"ადამიანურ ურთიერთობებს რა სჯობს, მაგრამ ცოტა ხნით ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება და კოცნა-პროშნა უნდა მოვიშალოთ"
"ადამიანურ ურთიერთობებს რა სჯობს, მაგრამ  ცოტა ხნით ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება და კოცნა-პროშნა უნდა მოვიშალოთ"
"ხალხი წლობით ზის ციხეში, მაგრამ არ ტყდება და უძლებს..."

ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს ქარიშხალივით გადაუარა და მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ეს ვირუსი შეხვდათ ცნობილ პოლიტიკოსებს, მსახიობებს, სპორტსმენებს, ექიმებს... საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს კამპანია - "დარჩი სახლში". ჩვენ დავინტერესდით, როგორ ახერხებს ამ მოწოდების შესრულებას და როგორ ეგუება სრულიად განსხვავებულ ცხოვრების რიტმს პოპულარული მომღერალი მერაბ სეფაშვილი:

- იზოლაციაში ყოფნას ძალაუნებუ­რად შევეგუე, რადგან ვიცი, ჯობია ცოტა ხნით გავიჭირვოთ და
ეს ცუდი ამბები­ გადავაგოროთ. ეს ყველასთვის უცხო და არასასიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ ვუძლებ. სხვათა შორის, მე თვითიზოლაციაში ჩემივე ნებით ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ეს ამბები დაწყებული არ იყო: საბერძნეთში 3 მარტს კონცერტი გვქონდა, 5 მარტს თბილისში ჩამოვედი და ორი კვირის განმავლობაში გარეთ არ გამოვსულვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან
ჯერ არც კარანტინი იყო გამოცხადებული და არც საგანგებო სიტუაცია, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ორი კვირის განმავლობაში არც შვილები მინახავს, არც შვილიშვილები და არც არავინ. ამის მიზეზი მარტივია: როცა თვითმფრინავით იმგზავრებ, როცა უამრავ ადამიანთან გაქვს კონტაქტი და მსოფლიოში ასეთი ინფექცია მძვინვარებს, შენს ოჯახს და ნაცნობ-მეგობრებს მაინც უნდა გაუფრთხილდე.

- თუმცა, ცხოვრების ამ ახალ რეჟიმს ბევრი ვერ უძლებს, ძალიან ბევრი დეპრესიაშია. ამ ადამიანებს რას ეტყოდით?
- აბა, რა უნდა ვთქვა? ხალხი წლობით ზის ციხეში, მაგრამ არ ტყდება და უძლებს.
როგორ შეიძლება ადამიანმა კარჩაკეტილობაზე იწუწუნ­ოს, როცა ეს მისი ახლობლების და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება? ადამიანურ ურთიერთობებს რა სჯობს, მაგრამ ახლა ასეა საჭირო: ცოტა ხნით ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება და კოცნა-პროშნა უნდა მოვიშალოთ.

ახლობლებს ტელეფონით და ინტერნეტით უნდა ვეკონტაქტოთ. ცოტა უნდა მოვითმინოთ, ეს სახუმარო ინფექცია არ არის და მასთან აგდებული დამოკიდებულება არ შეიძლება! ძალიან ცუდი ვითარებაა და ვფიქრობ, ეს ბევრმა გააცნობიერა, ხალხმრავალ თავყრილობებს ყველა ერიდება და ქუჩაშიც ძალიან ცოტა ხალხი დადის. როგორც ჩანს, თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაირთო და ეს ძალიან კარგია. სადაც არ ფრთხილობდნენ, ვიცით, რაც მოხდა და ამ ვირუსმა რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხომ ვხედავდით იტალიაში, ესპანეთსა და ამერიკაში რა ხდება?! ამ ქვეყნების მწარე გამოცდილებამ ჩვენს მოსახლეობაზე დადებითი გავლენა მოახდინა...

ჩემთან ერთად ჩემი უმცროსი ვაჟი ცხოვრობს, ხან ფილმებს ვუყურებთ, ხან - მუსიკას ვუსმენთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს ნერვები არ მოვუშალოთ. ეს ძალიან რთულია, როცა გამომწყვდეული ხარ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა გინდა, მაგრამ ჯერჯერობით, ვითმენთ.

- Covid-19 ჩინეთიდან გავრცელდა და დღეს ჩინელებს ბევრი საყვედურობს, რომ ისინი ღამურებს და ქვეწარმავლებს მიირთმევენ...
- გასაგებია, რომ ისინი გველებს, ვირთხებს და ღამურებს მიირთმევენ, მაგრამ ადრეც ხომ ასე იქცეოდნენ? ინდოეთში ერთხელ მეც შემომაპარეს კობრის კერძი, მაგრამ ეს ამ ხალხების ტრადიციაა, Covid-19-ის გამოჩენა კი სულ სხვა ამბავია: ეს არის ვირუსი, რომელმაც სახე იცვალა და კაცობრიობას მოევლინა. ამ ამბავში მარტო ღამურას, გველს, ან ვირთხას ვერ დავადანაშაულებთ...

- ბოლო ხანებში სიფრთხილისკენ სასულიერო პირებიც მოგვიწოდებენ: მრევლი ლოცვას ეკლესიის ეზოში ისმენს და დისტანციას იცავს, ზოგიერთს პირბადეც უკეთია...
- ეს სიფრთხილე გონივრულია, მწამს, რომ ყველაფერი დალაგდება და სასიკეთოდ გადაწყდება. მოძღვრები გვეუბნებიან, რომ ხალხმრავლობას უნდა მოვერიდოთ.

უმჯობესია, სახლში ვილოცოთ, რომ ჩვენს თავსაც გავუფრთხილდეთ და სხვებსაც, თორემ რწმენას არავინ გვიკრძალავს. კომუნისტების დროს ხალხი ეკლესიაში საერთოდ ვერ დადიოდა, მაგრამ ბევრი თავის ოჯახში ლოცულობდა და ჩვენზე უკეთესი მორწმუნე იყო.

- აღდგომა ახლოვდება და ხალხი საფლავებზე გადის. ზოგჯერ იქ ნამდვილი ქეიფი და ღრეობა იმართება. როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემას ვინ უნდა მიხედოს?­
- ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების საფლავებზე გავალთ, მაგრამ იქაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. საფლავზე ქეიფი და ღრეობა ადრეც არავის მოსწონდა და ახლა - მით უმეტეს. ალბათ, შესაბამისი სტრუქტურები გააკონტროლებენ, რომ ასე არ მოხდეს. სასაფლაოზე ბევრი ხალხის შეკრებას არავინ დაუშვებს, ამაში დარწმუნებული ვარ. შეიძლება სახლშიც ვილოცოთ და მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები, საშიშროება რეალურია, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამას დიდი აგიტაცია არ სჭირდება.

- როგორც ვიცი, Covid-19-მა ძალიან საინტერესო გეგმები ჩაგიშალათ.
- დიახ, სერიოზული გეგმები ჩამეშალა: ალბომი უნდა გამომეშვა, სადაც ჩემი ახალი სიმღერებია შეტანილი, მაგრამ ეს ამბავი გადაიდო. ის მაიმედებს, რომ მთელი მსოფლიო მუშაობს ამ პატარა ვირუსის დასამარცხებლად და ამ ბრძოლაში ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს. ახლა, სხვების მსგავსად, მეც ერთი ნატვრა მაქვს: ყველაფერი მალე დასრულდეს და ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები