"კვირის პალიტრა" 25 წლისაა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" 25 წლისაა

საქართველო და მთელი მსოფლიო იზოლაციაშია. სახლში დარჩენა კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია. ამ პერიოდში ჩვენი ცხოვრება შეიცვალა - იძულებული ვართ, ახალ კანონებს დავემორჩილოთ, ვიმუშაოთ დისტანციურად, ვივარჯიშოთ სახლში და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში გავიდეთ გარეთ.

ჩვენი გაზეთის იუბილე საყოველთაო კარანტინის პერიოდს ემთხვევა - 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 25 წლის ხდება. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, გაზეთს გამოცემა შეეწყვიტა და, რა თქმა უნდა, დღესაც, მიუხედავად სირთულეებისა, "კვირის პალიტრა" უკვე 25 წელია ერთგულ მკითხველს ყოველ ორშაბათს აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული თემებით მიესალმება. ცნობილი ადამიანები იზოლაციიდან ულოცავენ გაზეთს იუბილეს და მკითხველს თავიანთ ხალისიან საკარანტინო ცხოვრებაზე მოუთხრობენ.

ნანა ნებიერიძე: "დღეს გამოჩნდა, თუ ხარ პროფესიონალი და იცი შენი საქმე, ყველაფერი კარგად იქნება!"

"კვირის პალიტრას" ყოველთვის ვკითხულობდი და ვკითხულობ. თქვენი გუნდი დღემდე აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს, რაც ნიშნავს, რომ ხართ პროფესიონალები. დღეს გამოჩნდა, რომ თუ ხარ პროფესიონალი და იცი შენი საქმე, ყველაფერი კარგად იქნება. "კვირის პალიტრის" თანამშრომლებს გისურვებთ, დარჩეთ ისეთები, როგორებიც ხართ - პროფესიონალები, ობიექტურები, თქვენი საქმის ერთგულები, დანარჩენი კი ჩვენზე, მკითხველზე იყოს! მთავარია ჯანმრთელობა!

"დროს არ ვკლავ, პირიქით, დროს ვიყენებ"

ნანა ნებიერიძე, სპორტსმენი: - მგონი, ყველაზე კარგად ვერთობი კარანტინში. საერთოდ ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციას მოვერგო და მისი დადებითი მხარე მოვძებნო, ამიტომ იზოლაციაში ყოფნა არ მიჭირს. ვმეცადინეობ - ახლა დავიწყე იტალიურის სწავლა. დროს არ ვკლავ, პირიქით, დროს ვიყენებ. ყველა მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში. მეც მხოლოდ კვირაში ორჯერ გავდივარ გარეთ პროდუქტის საყიდლად.

კარანტინის დაწყებამდე კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდი, ახლა ყოველდღე ვვარჯიშობ. არასოდეს სახლში არ მივარჯიშია, რადგან დავდიოდი აუზზე, ფიტნესკლუბში და ა.შ.

სახლში სავარჯიშო ინვენტარი არ მაქვს, ამიტომ ჩავედი მაღაზიაში, ვიყიდე 1,5-ლიტრიანი წყლის ბოთლები და ეს არის ჩემი ჰანტელები. ორ-ორი ცალი სკოჩით გადავაბი და თითო "ჰანტელი" სამი კილოგრამი გამომივიდა. ვინც ახლა იწყებს ვარჯიშს, მისთვის ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლიც საკმარისი იქნება.

დღის განმავლობაში ვარჯიშში დრო მხიარულად გადის. ჩემთვის კარანტინის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ თავს დიდ დროს ვუთმობ, რაც აქამდე არ გამიკეთებია არ მეცალა. ახლა უჯრების დასალაგებლად მოვიცალე, სახლში წვრილ-წვრილ საქმეებსაც ვაკეთებ, კვების რეჟიმს ვიცავ...

უკვე რამდენიმე წელია, ჯანსაღად ვიკვებები. რაციონიდან ამოვიღე ფქვილი, შაქარი და მარილი. ძალიან კარგად მესმის, როდესაც ადამიანს ვარჯიშის დაწყება ეზარება - პირველი ნაბიჯის გადადგმა ძნელია. ასეთებს ვურჩევ ყველას, ჩართონ მუსიკა და იცეკვონ, იხტუნონ - ეს ანტისტრესი და დიდი თერაპიაა ადამიანისთვის.

ვარჯიშის გარდა, შეგიძლიათ სახლში მოიფიქროთ სახის მოვლის ახალი საშუალებები, მაგალითად, მე სახის სკრაბს ვაკეთებ - სოდას, მარილს და ზეითუნის ზეთს ვურევ.

ძალიან თხელი კანი მაქვს, ამიტომ კვირაში ორჯერ ვიკეთებ. სოდა ანტიბაქტერიულია, მარილს სკრაბის ფუნქცია აქვს, ხოლო ზეთი ატენიანებს.

ყველას მოგვიწია ცხოვრების ახალ პირობებთან შეგუებამ, მთავარია, რომ არ ჩავცვივდეთ პანიკასა და დეპრესიაში. ცხოვრება გრძელდება. ჩვენ უკვე გადავედით სხვა ცხოვრების წესზე, გვინდა თუ არ გვინდა, ახალი ეტაპი დაიწყო და ახლა უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ერთმანეთს.

"ახლა დღე და ღამე ბავშვებთან ვარ"

რუსა ჩაჩუა, მოდელი: - დღის განმავლობაში, ძირითადად, საჭმელს ვამზადებ, სახლს ვალაგებ, ბავშვებს ვართობ და ისე სწრაფად გადის დრო, რომ თვითონაც მიკვირს. ოთხი შვილის, მეუღლისა და სახლის მოვლა იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდახან ტელევიზორის ყურების დროც არ მრჩება. სახლიდან მხოლოდ კვირაში ერთხელ გავდივარ, დილით, ძალიან ადრე, სურსათის მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად. ზედმიწევნით ვიცავ რეკომენდაციებს.

თავის მოვლის "სახლურ" მეთოდებს ვიყენებ - სახეზე არაჟნის ნიღაბს ვიდებ, რადგან ძალიან მშრალი კანი მაქვს, გვირილისა და ოხრახუშის ნახარშით ვიწმენდ სახეს და ყინულის კუბიკებით ტონირებას ვუკეთებ კანს. თმაზე აბუსალათინის ზეთს ვისვამ. ეს ზეთი ისეთი ცხიმიანია, რომ დროის ნაკლებობის გამო ადრე ხშირად ვერ ვახერხებდი მის გამოყენებას.

ახლა აბაზანამდე ორი საათით ადრე ვისვამ, ვიჩერებ და შემდეგ ვიბან. ასევე შესაძლებელია დაბანის შემდეგ ოდნავ ტენიან ბოლოებზეც წაისვათ. წონას რაც შეეხება, მგონია, რომ კარანტინის შემდეგ დავიკელი, რადგან დღეში 5-6 კილომეტრის გავლა მიწევს. მთელი დღე ვმოძრაობ, არ ვჯდები და სურვილი არ მიჩნდება, ბევრი ვჭამო. საღამოს 6-ის შემდეგ აღარ ვჭამ. მას შემდეგ, რაც იზოლაციაში ვართ, უფრო მეტ დროს ვუთმობ ბავშვებს. თუ ადრე დღეში 6-7 საათს ვატარებდი მათთან, ახლა დღე და ღამე ბავშვებთან ვარ. ყველაფერი შეიცვალა და თითქოს ძველ დროს ვუბრუნდებით. ადრე გაზეთებსაც უფრო ბევრს ვკითხულობდით, სტუმრადაც დავდიოდით, უფრო თბილები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. კარანტინის შემდეგ ეს ყველაფერი დაბრუნდება. მე ტრადიციების მოყვარული ვარ და მგონია, თანდათან ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.

"კვირის პალიტრა" ძალიან მიყვარს, რადგან მრავალფეროვანია და ბევრი საინტერესო სტატიის წაკითხვა შემიძლია. კიდევ მრავალი წელი გაგეხარებინოთ მკითხველი, რადგან ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია "კვირის პალიტრის" მსგავსი გაზეთის არსებობა. თქვენგან ობიექტურ და საინტერესო ამბებს ვიგებთ. გისურვებთ, თქვენი ოცნებებისთვის მიგეღწიოთ!

"ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს აჩენენ"

ნატუკა გულისაშვილი, მსახიობი: - მე ყველაფერში კარგს ვეძებ. შეიძლება თუ არა კარანტინი კარგი იყოს? ვერ გეტყვით... ზიხარ უმუშევარი და არ იცი, ეს როდემდე გაგრძელდება... მაგრამ რაღაცები გადაფასდა. ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეს აჩენენ. მე იმედიანად ვარ.

ჩემი კულინარიული ვიდეოებით ვეხმიანები ადამიანებს, რომლებიც მართლაც ძალიან მომენატრნენ. ფეისბუკგამომწერთა წერილები რომ მხვდება, ვგრძნობ, რომ ადამიანებს უხარიათ ჩემი გამოჩენა. ვაჩვენებ მათ, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, რამე გავაკეთო იმით, რაც მაცივარში გვაქვს და არა - ძვირად ღირებული პროდუქტებით.

ადვილი არ არის მუდმივად სახლში ყოფნა, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. მთავარია, კარგი განწყობა შევინარჩუნოთ. ყველაფერი მალე დამთავრდება. ქართველები ძალიან მაგრები ვართ და აქაც გავაკვირვებთ მსოფლიოს.

კარგი განწყობის შესაქმნელად დილით მუსიკას ვრთავ და სახლის დალაგებას ვიწყებ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, სახელმწიფოს, რომელიც კარგად უმკლავდება ამ სირთულეებს. მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ვაკუუმში არ გვამყოფებს და ინფორმაციას გვაწვდის. დარჩით სახლში - ეს არის ყველა იმ ადამიანის პატივისცემა, ვინც გარეთ მუშაობს.

"მეც და დედაჩემიც "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველები ვართ. უამრავი ჩემისთანა ერთგული მკითხველი მინდა გისურვოთ. ეს ერთი დიდი პროფესიონალების ოჯახი რომ არ იყოს, არაფერი გამოვიდოდა - არა აქვს მნიშვნელობა, ეს თეატრია თუ მედია.

25 წლის შემდეგ 50 წლის რომ იქნებით, მინდა მაშინაც მოგილოცოთ! შეინარჩუნეთ ეს მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, მრავალფეროვნება.

"კვირის პალიტრა" ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა!

ნინო წიფურია