"ბალენსიაგას" მახათი, ონლაინქეიფები და რატომ ვერ ერევა კორონა გურულებს? - კვირის პალიტრა

"ბალენსიაგას" მახათი, ონლაინქეიფები და რატომ ვერ ერევა კორონა გურულებს?

"კორონამარგალიტები" ბესო ბერულაშვილისგან

"დაკარგულია ის დღე, როცა არ ვიცინით" - ამბობდა "იუმორის მეფედ" მონათლული ჩარლი ჩაპლინი. ეს უმძიმესი დღეები საქართველომ სწორედ ღიმილით და იუმორით გადალახა. "ფეისბუკით" გავრცელდა უამრავი ანეკდოტი და მოსწრებული გამონათქვამი. ბოლო ხანებში გავრცელებულ "კორონამარგალიტებზე" იუმორისტ ბესო ბერულაშვილს ვესაუბრეთ:

- ასეთი რამ მსოფლიოს არ ახსოვს. წარმოდგენა არ გვაქვს, ეს კორონა საიდან მოვიდა, თუმცა აშკარაა, ქართველებმა მას ყველაზე მძლავრი იარაღი - იუმორი დაუპირისპირეს. კორონას გამოჩენის შემდეგ ძალიან ბევრი ხუმრობა გავრცელდა ჩემს მშობლიურ კახეთში. მოგეხსენებათ, ყველაფერი დისტანციური გახდა და კახელები ხუმრობენ: ეგეთი რა ილოცეთ ბალღებო, რომ ჩამაიშალა მთელი სასწავლო პროცესიო? მოგეხსენებათ, ეს ვირუსი კახეთში გვიან შევიდა, გურჯაანელი კაცი დაავადდა. გურჯაანის და თელავის დაძაბულ ურთიერთობაზე ადრეც მითქვამს და ახლა მთელ თელავში ონლაინზეიმი აქვთ გამართული იმის გამო, რომ გურჯაანელებს გვაჯობეს. უხარიათ - გურჯაანში კორონიანი კაცი გამოჩნდაო, მაგრამ ჩემი გურჯაანი ამდენი წელია თელაველების შემოტევას უძლებს და კორონას ვეღარ გადაიტანს? ვენაცვალე მე მაგათ, გაგვთვალეს კახელები - იმდენი იძახეს კახეთს კორონა არ ეკარებაო, აი, იქაც გამოჩნდა ის დაწყევლილი, ისა!

- სამწუხაროდ, ყველა კუთხეში გამოჩნდა... - ერთი მეგრელი ძმაკაცი მყავს. კარგა ხანს ტრაბახობდა, კორონა მეგრელია, გვარად პანდემიაა და ჩვენ არაფერს დაგვიშავებსო. ეტყობა, გააბრაზეს და... ვერ გადაკეტა მთელი ზუგდიდი? ისე, მეგრელების გარეშე მაინც არაფერი გამოგვივა: ხომ ხედავთ გახარია რა მაგარი ბიჭი გამოდგა? მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ მისი "თამადობით", ამ დიდ გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცა.

- როგორ ატარებთ კარანტინის მოსაწყენ დღეებს? - მეც სხვებივით სახლში ვზივარ და მაღაზიაში რომ ჩავდივარ, ასე მგონია, სამოგზაუროდ მივდივარ. მეგობრები რომ მირეკავენ, ვხუმრობ: "ბალენსიაგას" ფირმის თანამედროვე მახათი მაქვს, რომელსაც წვერი არ უბლაგვდება, დანარჩენს თქვენც მიხვდებით-მეთქი... ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა ძმაკაცებმა და ჯგუფი შევქმენით, სადაც ყოველდღე "ვქეიფობთ" დისტანციურად. ჰოდა, ისმის ამ ჯგუფში ღმერთს დიდება, ჩვენ - მშვიდობა, ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს, პატარებს გაუმარჯოს და ა.შ.

ამ დღეებში ერთ სხარტულას გადავაწყდი: მეგობრები ონლაინში ქეიფობენ და ერთი მეორეს წერს: სკაიპში შემოდი, ღვინო დავლიოთო. მეორე პასუხობს: არა, მესინჯერში ლუდს ვსვამ და ვერ ავურევო...

ერთი ნაკლი ჰქონია ამ საყოველთაო კარანტინს - სულ ჭამაზე ვფიქრობთ. მეც, ბოლო კვირებში უკვე 3 კილოგრამი მოვიმატე. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, საღამოობით ერთი-ორი კილომეტრი ფეხით გავიაროთ ისე, რომ არავის შევეხოთ. უფრო შორ მანძილზე წასვლა არ შეიძლება და ჩვენც, კანონს ვემორჩილებით.

- ბოლო ხანებში გავრცელებული ხუმრობებიდან ყველაზე უფრო რომელი მოგეწონათ?

- რომელი ერთი ჩამოვთვალო. თუნდაც ეს რად ღირს: საქართველო სულ ამირანის იმედზეა, ხან - მიჯაჭვულის და ხან - გამყრელიძისო. მაგარი კაცია, მაგას ვენაცვალე! ამ სამეულზე ხალხში ძალიან ბევრი სხარტულა დადის, მაგალითად: ერთ მანქანაში 3 კაცი რომ უნდა იყოს, გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძის მოგონილია, მარინა ეზუგბაია შორს ცხოვრობს და მისი სახლში მიყვანა ეზარებათო. ამ დღეებში "ფეისბუკზე" ვიღაცამ დაწერა: საქართველო იმერლების ხელშია - ცერცვაძის, იმნაძის და გამყრელიძისო, თუმცა, გამყრელიძე აშკარად რაჭველია. ეს რომ ვთქვი, ჩემს ცოლს არ ესიამოვნა, თვითონაც იმერელია და უნდოდა გამყრელიძეც იმერელი ყოფილიყო. კიდევ ერთი სხარტულა მომეწონა:

გურულმა "წყალკანალში" დარეკა და ოპერატორს ეუბნება: ჩემო დაია, წუხელ გლახა სიზმარი ვნახე და წყალს გამოუშობ, თუ შენ მოგიყვეო? გურულები როგორც ყოველთვის, ამ კორონობის ჟამსაც აქტიურობენ.

მარნეულელებზეც კარგი სხარტულები გავრცელდა, მაგალითად: სუბარი ყველა ოჯახში შევაო და... მათ თურმე ავტომობილი ეგონათ... ერთმა ტაქსის მძღოლმა თქვა: ხელები იმდენ ხანს ვიბანე, რომ მე-7 კლასის "შპარგალკა" გამოჩნდაო. მოკლედ, ძალიან ბევრი "მარგალიტი" გავრცელდა და მათი ჩამოთვლა ახლა რთულია.

"იუმორინას" გასტროლები უნდა გვქონოდა და ჩაგვეშალა. იმედია, ეს კორონა მალე მოშორდება საქართველოს და მერე ჩვენ "იუმორინას" ახალი "ვირუსით" შემოვალთ, რომ ხალხი გავამხნევოთ და გავამხიარულოთ... ასე გაერთიანებული მსოფლიო არავის ახსოვს და ეს ერთმა პატარა ვირუსმა შეძლო. ასე რომ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეები: ბოლო ხანებში გარემო გაიწმინდა, ომები აღარ არის, მსოფლიოში ერთი ტყვია არ გავარდნილა.

ზოგჯერ ვფიქრობ: მაინც და მაინც სასიკვდილო ვირუსი უნდა გაჩნდეს, რომ ყველა ერთ მუშტად შეიკრას?

სულ ბოლოს კი, გეტყვით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ და ცოტა ხანს გავძლოთ ისე, რომ სახლში გავჩერდეთ - ეს ერთი თხოვნა მაქვს, ჩემო ძვირფასო ქართველებო, სხვა - არაფერი!

ხათუნა ჩიგოგიძე