"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - რას ყვება ლევან რატიანის დედა? - კვირის პალიტრა

"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - რას ყვება ლევან რატიანის დედა?

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, დღითიდღე მატულობს საზოგადოების ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველ ხაზზეა.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქვთ, მათ შორის არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, რომელიც ყოველდღიური ბრიფინგებით გვატყობინებს მასთან მყოფი პაციენტების მდგომარეობას.

AMBEBI.GE ცნობილ და პოზიტიურ ექიმს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ლევან რატიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა და გაიზარდა. მეექვსე კლასამდე ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, მისივე გადაწყვეტილებით, სწავლა ფოთის მეორე გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.

ლევან რატიანის დედა მანანა გვასალია პედაგოგია. მამა - რევაზ რატიანი პროფესიით ინჟინერია, რომელიც ამჟამად პენსიონერია და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ჰყავს უმცროსი და. ლევან რატიანის მეუღლე გვანცა ჯანიგაშვილი პედიატრია. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: რატი, გიორგი და ლუკა.

AMBEBI.GE ლევან რატიანის დედას ესაუბრა. ქალბატონ მანანას შვილზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ლევანი ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და მიზანდასახული იყო. შვილის პირველი წარმატებაც კარგად ახსოვს.

"პირველ წარმატებას 1998 წელს მიაღწია. ლევანმა ისტორიის ოლიმპიადიაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას შემდეგ არ გაჩერებულა, არის არაერთი კონკურსისა თუ ტურის გამარჯვებული. იყო მერის სტიპენდიანტი. 1997 წელს როგორც საუკეთესო მოსწავლე პარლამენტს სტუმრობდა. პუნქტუალური და მოწესრიგებული ბავშვი იყო. ძალიან ბევრს კითხულობდა. ზოგჯერ ვთხოვდი დაესვენა, მაგრამ ჩემი არ ესმოდა", - ამბობს ქალბატონი მანანა.

ლევანი ექიმობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა.

"არგად მახსოვს, რომ დაიბადა და სახლში მოვიყვანეთ, ბებიამისმა ხმამაღლა განაცხადა, ეს ექიმი უნდა გამოვიდესო. ბაბუასაც ასე სურდა, რადგან თვითონაც პედიატრი იყო. პლატონ რატიანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იგი სოფელს დღესაც ახსოვს. მისი სამედიცინო ხელსაწყოები შენახული მაქვს.

სახლში ყველა ბალიში ლევანის მიერ ნემსებით იყო დაჩხვლეტილი. ჩემს შვილს სისხლსა და ხორცში გამჯდარი ჰქონდა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყო.

მას სხვა არაფერი აინტერესებდა. 2001 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე. მე მინდოდა პედიატრიულზე ჩაებარებინა, მაგრამ არ დამიჯერა . უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი", - ამბობს ქალბატონი მანანა.

ლევან რატიანმა თავდაპირველად მუშაობა არამეანცის საავადმყოფოში დაიწყო. თბილისისი თითქმის ყველა კლინიკაშია ნამუშევარი. ამჟამად კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ხელმძღვანელობს. სამედიცინო უნივერსიტეტში კი ლექციებს კითხულობს.

"ის, რომ ლევანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელია მისი შრომის შედეგია. უნივერსიტეტში, სადაც ის სწავლობდა, ყველამ დაინახა თუ როგორი მონდომებული იყო და ხელი შეუწყვეს, რომ მას წარმატებისთვის მიეღწია. აუცილებლად უნდა გავიხსენო ლევანის დეკანი, გარდაცვლილი თემურ პეტრიაშვილი. მისი დიდი დამსახურებაა ლევანის წარმატება, რადგან მან სათანადოდ შეაფასა ჩემი შვილის ცოდნა" - აცხადებს ქალბატონი მანანა.

ლევან რატიანი ძალიან დაკავებულია. გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ახერხებს მშობლების მონახულებას, მაგრამ მათ ყოველდღე ეხმიანება. რატიანის დედის თქმით, ქალიშვილიც რომ ექიმია, ლევანის დამსახურებაა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ყველა პაციენტი მესიზმრება ჩამოვლით " - რას ჰყვება კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი ლევან რატიანი