გიორგი სუხიტაშვილი: "ამ პრობლემებთან თანაცხოვრებისას მუტაციას ჩვენც განვიცდით" - კვირის პალიტრა

გიორგი სუხიტაშვილი: "ამ პრობლემებთან თანაცხოვრებისას მუტაციას ჩვენც განვიცდით"

"არ მინდა შევეხო ვინმეს რელიგიურ გრძნობებს, მაგრამ ვფიქრობ, მეტი გონიერება გვმართებს, რომ მივხვდეთ, რა დროს რა არის სწორი. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ასეთია: წელს შევიკავოთ თავი ეკლესიაში თავშეყრისგან. ღმერთი მოწყალეა და ყველაფერს ხედავს. არ მინდა ადამიანებმა ჩათვალონ, რომ ეკლესიას ვებრძვი, პირიქით, ვისურვებდი, რომ ერთიანი იყოს ეკლესია, მტკიცე, განათლებული და თანამედროვე. დიახ, თანამედროვე, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს ქვეყანაში ეკლესია მალე დაკარგავს მრევლს, ეს გარდაუვალია..."

გიორგი სუხიტაშვილი ბოლოდროინდელ მოვლენებსა და შეცვლილი ცხოვრების რიტმზე გვესაუბრება.

- ყველა ადამიანს შეუძლია, შეეგუოს ნებისმიერ მდგომარეობას. მთავარია, ყველაფერი გაიაზროს და მხოლოდ ემოციურად არ მიუდგეს საკითხს. არ დაგიმალავთ, არ მიჭირს ასე ცხოვრება, იმიტომ, რომ ყოველთვის ვპოულობ საქმეს, რომელიც მეხმარება ახალ სიტუაციასთან შეგუებაში. ძალიან აქტიურად ვცხოვრობდი - დილის 6 საათიდან შუაღამემდე საქმეები მქონდა, ბევრს დავდიოდი, მაგრამ ახლა რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება მაქვს. გარეთ გავდივარ მხოლოდ საჭიროებისას.

ისევ ვმუშაობ საქართველოს რადიოში - კვირაში ორი დღე მიწევს იქ მისვლა. სოფელში პაპაჩემთანაც ჩავდივარ და ვცდილობ, ჩემი ჩასვლა მხოლოდ სეირნობა არ იყოს - ჩამაქვს სურსათი, წამლები, ოღონდ ძალიან ვფრთხილობ - პაპა 86 წლისაა და მეშინია, პრობლემა არ შევუქმნა მის ჯანმრთელობას.

არსებობს პროფესიები, რომელთა წარმომადგენლები არ უნდა გაჩერდნენ.

ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ადამიანებს ჰგონიათ, გარეთ რომ გავდივართ, გვიხარია. დღეს, მაგალითად, ეთერში გასვლამდე ვგეგმავ, როგორ უნდა მივიდე სტუდიამდე, გავასუფთაო ჩემი სამუშაო ადგილი. ჩემი მიკროფონით დავდივარ, ჩემი ყურსასმენით... არჩევანი რომ მქონდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი, თუმცა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ მე, თქვენ და ყველა ჩვენმა კოლეგამ, მნიშვნელოვანია და სტიმულს გვაძლევს, რომ ასეთ დროს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს.

სახლში ყოფნისას უამრავი გულის გადასაყოლებელი შეიძლება მოვიფიქროთ, რაც შეიძლება მერე სარგებლად იქცეს. ახლა შეიძლება განათლების გაღრმავება ნებისმიერი პლატფორმის დახმარებით - იქნება ეს სოციალური მედია, ლექციები, უცხო ენები... შეგვიძლია ვივარჯიშოთ...

მე, მაგალითად, სახლში ვვარჯიშობ და ჩემს ფეისბუკგვერდზე ვუზიარებ ადამიანებს, როგორ ვახერხებ ამას. გამოცდილებაც დამიგროვდა. შეგვიძლია ვიკითხოთ. ვისაც კითხვა არ უყვარს, ფილმებს უყუროს... შეგიძლიათ უსმინოთ რაღაცას...

შეიძლება ვიღაცისთვის ჩემი რჩევები გამაღიზიანებელი იყოს, რადგან სამსახური დაკარგა და სხვა შემოსავალი არ აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, ხელისუფლება, ბიზნესმენები ამ ადამიანებს მხარში ამოუდგებიან. რომ მქონდეს შესაძლებლობა, მეც დავეხმარებოდი, მაგრამ... ჩემი ძირითადი შემოსავალი არ არის რადიო, ჩემი ძირითადი შემოსავალი სიმღერაა და რადგან იანვრის შემდეგ კონცერტები არ ყოფილა, მიხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ...

მეც გამოვიყენე საბანკო საშეღავათო სამთვიანი პერიოდი და მეც გადავავადე ჩემი კრედიტი. არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, შენ რა გენაღვლება, შემოსავალი გაქვსო. ყველა ერთ ბედქვეშ ვართ. რაღაც პერიოდი გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ და დარწმუნებული ვარ, უფრო გავძლიერდებით.

შეიძლება სისულელედ ჟღერდეს, მაგრამ ცოტა საინტერესოც კია ამ დროს რომ მოვესწარით - ჩვენ თვალწინ იცვლება სამყარო და ეს შესაძლებლობა ყველას არ ჰქონია. ჩვენ თვალწინ იცვლება ჩვენი უნარები. მუტაციას ჩვენც განვიცდით ამ პრობლემებთან თანაცხოვრებისას. უამრავი რაღაცაა, რაც შეიძლება სხვა დროს არც გვენახა... ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მეტი პრობლემა არ შევუქმნათ ჩვენს ჯანდაცვას. არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უკვე ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვროთ და გავთამამდეთ.

წინ მეტი სირთულე გველის. სამწუხაროდ, მსხვერპლიც მეტი იქნება, ამას ვერ გავექცევით, რადგან ეს პანდემიის თანამდევი პროცესია. მინდა, მედიკოსებს მხნეობა და ამ შრომის მადლიერებით დაფასება ვუსურვო. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ბევრი რამის გასააზრებლად, პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს სიტუაციის სირთულეს. არ ვცხოვრობ ცენტრში, გლდანში ვცხოვრობ და კომენდანტის საათის დარღვევის ხუთი შემთხვევა ვნახე ჩემი აივნის წინ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგი განზრახ არღვევდა კანონს! არ ვიცი, ვის უთამაშებდა კუნთებს...

არ შემიძლია, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებზეც არ ვილაპარაკო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არაპოპულარული თემაა. არ მინდა შევეხო ვინმეს რელიგიურ გრძნობებს, მაგრამ ვფიქრობ, მეტი გონიერება გვმართებს, რომ მივხვდეთ, რა დროს რა არის სწორი. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ასეთია: წელს შევიკავოთ თავი ეკლესიაში თავშეყრისგან. ღმერთი მოწყალეა და ყველაფერს ხედავს. არ მინდა ადამიანებმა ჩათვალონ, რომ ეკლესიას ვებრძვი, პირიქით, ვისურვებდი, რომ ერთიანი იყოს ეკლესია, მტკიცე, განათლებული და თანამედროვე. დიახ, თანამედროვე, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს ქვეყანაში ეკლესია მალე დაკარგავს მრევლს, ეს გარდაუვალია.

- რატომ? - ჩემი და შემდგომი თაობა უკვე სკეპტიკურად არის განწყობილი მრევლის მიმართ, ეკლესიის დღევანდელი მიდგომებისადმი. რა არის ეკლესია მრევლის გარეშე? - არაფერი. უპირველესად მრევლზე უნდა იფიქრონ. განცხადება - ,,ჩვენ არაფერს დავთმობთ!~ - ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიურია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, ადრე ხატიდან რაღაც სხვა ვირუსი გავრცელდა, მაგრამ ეს გადაედოთ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული ცოდვისთვისო. ეს რას ნიშნავს?! ე.ი. ადამიანს ეუბნები, რომ არსებობს ცოდვა, რომლის გამოც შეიძლება ეკლესიაში მიხვიდე და დაავადდე?!

ვეცადოთ, თავი შევიკავოთ ასეთი განცხადებებისგან და მრევლთან და სახელმწიფოსთან ერთად გამოსავალი მოვძებნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე იბრძვის, რომ საერთოდ აღარ იარონ ეკლესიაში, პირიქით, უნდა იარონ, ეზიარონ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ვითარებაში ასეთი ჭიდაობა ყველას აზიანებს და უპირველესად - ეკლესიას. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, მოვესწრები ეკლესიის გახლეჩას. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან სწორედ ეკლესიამ, წარსულიდან მოყოლებული, ინოვაციური აზროვნებით, გამოსავლის მოძებნით ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა. ახლა, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ჩვენი ეკლესია თანამედროვეა. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველას. ჩვენ ვხედავთ საღ აზრსაც, საღად მოაზროვნეებსაც, რომლებიც სახელმწიფოს მხარდამხარ იბრძვიან.

მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ თუ რელიგიურ კუთვნილებას - ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მინდა, სწორად გამიგონ - მეც მართლმადიდებელი ვარ და მინდა ვგრძნობდე, რომ პრობლემის პირისპირ მთავრობაც, ეკლესიაც და მრევლიც ერთ მხარეს ვართ.