მამალოებიდან საპნებამდე
მამალოებიდან საპნებამდე
"საბავშვო პურების გამოცხობასაც ვაპირებ. ჯერჯერობით ათი ბიზნესიდეა მაქვს... ჩემი სამომავლო გეგმა კი სოფელში ცხოვრება და ბევრი ადამიანის დასაქმებაა"

12 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძე შარშან მთელმა საქართველომ გაიცნო. ოჯახს ფინანსურად რომ გაუჭირდა და უსახლკაროდ დარჩა, პატარა ბიზნესმენმა მამალოების კეთება და მათი ახლომახლო მაღაზიებში ჩაბარება დაიწყო. პირველად 15 ლარი აიღო და პატარა დას საწოვარა უყიდა, დარჩენილი ფულით კი სილიკონის პეპლის ფორმები შეიძინა, რომ მეორე დღეს უფრო მეტი კანფეტი ჩამოესხა. თეოდორას, პატარა დის
პატივსაცემად, კანფეტს "დორა" დაარქვა. დროთა განმავლობაში ეტიკეტზეც იზრუნა. მის ყველა კანფეტს Stop Russia აწერია და ეს მკაფიო გზავნილია ოკუპანტი ქვეყნისთვის. თავდაპირველად გიორგის ბიზნესიდეას არასერიოზულად უყურებდნენ, მაღაზიებიც არ იბარებდნენ პროდუქციას, მაგრამ მალე პირიქით - მიტანა მოსთხოვეს. გიორგის დახმარებით ოჯახმა ფინანსური კრიზისი დასძლია, პატარა ბიზნესმენმა კი ახლახან
მინიატურული საპნებისა და სველი ხელსახოცების დამზადება დაიწყო.

- გიორგი, თავდაპირველად შენი მამა­ლოების ბიზნესზე მოგვიყევი.

- ჩემი მამალოების ბიზნესი ძალიან კარგად ვითარდებოდა. საერთაშორისო შტრიხკოდი ავიღე და ორ კვირაში ქსელურ მარკეტებშიც უნდა შემეტანა პროდუქცია, მაგრამ კორონავირუსი გამოჩნდა და ხელი შემიშალა. ამჟამად ჩემი "მამალოები" ისევ მხოლოდ უბნის მარკეტებში იყიდება. შექმნილი მდგომარეობის გამო აღარც ონლაინშეკვეთები მაქვს.



- შენს ოჯახზე მოგვიყევი...
- ფინასური კრიზისი დავძლიეთ და, როგორც იქნა, ამოვისუნთქეთ, მაგრამ კორონას სა­ხით­ ახალი­ პრობლემა გამოჩნდა... თუმცა, არა უშავს, ესეც გაივლის. მშობლები ისევ გვერ­დით მიდგანან და ჩემს ბიზნესში არიან ჩართული.

- როგორ გაჩნდა ერთჯერადი ხელსახოცებისა და მინიატურული საპნების იდეა?
- როდესაც მა­რკეტებში ისე ვეღარ ხერხდებოდა ჩემი პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადრე, საპნის დამზადებით დავინტერესდი და Gოოგლე-ის მეშვეობით ვისწავლე. მერე ერთ ჯგუფში ძალიან კარგი­ გოგო, მარიამ თვალიაშვილი გავიცანი. ის ამერიკაში ცხოვრობს და ხელნაკეთ საპნებს აკეთებს. დავუმეგობრდი და პროფესიონალურად მასწავლის საპნის ჩამოსხმას. მითხრა, ნედლეულის შეძენაშიც დაგეხმარებიო.



- საპნის დამზადება ძნელია. შენ რომელ ტექნოლოგიას იყენებ?
- ამჟამად ვიყენებ ცხელ ტექნოლოგიას და ვსწავლობ ცივი მეთოდით დამზადებას, რომლისთვისაც საპნის ბაზა, ყალიბები, ეთერზეთები, ანტიალერგიული საღებავები ან საკონდიტრო საღებავია საჭირო, თუმცა არ მინდა, საღებავი გამოვიყენო. ცივი მეთოდით დამზადებულს საბოლოო შედეგის მისაღწევად ორი კვირა სჭირდება, ცხელი ტექნოლოგიით დამზადებისას კი საპონი ერთ დღეში მზადაა.

- შენი მინიატურული საპნები რამდენ გრამიანია? ბავშვებისთვის დაამზადე?
- ძირითადად, 50-გრამიანია; ახლა 30-გრამიანებიც ჩამოვასხი. სხვადასხვა გამოსახულებით ვამზადებ, მაგრამ მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის.
სამომავლოდ სასტუმროებისთვის ერთჯერადი, მრგვალი საპნებიც მინდა გავაკეთო. ხუთდღიანი წვალების შემდეგ ჯერ ეს არის, რასაც ხედავთ, მაგრამ ეს დასაწყისია - ძალიან ლამაზი და საინტერესო შეფუთვა ექნება. ფიგურების ყალიბებს რაც შეეხება, ზოგს ამერიკიდან ვიწერ, ზოგს მე თვითონ ვამზადებ. მაგალითად, ერთ-ერთზე ჩარლი ჩაპლინის სახეა გამოსახული. სულ ათი ცალი მაქვს დამზადებული. ერთჯერად სველ ხელსახოცებს რაც შეეხება, შეფუთვაში მხოლოდ ერთი ცალია. ძალიან კომფორტულია მისი შენახვა და ჯიბით ტარებაც კი. თუ ინვესტორი გამოჩნდება, კიდევ ბევრი იდეა მაქვს.
საბავშვო პურების გამოცხობასაც ვაპირებ და აუცილებლად გავაკეთებ. ჯერჯერობით ათი ბიზნესიდეა მაქვს რვეულში ჩამოწერილი. ჩემი სამომავლო გეგმა კი სოფელში ცხოვრება და ბევრი ადამიანის დასაქმებაა.

ნათია სიბაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?