"ცხოველები ჩვენთვის უსაფრთხო არიან და მათ მიმართ აგრესია უსამართლობაა!"
"ცხოველები ჩვენთვის უსაფრთხო არიან და მათ მიმართ აგრესია უსამართლობაა!"
"ცნობილმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ შიში, რომ ცხოველები დაინფიცირდებიან, უსაფუძვლოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემია უფრო გავრცელდებოდა... ბოლოს და ბოლოს, უამრავი დახოცილი ცხოველი ეყრებოდა ქუჩაში"

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც აშშ-ში ცხოველის ინფექციის პირველი შემთხვევაა და, შესაძლოა, ვეფხვის ინფიცირების პირველი შემთხვევაც იყოს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, ოთხი წლის მალაიზიურ ვეფხვსა და მასთან ერთად სხვა ექვს ვეფხვსა და ლომს, რომლებიც ავად გახდნენ, ინფექცია, სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომლისგან გადაედოთ. პირველ ვეფხვს სიმპტომების
გამოვლენა 27 მარტს დაეწყო. ბრონქსის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ცხოველის მალე გამოჯანმრთელებას ელიან. ეს აღმოჩენა ბადებს კითხვებს ცხოველებში ვირუსის გამოვლენის შესახებ, ამიტომ თბილისის ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს დავუკავშირდით.

- რადგან ვეფხვისა და ლომისთვის ანალიზის გაკეთება ძნელია, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი ვეფხვი დაეძინებინათ და ისე აეღოთ
ცხვირ-ხახის ნაცხი, რაც სამ ძალიან ცნობილ ლაბორატორიაში გაგზავნეს და დადებითი პასუხი მიიღეს, თუმცა მდგომარეობა სახიფათო არ არის - როგორც წერენ, მხოლოდ მადა შეუსუსტდათ ცხოველებს, სხვა მხრივ რთული მდგომარეობა არ აქვთ.

- მხოლოდ ეს ერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა "კოვიდ 19" ადამიანისგან ცხოველს გადაედო?
- ყვითელ პრესაში გავრცელდა ჰონკონგში პომერანული შპიცისა და ბელგიური კატის დაინფიცირების ამბავი, მაგრამ ეს ინფორმაცია საეჭვოა, რადგან დადასტურებული არ არის. ასევე, ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სტატია, მაგრამ არა რომელიმე ოფიციალურ სამედიცინო გამოცემაში, არამედ პრეპრინტის სახით აიტვირთა ინტერნეტში, რომელიც არგუმენტირებას მოკლებული და არასანდოა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ცდილობდნენ კატისთვის შეეყვანათ ვირუსი "კოვიდ 19". კორონავირუსები კატებს აქვთ - ეს არის კატისებრთა კოვიდვირუსები; არის ძაღლისებრთაც - ეს სხვა კოვიდვირუსებია. კატას კი შეუყვანეს "კოვიდ 19" და ის დაინფიცირდა, მაგრამ თუ ისევ ბრონქსის ზოოპარკის ვეტერინარის ინფორმაციას დავეყრდნობით - და, ალბათ, ერთადერთი სანდო წყარო სწორედ ის არის - ეს ვირუსი მის ორგანიზმში არ გამრავლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატას ძალიან დიდი რაოდენობით ვირუსი უნდა "შევაყაროთ ცხვირში, რომ როგორმე დაინფიცირდეს.

ორი კატა კი არა, უამრავი დაინფიცირდებოდა, გაცილებით მეტი, ვიდრე - ადამიანი, რადგან ცხოველს - განსაკუთრებით მაწანწალა კატებსა და ძაღლებს, ვერ აიძულებ, დაიცვან შესაბამისი წესები. გვაქვს მხოლოდ თითო-ოროლა საეჭვო ინფორმაცია და ერთი დადასტურებული ფაქტი ბრონქსის ზოოპარკში. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - არ ყოფილა ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემის არც ერთი შემთხვევა. ჩინელებიც კი წერენ თავიანთ ყვითელ სტატიებში, რომ ეს ვირუსი კატას ემართება, ძაღლს კი არა.

- რატომ არის საეჭვო ინტერნეტ სტატიების სანდოობა?
- ვეფხვის ანალიზი ჩატარდა კორნელისა და ილინოისის უნივერსიტეტებში და ეს სანდო ინფორმაციაა, რადგან მას ავრცელებს თვითონ ბრონქსი, მაგრამ როცა წერ, თითქოს რაღაც ანალიზი გაკეთდა, მაგრამ არ არის მითითებული, სად, რომელ ლაბორატორიაში, ეს სანდო აღარ არის.

- ჩვენი ზოოპარკის ცხოველები როგორ არიან?
- ბრონქსშიც კი ანალიზის ასაღებად ვეფხვი დააძინეს - სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან მღვიძარე ვეფხვს ჩხირი რომ ატაკო ცხვირში, შენგან აღარაფერი დარჩება. ასეთ ანალიზს თბილისში ვერ ვატარებთ, მაგრამ ჩვენი ვეტექიმები ახლაც, როგორც აქამდე, ყურადღებით აკვირდებიან ცხოველებს. "კოვიდ 19" არ არის ერთადერთი დაავადება, თან სათუოა, ემართებათ თუ არა ცხოველებს, მაგრამ სხვა დაავადებები ემართებათ, ამიტომ მათი ჯანმრთელობის ყოველდღიური შემოწმება აუცილებელია.

ცხოველის ავადობის პირველი ნიშანი არის მადის დაკარგვა; ისინი ინერტულები ხდებიან. საბედნიეროდ, ჩვენს ცხოველებს ასეთი ნიშნები არ ეტყობათ, ისინი კარგად არიან.

- სამწუხაროდ, ზოგიერთი ოჯახისთვის ერთი ცხოველის კორონავირუსით დაავადების შესახებ ინფორმაციაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები თავშესაფრებში ჩაებარებინათ...
- ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა. მგონია, ასეთები საბაბს ეძებენ, რომ თავიდან მოიშორონ ცხოველები, რომლებიც მოჰბეზრდათ. ბევრს ძაღლი თუ კატა მხოლოდ მოდის გამო ჰყავს, არადა ცხოველს სჭიდება მოვლა, რაც მალე ჰბეზრდებათ. ხშირად მანქანიდან ჩამოსვამენ და ტოვებენ. ეს საშინელებაა! ძაღლი უფრო სოციალური ცხოველია, ვიდრე კატა. კატა უფრო დამოუკიდებელია. მე ახლა სახლში მყავს ერთი ძაღლი და სამი კატა. ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ, მე კი ვერ ვგრძნობ საფრთხეს, რომ რაიმე დაავადებას მომიტანენ.

- აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ უპატრონო ძაღლები და კატები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ.
- ჩემს სახლთან ცხოვრობს ძაღლების ჯგუფი, რომლებსაც მთელი ქუჩა ვუვლით.
რაც შეეხება საფრთხეს, ისევ ბრონქსის ზოოპარკის შემთხვევას რომ მივუბრუნდეთ - ამ ზოოპარკისა და სხვა ცნობილმა სპეციალისტებმა "ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატიაში აღნიშნეს, რომ შიში უსაფუძვლოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემია უფრო გავრცელდებოდა, გამოვლინდებოდნენ დაინფიცირებული ცხოველები... ბოლოს და ბოლოს, უამრავი დახოცილი ცხოველი ეყრებოდა ქუჩაში - მაწანწალა კატასა და უსახლკარო ძაღლს ჟანგბადოვან გარემოს ვინ შეუქმნის და ფილტვების ვენტილაციას ვინ ჩაუტარებს?! დაავადებულ ცხოველებს ადვილად შევამჩნევდით ყველგან, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები არ ხდება - იტალიასა და აშშ-შიც კი! ეს ნიშნავს, რომ ეს ცხოველები ჩვენთვის უსაფრთხო არიან და მათ მიმართ აგრესია უსამართლობაა!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?