდათ გარკვეული სიმპტომატიკა, რის შემდეგაც მოხდა მათი ტესტირება და დადასტურება კოვიდინფექციის, დადიოდნენ სამსახურში, უბრალოდ იმ მომენტისთვის არ ჰქონდათ არანაირი ჩივილი. შესაბამისად, არც დამსაქმელებს და არც ჯანდავის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აეკრძალა ამ ადამიანებისთვის მუშაობა. ისინი იცავდნენ იმ საჭირო საკარანტინე და თვითიზოლაციის პირობებს, რომლებიც იყო მითითებული ჩვენი მხრიდან და ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო როგორც დაავადებათ კონტროლის ცენტრთან, ასევე მათ დამსაქმებელთან და ისინი ასრულებდნენ ყველა მითითებას", - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა შორის არიან მძიმე და საყურადღებო პაციენტებიც.

"ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვყავს 230 კოვიდ19-ით დადასტურებული ინფექცია, საიდანაც 54 არის გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ 230 მოქალაქიდან 3 მათგანის გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და დღესდღეობით საქართველოში მკურნალობას აგრძელებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა, გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომლებსაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და მათი ჯამი ამ ეტაპისთვის არის 54," - განაცხადა ტიკარაძემ.