ალექსანდრე ზაზარაშვილი: "პენსილვანიის მაღაზიებში თვითგადახდის მეთოდი შემოიღეს, რომ რიგში არ ვიდგეთ" - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ზაზარაშვილი: "პენსილვანიის მაღაზიებში თვითგადახდის მეთოდი შემოიღეს, რომ რიგში არ ვიდგეთ"

ყველასათვის საყვარელი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკაშია და იზოლაციის წესებს სამშობლოსგან შორს იცავს.

- ჰოლივუდიდან მიმიწვიეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომლის დასახელების უფლებაც არ მაქვს. აქ ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა უკვე ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში უნდა გავფრენილიყავი, სიტუაცია გართულდა, ჩავიკეტეთ და ახლა ვარ ფილადელფიაში ჩემი პროდიუსერის, დავით ღვინიანიძის სახლში. პროექტიც ცოტა ხნით გადაიდო.

- კორონავირუსი აშშ-ში მასშტაბურად არის გავრცელებული. რა მდგომარეობაა ფილადელფიაში?

- აშშ-ში 320 000-მდე ადამიანია ინფიცირებული. პენსილვანიაში, სადაც მე ვარ, ახლა 11 000-ია დაავადებული. ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკშია, სადაც მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირებულია. ნიუ-ჯერსიშიც ცუდი მდგომარეობაა. პენსილვანია სირთულით მეშვიდე-მერვე ადგილზეა.

- ფილადელფიაში როგორი რეკომენდაციებია? - თვითიზოლაციაში ვართ. ყველა სამსახური გაჩერებულია, მხოლოდ სუპერმარკეტები, ფოსტა და ბანკები მუშაობს განსაზღვრულ საათებში. გარეთ ნიღბებით, ხელთათმანებითა და სადეზინფექციო ხსნარებით შეიარაღებულები გავდივართ. მაღაზიებში სიტუაციას აკონტროლებენ. სალარო-აპარატები დაამატეს და თვითგადახდის მეთოდი შემოიღეს, რომ რიგებში დგომამ არ მოგვიწიოს. მოგვიწოდებენ, ხშირად დავიბანოთ ხელები. ტელეფონით მოგვდის ემერჯენსის მესიჯები და იქაც ჰიგიენის ნორმების დაცვას მოგვიწოდებენ... მე, ძირითადად, სახლში ვარ. კვირაში ერთხელ გავდივართ პროდუქტის შესაძენად.

- როგორ გაგყავს დრო იზოლაციაში? - დავითს ვურეკავ, ჩემს პროდიუსერს - ის ნიუ-იორკში იყო საქმეზე, როცა ეს ქალაქი ჩაიკეტა და იქ დარჩა. იქიდან სიმღერაში მამეცადინებს, დაახლოებით დღეში ერთი საათი. სოციალურ ქსელში შევქმენით გვერდი Gეორგიანს, სადაც ვგეგმავთ, გავაკეთოთ ონლაინკარაოკე. გვექნება ძალიან ბევრი რუბრიკა, ლაივჩართვები და ა.შ. ასე დროს გავიყვანთ და კარანტინსაც მხიარულად გავატაროთ. უნდა დავრჩეთ სახლში და ექიმების რეკომენდაციებიც დავიცვათ. ძალიან ორგანიზებულად მუშაობენ ჩვენი ქართველი ექიმები - არაერთი ცნობილი მედიასაშუალება წერს ამის შესახებ. მენატრება ჩემი საქართველო, ჩემი ოჯახი. კიდევ კარგი, აქ მამასთან ერთად ვარ. ხშირად ვურეკავ ჩემებს, ვეუბნები, რომ სახლიდან არ გავიდნენ.