"სიდედრმა ჩათვალა, რომ ერთადერთი შვილი წავართვი და..."
"სიდედრმა ჩათვალა, რომ ერთადერთი შვილი წავართვი და..."
"მეშინია, სხვას არავის მივაყენო ზიანი ჩემი გაუფრთხილებლობით, ვიღაც არ დავღუპო და გავწირო"

არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიტყვითა თუ საქმით ხალხის უპირობო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ. სწორედ ერთი მათგანია ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მწერალი და პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

- ბატონო თემურ, კი ამბობთ, "ან რა მაშინებს მე ოხერს, როცა ღმერთი მყავს მეოხედო", მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, როგორ გრძნობთ თავს, იმედიანად ხართ?

- იცით, როგორი განწყობა მაქვს? სევდის ღრუბელი რომ მოიქუფრება და საწვიმარ-სატირლად
რომ ემზადება, აი, ასე ვარ, მაგრამ გულს მაინც ბევრი რამ მიმაგრებს. ყოველთვის, როცა ძალიან გვიჭირს, ადამიანები ერთმანეთს ვუბრუნდებით ხოლმე და ეს მაიმედებს.
ჩემთვის ვფიქრობ, იქნებ, ამ თავსდატეხილმა ჭირმა შეძლოს სიკეთის გაღვივება ჩვენში, ასეთ ცივ სამყაროში. იქნებ, მსოფლიო სევდას რამე სადინარი მიეცეს, ეს ამბავი ხომ მხოლოდ
ჩვენს თავს არ ხდება. უკეთესობის იმედი რომ დავკარგო, ისე რა მაცოცხლებს, უიმედოდ ერთი დღის გათენებაც არ მინდა. რატომღაც მგონია, რომ სულ მალე ყველაფერი კარგად დასრულდება მთელი მსოფლიოსთვის. ჯერჯერობით ბევრი ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ ისიც ხომ გვესმის, რამდენი გამოჯანმრთელდა. მანამდე შინაპატიმრობას უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არ გვაქვს.

- ესე იგი, თვითიზოლაციაში ხართ და მკაცრად იცავთ რეკომენდაციებს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამით ჩემს თავს კი არ ვიცავ, მეშინია, ჩემი გაუფრთხილებლობით სხვას არავის მივაყენო ზიანი, ვიღაც არ დავღუპო და გავწირო. იქნებ, ვის შევხვდი ქუჩაში და გადამტანი ვარ? ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილე და სერიოზულობა გვმართებს. დიდი პატივისცემით განვეწყვე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენზე ზრუნავს. წინა დღეებში ვორონცოვზე, ბაღში ვიყავი და პატრულმა რომ დაგვინახა, გვერდიგვერდ ნუ დადგებით, ერთმანეთს არაფერი გადასდოთო, გვთხოვა. ბიჭები გაიბუტნენ, არადა, რა იყო საწყენი და შეურაცხმყოფელი, რა თქვეს ცუდი?.. მეორე მხრიდანაც შევხედოთ, ყველაფერი ცუდი ხომ არ მოჰყვა ამ კორონას - დავრწმუნდით, როგორი პროფესიონალი ექიმები გვყოლია, როგორ ყოჩაღად უმკლავდებიან პრობლემებს. ჩემი ნება რომ იყოს, მათ, ყველას, ბრწყინვალების ორდენით დავაჯილდოებდი. აგერ, მთავრობა გონს მოეგო, აბა, ასეთი გაჭირვებისა და უქონლობის ჟამს სხვამ ვინ უნდა დაგვიცვას და იზრუნოს ჩვენზე? მოკლედ, ჩემში ერთდროულად ბევრი განცდა იყრის თავს - სევდა, ნუგეში და ბოლოს, მაინც იმედისკენ ვიხრები.

- ადამიანები ერთმანეთს ვუბრუნდებით ხოლმეო, ბრძანეთ და ამ გასაჭირმა, მგონი მართლაც გაგვახსენდა მივიწყებული ადამიანური ღირებულებები. "სძულთ ერთმანეთი, - საკვირველია, უერთმანეთოდ მაინც ვერ ძლებენ" - თქვენი ეს სიტყვები სწორედ ერთმანეთის საჭიროებაზე მეტყველებს.
- ერთი ასეთი ლექსი დავწერე:
"რაც დაგვაკლო დღეს ჩინეთის კორო­ნამ / თავის დროზე ვერც რუსეთის კოლო­ნამ. / უცნაურად არეულა სამყარო, / დატორტმანდა დედამიწა, არ მყარობს. / მსოფლიოს ცა შავად მოქუფრულია, / ქმენ, რაც გინდა, ყველაფერი ტყუილია, / არაფერი აღარ ფასობს შაურად, / ქვეყნად მოსვლა გვექცა დანაშაულად. / არც უფალი, არც ბუნება არ გვწყალობს, / რა დღეში ხარ, დედამიწავ, საწყალო! / ნუთუ მართლა უფალმა და ბუნებამ? - ურწმუნობა, მგონი, მეჩურჩულება".
წინააღმდეგობებიით სავსე ლექსია, ხან ერთს ვფიქრობ და ხან - მეორეს. კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ჩემი სულიერება გადარჩენისკენ მიიწევს და ვფიქრობ, ყველაფერი მალე ჩაივლის.

- ერთ-ერთი კრებულის წინასიტყვაობაში წერთ: 65 წლის კაცმა კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. ფერად დღეებსაც კარგად ვიხსენებ, თალხ დღეებსაც ზოგჯერ ვაფერადებო. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ფერადი რა იყო?
- სოფელში გატარებული ჩემი ბავშვობა. მაშინ სხვა დრო იყო, უმეტესობა მშობლებთან და ბებია-პაპებთან ვიზრდებოდით, სამყარო სავსე იყო ამ ადამიანებით და მათი წასვლით უცებ დაცარიელდა. მდიდრები არ ვყოფილვართ, მშრომელი, პატიოსანი მშობლები მყავდა და უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება არც მაშინ იყო ყველასთვის დალხენილი. ფერად დღეებში სწორედ იმ პერიოდს ვგულისხმობ.

- "ვერავინ მითხრა ამ სოფლის უბრალო ავან-ჩავანი, მე რომ ზედმეტი მეგონა, თურმე ის იყო მთავარი". რა ყოფილა მთავარი, ან რა არის ის, რაც ადრე ზედმეტად გეჩვენებოდათ?
- ხშირად ფიქრობ ადამიანი, აი, ამას ასე გავაკეთებ, ისე ვიცხოვრებ და ა. შ., გეგმავ შენი ჭკუით. მთავარი მაინც სიყვარული და რწმენა აღმოჩნდა. ყველაფერი უეცრად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში - შეყვარებაც, ოჯახის შექმნაც, სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც. რაც მოვალეობის მოხდად მიმაჩნდა, თურმე ყველაზე მთავარი ეგ ყოფილა და სხვა ყველაფერი - უმნიშვნელო.

- ალბათ ამიტომაც წერდით: "ვეღარ გავიგე ცხოვრების უბრალო იწილ-ბიწილო, ან როდის უნდა ვიტირო, ან როდის უნდა ვიცინო". ხშირად ხართ ხოლმე ასეთი გაორებული?
- ვერც ერთი პოეტი ვერ შექმნის ვერაფერს ღირებულს ორჭოფობისა და დაეჭვების გარეშე. პაპამ იცოდა ხოლმე თქმა, ფეხზე მდგომელა მუხას ვერ გაზომავ, რომ წაიქცევა, აი, მაშინ იზომება ფესვებიდანო. ვინ დიდი პოეტია და ვინ - არა, ესეც ალბათ, გვიან გამოჩნდება, წაქცეულზე, მაგრამ, ასე მგონია, რომ პოეტს თუ გაორება არა აქვს, ის პოეტი ვერ იქნება. როგორ შეიძლება პოეტური სული მყარი იყოს? განწყობის მიხედვით იცვლება შენი სათქმელიც.

- დღესდღეობით ყველაზე მეტად რა გტკენთ გულს, რა გაბრაზებთ?
- რა ვქნა, ძალიან მაბრაზებს და გულს მტკენს გულცივობა, ტრიბუნიდან მოწოდებები და ფუჭი დარიგებები პოლიტიკოსების მხრიდან, ერთის თქმა და მეორეს კეთება, თვალთმაქცობა, რაც ყველაზე მეტად მიუღებელია ჩემთვის. მაქვს ერთი ასეთი ლექსი, "ავტობიოგრაფია": "ყველა გადასხვაფერდა, ლენჩი მხვდება სხვა ტონით, / აღარც პრეზიდენტის მწამს, აღარც გუბერნატორის. / ვეღარავის ვჩემულობ, გავცვდი, როგორც დედანი, / ვკვდები, როცა საუბრობს, პარლამენტში ცვედანი". აი, ხომ ხედავთ, დღეს ამხელა ტკივილმა როგორ მიგვაჯაჭვა ერთმანეთთან. თუკი ხელისუფალს ასეთი უბრალოება და გულის კი არა, სულისხმიერება შეუძლია, რატომ მაშინ არ ჩნდებიან, როცა დალხინებულად გრძნობენ თავს; რატომ არ ფიქრობენ, რომ შეიძლება დადგეს მომენტი და "ერთგან შეყარნოს ყოველმან სუსტი და ძალგულოვანი"? "შევიყარეთ" თუ არა ერთად, ვინმეს უშველის მილიარდები? ფარა რომ არ ეყოლებათ, მწყემსი ვიღას სჭირდება? რატომ დამშვიდებულ გონებაზე მყოფნი არ ფიქრობენ, რომ პატარა ერი ვართ, სულ ერთმანეთის ახლობლები და ნათესავები და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ? ვინმეს არ ეგონოს, რომ მიხარია, რაც ხდება - ჩემი ქალიშვილი საფრანგეთშია ჩარჩენილი და ძალიან დარდიანი ვარ ამის გამო, მაგრამ იქნებ, ამ ამბავმა მაინც გამოგვაფხიზლოს...

- წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ რას გვეტყვით? ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
- ძალიან მიჭირს რამის თქმა... ჩემს ერთ ლექსს "ჩემო საქართველოვ, მართლმადიდებელო" უნეტარესმა მართლმადიდებლობის ჰიმნი უწოდა. მეორეზე, რომელსაც "სანთელი" ჰქვია, საგალობელი დაიწერა. რა გითხრათ, ისე გავიზარდე, რომ შიში, მოკრძალება და რწმენა მაქვს უფლის მიმართ, ამიტომაც სამღვდელოების "რევიზიას" ვერ ვბედავ. ერთი, რაც ცხადზე ცხადად ვიცი, ის არის, რომ ქვეყნის გადარჩენა მინდა. პატრიარქმა გამოკვეთილად თქვა, ახალი სამყარო იშვაო და მეც ამის მოლოდინი მაქვს.

- სიყვარულზეც უნდა გკითხოთ - მეუღლისადმი მიძღვნილ ერთ ლექსს გაგახსენებთ: "შენ პოეტის ბედი გშვენის, დანახვამდე ვიგრძენ, თუმც ვერ გავხდი დედაშენის სასურველი სიძე"...
- არ მეგულება ოჯახი, რომ ცოლ-ქმარს კამათი არ მოსვლოდეს, მაგრამ არც ერთი დღე არ გვიცოცხლია უსიყვარულოდ. რაც შეეხება სიდედრის გულის მოგებას, შევძელი (იცინის). ძალიან განათლებული და კარგი ქალი იყო, ფილოლოგი, სკოლის დირექტორად მუშაობდა. უბრალოდ, ჩათვალა, რომ ერთადერთი შვილი წავართვი. ერთხელ ირაკლი აბაშიძეს შესჩივლა კიდეც, ამ ხულიგანმა სიძემ ქალიშვილი მომტაცაო.

- დაბოლოს, "არაფერია სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილზე მაინც ცოტა მეტია" - რითია ცოტა მეტი?
- რაც არ უნდა წყალწაღებული იყოს კაცი, ერთი დღის სიცოცხლეც რომ მოემატება, ესეც მნიშვნელოვანია, სიცოცხლე მაინც სჯობია სიკვდილს. ამქვეყნად ბევრი მიზეზია სიცოცხლისთვის. ამიტომაც, გამძლეობას ვუსურვებ ჩემს ხალხს, ჭკუა ვისწავლოთ და შეცდომები აღარ გავიმეოროთ, მოფერებითა და სიყვარულით გადავარჩინოთ ერთმანეთი.

ნინო ჯავახიშვილი
მურადი
30 აპრილი 2020 09:22
გაიხარე.იდღეგრძელე მრავალჟამიერ კეთილო ადამიანო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?