"ვკითხულობ, მიყვარს... "კვირის პალიტრა" - ყოჩაღ!" - კვირის პალიტრა

"ვკითხულობ, მიყვარს... "კვირის პალიტრა" - ყოჩაღ!"

ამირან გამყრელიძე: "ჯანმრთელობას გისურვებთ! მიხარია, რომ თქვენი გაზეთი ობიექტურად და საინტერესოდ აშუქებს ამ ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს"

18 აპრილს გაზეთი "კვირის პალიტრა" 25 წლის გახდა. იუბილეს გვილოცავენ ჩვენი მკითხველები და ადამიანები, რომლებიც ჩვენი მკითხველები ხშირად არიან:

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

- ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ გაზეთს სიამოვნებით მივულოცავ საუკუნის მეოთხედს - 25 წლისთავს. მე "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ვარ! ძალიან მომწონს ამ გაზეთის დაბალანსებული პოლიტიკა და ყოველთვის ზომიერი კრიტიკა - ქვეყნის არასწორ განვითარებაზეც წერთ და საქართველოს მიღწევებსაც აშუქებთ...

მომწონს თქვენი ჟურნალისტების მაღალი პროფესიონალიზმი. "კვირის პალიტრამ" საფუძველი დაუდო ბეჭდური მედიის განვითარებას ქვეყანაში. თქვენმა გუნდმა შექმნა ბევრი კარგი გამომცემლობა - ბეჭდური თუ ონლაინმედია, ტელევიზია თუ რადიო, ასევე მაღაზიათა ძალიან კარგი ქსელი "ბიბლუსი", სადაც წიგნის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეარჩიოს მისთვის საინტერესო ლიტერატურა. ვისაც კითხვა არ უყვარს, ის ვერ განვითარდება. ამიტომ ჩემს შვილიშვილებთან ერთად ხშირად ვსტუმრობ "ბიბლუსს" და ბავშვებს წიგნის კითხვის კულტურას ვაჩვევ. თქვენ საუკეთესო საბავშვო ლიტერატურა გაქვთ, რაც ჩემს ბავშვობაში არ ყოფილა...

უცხოეთში წიგნის მაღაზიებში ხშირად შევდივარ, ეს ჩემთვის ქვეყნის განვითარების ერთგვარი ინდიკატორია... როდესაც მეკითხებიან, საქართველო წინ მიდის თუ არაო, ვპასუხობ: წადით, ნახეთ ჩვენი წიგნის მაღაზიები და მიხვდებით, რომ ქვეყანა ნამდვილად განვითარების გზაზეა. სწორედ ამგვარ სივრცეებში იგრძნობა კულტურის სული, ქვეყნის წინსვლის პერსპექტივა.

გულითა და სულით გილოცავთ 25 წლის იუბილეს. რედაქციის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, განსაკუთრებით, დღეს, როდესაც ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დიდ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. მიხარია, რომ თქვენი გაზეთი ობიექტურად და საინტერესოდ აშუქებს ამ ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. გამოგიტყდებით, ზოგი რამ, რაც თქვენთან წავიკითხე, ჩემთვისაც უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის დარგის წარმომადგენელი ვარ. ასე რომ, ჯანმრთელობა თქვენ, მეტი მკითხველი და კიდევ უფრო მეტი განვითარება!..

"...იმ დღის შემდეგ ამ რედაქციის კარი ჩემთვის მშობლიური გახდა"

გიორგი კეკელიძე, მწერალი:

- პირველ კურსზე ვიყავი, როცა "კვირის პალიტრის" ლიტერატურული რუბრიკისთვის რედაქციაში ლექსები დავტოვე. რამდენიმე დღეში ამ გაზეთის პირველმა რედაქტორმა, ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა დამირეკა, ძალიან მომეწონა და ეგებ რედაქციაში მოხვიდეო. იმ დღის შემდეგ ამ რედაქციის კარი ჩემთვის მშობლიური გახდა. ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და გაზეთის თანამშრომელს. ბევრ კარგ ამბავს გისურვებთ გასაშუქებლად!

"ბევრი კარგი საქმე გაქვთ გაკეთებული და კიდევ ბევრი გეკეთებინოთ"

თემურ ბაბლუანი; რეჟისორი:

- გილოცავთ 25 წლის იუბილეს! რა დრო გასულა... მიყვარს თქვენი გაზეთი, ყოველთვის ვკითხულობ, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ბევრი კარგი საქმე გაქვთ გაკეთებული და კიდევ ბევრი გეკეთებინოთ.

"თქვენთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ შუქდება და ამიტომაც უყვარხართ მკითხველს"

იმედა კახიანი, მსახიობი:

- ვკითხულობ, მიყვარს, პოპულარული გაზეთია და სიამოვნებით გილოცავთ 25 წლის იუბილეს. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, მეტი პოზიტიური ინფორმაციის გაშუქებას. თქვენ დიდ სულიერ საზრდოს აწვდით მკითხველს. ათასი რამ არის ისეთი, თითქოს მრავალჯერ ნათქვამი და გაგონილი, მაგრამ დღეს ისევ აქტუალური და სხვა კუთხით დანახული... ასე რომ, სანამ ადამიანი იარსებებს, სამუშაო სულ გექნებათ...

ზოგიერთი მედიასაშუალება ჭორებს აშუქებს და თან აცხადებს, ჩვენ ამ ინფორმაციაზე არ ვართ პასუხისმგებელიო. კაცს ისეთი რამ არ უნდა დააბრალო, რაც გულს ატკენს, ეს არ შეიძლება. თქვენთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ შუქდება და ამიტომაც უყვარხართ მკითხველს. ბედნიერებაა ისეთ ჟურნალისტთან ურთიერთობა, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე. ამას მარტო უმაღლესი განათლება არ ყოფნის, შინაგანი კულტურაა საჭირო, ისე ვერ გახდები კარგი ჟურნალისტი. თქვენ გაზეთს პროფესიონალიზმი არ აკლია და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა!

"მე ყველა გაზეთიდან ვირჩევ "კვირის პალიტრას"

ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:

- "კვირის პალიტრა" ჩემი გაზეთია, უფრო სწორად, ჟურნალია ფერადი ილუსტრაციებითა და რაღაც-რუღაცებით... ამ გაზეთში არამარტო კვირის ამბებია გაშუქებული, ძალიან საინტერესო და მასშტაბური ანალიტიკური სტატიებიცაა. 25 წლის განმავლობაში "კვირის პალიტრას" ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, რადგან ხალხისთვის ყველაზე საჭირო აღმოჩნდა ობიექტური ინფორმაციებითა და არაჩვეულებრივი რუბრიკებით. მე ყველა გაზეთიდან ვირჩევ "კვირის პალიტრას", აბა, რა უნდა აირჩიო სხვა...

"ლიბიის ციხეში ორ წელზე მეტი გავატარე და ჩემთვის მთავარი საინფორმაციო წყარო "კვირის პალიტრა" იყო..."

რომა კაკალაძე, მეზღვაური: - 10 წლის ასაკიდან ვკითხულობ "კვირის პალიტრას". მეზღვაური გახლავართ და როდესაც საქართველოში არ ვარ, ყველგან, სადაც ინტერნეტი იჭერს, "პალიტრის" ონლაინგვერდზე ვეცნობი იმ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პროცესებს, რაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს... ყოველთვის ობიექტური ინფორმაცია გაქვთ, სწორად ირჩევთ რესპონდენტებს და რაც მთავარია, ესა თუ ის თემა ისეა გაშლილი, რომ ყველა სტატია ამომწურავია. ეს თქვენს მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს... არც ისე დიდი ხნის წინ ლიბიის ციხეში აღმოვჩნდი, უკანონო პატიმრობაში ორ წელზე მეტი გავატარე და ჩემთვის მთავარი საინფორმაციო წყარო "კვირის პალიტრა" იყო... ძალიან მიხარია, რომ ახლა, ამ მძიმე ვითარებაშიც კი ახერხებთ და ყოველ ორშაბათს მკითხველს ახარებთ სანდო ინფორმაციითა და ანალიტიკური სტატიებით. თქვენ ისევ გამორჩეულები ხართ და მადლობა ამისთვის. გილოცავთ და გისურვებთ, კიდევ ბევრი 25 წელიწადი ემსახუროთ ხალხს. პატივისცემით, თქვენი ერთგული მკითხველი!..

"კვირის პალიტრა" - ყოჩაღ!"

დავით კვირცხალია: მსახიობი:

- "კვირის პალიტრის" ხშირი მკითხველი ვარ. ამ გაზეთთან ერთად წიგნებიც გამოდის და თითქმის ყველა შევიძიIნე. მიმაჩნია, რომ ძალიან გაწონასწორებული და გემოვნებიანი გაზეთია. "კვირის პალიტრა" - ყოჩაღ! სადაც კულტურა არ არის, ის გარემო გაღიზიანებას იწვევს, თქვენ კულტურულ პროდუქტს ქმნით, დიდ სიმპათიას იმსახურებთ და სულითა და გულით გილოცავთ.

"ყოველთვის ამ გზით იარეთ. მრავალჟამიერ!"

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტი: - სიმართლეს, სიყვარულსა და დღეგრძელობას გისურვებთ. ამაზე კარგი რა შეიძლება უსურვო ასეთ კარგ გამოცემას. მიყვარს თქვენი გაზეთი. მკითხველის სიყვარული არ მოგკლებოდეთ, ყოველთვის ამ გზით იარეთ, მრავალჟამიერ!