"ეცადეთ ინფორმაცია დოზირებულად მიიღოთ" - რას გვირჩევს ფსიქოლოგი? - კვირის პალიტრა

"ეცადეთ ინფორმაცია დოზირებულად მიიღოთ" - რას გვირჩევს ფსიქოლოგი?

დღეს მთელ მსოფლიოში მთავარი მოწოდებაა "დარჩი სახლში!". ჩვენც უნდა ვუთხრათ ჩვენს მკითხველებს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ იქნება, არ გავიდნენ შინიდან, თუმცა ძალიან ძნელია ამ სტრესულ ვითარებაში შინ გამოკეტვა, ყველას ფსიქიკამ ამას შეიძლება ვერ გაუძლოს. როგორ უნდა ვაჯობოთ ამ ვითარებაში სტრესს? - გვესაუბრება ფსიქოლოგი, სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- ეთნოფსიქოლოგები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა ერის ფსიქოლოგიას, გამოყოფენ კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებს. პირველი სამხრეთულ ერებში გვხვდება, მეორე - ჩრდილოურში. ქართველები სწორედ კოლექტივისტურ კულტურას წარმოვადგენთ, ყველა ჩვენი წეს-ჩვეულება სწორედ ამაზე მეტყველებს. შესაბამისად, ჩვენთვის ორმაგად რთულია იზოლაციის დაცვა. თუმცა ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობაა ისიც, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მეტ-ნაკლებად ცდილობს დისტანცირებასა და რეგულაციების შესრულებას. ადვილი არ არის ერთბაშად თავყრილობებზე უარის თქმა. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არღვევენ საგანგებო მდგომარეობის წესებს. თუ ასეთი შემთხვევები გახშირდა, ალბათ, მთავრობა მთელ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებას გადაწყვეტს.

რაც ხდება იტალიაში, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ კოლექტივისტური კულტურის შედეგია. ამ ძალიან გულღია ერისთვის დამახასიათებელია მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები. მთელი მათი კულტურა აგებულია ადამიანების ერთად ყოფნაზე, ამიტომაც მათთვის შინ ჩაკეტვა წარმოუდგენელი იყო, საბოლოოდ კი ასეთი სავალალო შედეგი მიიღეს.

ქართული ანადაზა ამბობს, "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო". რთულია, ამ ანდაზის შემქმნელი ერი მარტოობაში გამოიკეტოს, ამიტომაც გაუჭირდა ბევრს ფსიქოლოგიურად. მეკითხებით, როგორ გავუმკლავდეთ ამას? უპირველესად ვიტყვი, ადამიანს დროდადრო აუცილებლად სჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, საკუთარ მნიშვნელობასა და ცხოვრებაზე დაფიქრება. ჩვენც და მსოფლიოსაც ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმის გამო, ამისთვის დრო თითქმის არ გვრჩებოდა, ახლა მოგვეცა ამის საშუალება.

საკუთარ თავთან დარჩენა კარგი გზა საიმისოდ, რომ ბევრი პრობლემა გადაწყვიტოთ. როგორც ფსიქოლოგი გავიხსენებ ერთსაც: იაპონელებს აქვთ ასეთი ფსიქოთერაპიული მეთოდი, როდესაც პაციენტს უშვებენ ცალკე ოთახში და გარედან კეტავენ. ოთახში ყველაფერია, საკვებსაც აწვდიან, მაგრამ მარტო ამყოფებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მარტო ყოფნისას ის თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკეთესად დაინახავს და მოაგვარებს კიდეც.

უამრავი საშუალებაა დროის გასაყვანად: კითხვა, რაღაც ახლის სწავალა. გასაგებია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო საინფორმაციო სივრცე ინტერნეტსა თუ ტელევიზიაში ნეგატიური ინფორმაციითაა გადავსებული, ამიტომ ეცადეთ ინფორმაცია დოზირებულად მიიღოთ. არ არის აუცილებელი ყველაფერი ნახოთ და წაიკითხოთ, რაც კი კორონავირუსის შესახებ ვრცელდება. იცოდეთ, რომ ძალიან ბევრია ცრუინფორმაციაც. დღეს ხომ ფეიკების ეპოქაა - ერთ სწორ ინფორმაციაზე 50 ფეიკი მოდის. ამიტომ გაუფრთხილდით თავს. სხვათა შორის, კორონავირუსმა უფრო ნათლად წარმოაჩინა ცრუინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანი.

ზოგჯერ აშკარად ჩანს, რომ პანიკის გამოსაწვევად მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუინფორმაციას. ამიტომაც მომავალში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს კატასტროფების დროს საინფორმაციო სისტემების გაკონტროლება.

იმავდროულად, აქტიურდება საინფორმაციო უსაფრთხოების თემაც, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა საინფორმაციო შტურმიც კი დაიგეგმოს პანიკისა და არეულობის გამოსაწვევად.

- რას ისწავლის კაცობრიობა ამ კრიზისისგან ან ისწავლის კი რამეს?..

- (იცინის) თქვენი ბოლო რეპლიკა მომეწონა, რადგან კაცობრიობას აქამდეც არაერთი კრიზისი გაუვლია, თუმცა ყოველთვის ვერ მოახერხა სწორი დასკვნების გამოტანა. საქმე ის არის, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რაღაც ისწავლოს. მაგალითად, არაერთმა სისხლისმღვრელმა ომმა ევროპას ბევრი ვერაფერი ასწავლა. შედეგად, პირველ მსოფლიო ომს დიდწილად სიხარულით შეხვდნენ, ადამიანები ეგზალტირებულები გარბოდნენ ომში. მისი დასრულების შემდეგ თითქოს გაქრა ომისადმი ჰეროიკული დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. აი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, როცა გამოცადეს ატომური ბომბის კოშმარული ძალა, დედამიწაზე მსოფლიო ომის მსგავსი მასშტაბური კონფლიქტის წამოწყებას ძალიან ერიდებიან და კონფლიქტები ლოკალური გახდა. ასე რომ, სრულიად მართებულია თქვენი შეკითხვა - ვისწავლით კი რამეს? მე ამას დავამატებდი - არის კი მსოფლიო მომწიფებული იმისთვის, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს? ვნახოთ, ღმერთმა ქნას. იხილეთ სრულად