"თავის მოკვლის საშუალებას არ მაძლევდნენ და სხვებს ვთხოვდი, მომკალით-მეთქი" - კვირის პალიტრა

"თავის მოკვლის საშუალებას არ მაძლევდნენ და სხვებს ვთხოვდი, მომკალით-მეთქი"

"ჯარისკაცი ყოველთვის მზად არის სიკვდილისთვის, მაგრამ იოლი არ არის ცხოვრების თავიდან დაწყება"

კაპრალი ალეკო გითოლენდია 34 წლისაა. 10 წლის წინ ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, ორივე ქვედა კიდური დაკარგა და მარცხენა ხელის მძიმე დაზიანება მიიღო. რთული პერიოდი ღირსეულად გადაიტანა და დღეს კვლავ ჩვენი ქვეყნის სამსახურშია.

- აფხაზეთიდან ვარ, გალში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. შემდეგ ფოთში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და 2007 წლის ნოემბერში შეიარაღებულ ძალებში ჩავირიცხე.

- ვიცი, რთულია, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ ის დღე?..

- 2010 წლის აპრილიდან ავღანეთში ვმსახურობდი. იქ სულ სხვა სამყაროა, ხალხი წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს - არ არის ტელევიზორი, ელექტროენერგია. სოფლებში დავდიოდით, ვხვდებოდით მოხუცებსა და ბავშვებს, ვიგებდით, რა პრობლემები ჰქონდათ და რითაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით - საწვავით, რვეულებით, ზოგჯერ ტანსაცმელსა და სათამაშოებსაც ვჩუქნიდით...

ავღანეთში იყო ბაზრობა, სადაც ბავშვები ნარკოტიკებით, წამლითა და იარაღით ვაჭრობდნენ. დაიგეგმა ოპერაცია, რომ ეს ბაზარი აგვეღო. ღამით პოზიციები დავიკავეთ და გათენებას ველოდით. ამბოხებულების ჯგუფი მოსალაპარაკებლად ჩადიოდა სოფელში და როგორც კი მთიდან დაეშვნენ, ცეცხლი გახსნეს. ერთი საათის განმავლობაში ისროდნენ სნაიპერები... მეთაურის ბრძანება მივიღე, რომ ბაზიდან გამოსული ჯგუფისთვის მიმართულება მენიშნებინა... სწრაფად გავრბოდი და ამ დროს დავაბიჯე ნაღმზე. ფეხი რომ დავადგი, ტკაცუნის ხმა გავიგონე და აფეთქების ადგილიდან 10-15 მეტრში გადამისროლა. ვიფიქრე, ყუმბარმტყორცნი ისროლეს და წნევამ გადამაგდო-მეთქი. წამოდგომა და გზის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი - წავიქეცი. გონება არ დამიკარგავს და მალევე მივხვდი, რომ არც ერთი ფეხი აღარ მქონდა. თავიდან ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ შეგრძნება მალევე დამიბრუნდა. ერთი ამერიკელი ბიჭი დამეხმარა, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი. გამაყუჩებელი სამჯერ გამიკეთეს, მაგრამ მაინც საშინელი ტკივილი მქონდა. თავის მოკვლის საშუალებას არ მაძლევდნენ და სხვებს ვთხოვდი, მომკალით-მეთქი. მეგონა, ერთი პროცენტიც არ მქონდა გადარჩენის შანსი...

ავღანეთშივე გადამიყვანეს სამედიცინო ცენტრში, პირველადი დახმარებაც იქ ჩამიტარდა. მერე მომამზადეს მგზავრობისთვის და 3 დღის შემდეგ გადამაფრინეს გერმანიაში. 5 თვე ვმკურნალობდი, 28 ოპერაცია გამიკეთეს ნარკოზით და 3 - უნარკოზოდ, მერე კიდევ დამჭირდა და სულ 36 ოპერაცია ჩამიტარდა. რომ არა იქაური ექიმები, რომლებიც ფსიქოლოგიურადაც მამზადებდნენ, ამას ვერ გადავიტანდი. ჯარისკაცი ყოველთვის მზად არის სიკვდილისთვის, მაგრამ იოლი არ არის ცხოვრების თავიდან დაწყება. უფრო მეტად ყოფით პრობლემებზე ვნერვიულობდი. ახალი დაქორწინებული ვიყავი - ავღანეთში წასვლამდე 5 თვით ადრე მოვიყვანე ცოლი, არც სახლი მქონდა, არც კარი და ვფიქრობდი, რომ ამ მდგომარეობაში ვერაფრის გაკეთებას ვეღარ შევძლებდი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ აუცილებელია სპორტულ აქტივობებში ჩაერთო, მიზანი დაისახო და მისკენ მიმართო გონება. ამერიკაში სპორტული ღონისძიებები ხშირად ტარდებოდა და იქ პროთეზირებისა და რეაბილიტაციისთვის რომ წავედი, სურვილი გამიჩნდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. დავიწყე ვარჯიში და ცურვაში, 500-მეტრიან დისტანციაში პირველი ადგილი დავიკავე. შარშან ამერიკაში, პარაკალთბურთში, ოქროს მედალი ავიღეთ ქართველებმა, ცურვაში - ბრინჯაოს მედალი... დამეხმარა ფილოსოფიური ლიტერატურაც. პირველ რიგში, თვითონ უნდა გინდოდეს, იყო ბედნიერი, ცხოვრებისა და ბრძოლის სურვილი დაგიბრუნდეს. ამიტომ ვურჩევ ყველას, შინ არ ჩაიკეტონ. მახსოვს, გერმანიაში ექიმები ოპერაციის დღესვე მავარჯიშებდნენ და ამის გამო ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ დღეს მადლობელი ვარ, მოდუნების საშუალებას რომ არ მაძლევდნენ. ამ ყველაფრის დაძლევაში მნიშვნელოვანია ოჯახის, მშობლების, მეუღლის, მეგობრების თანადგომაც. მაგრამ შენ თუ ხელს ჩაიქნევ, ვერავინ დაგეხმარება. საკუთარ თავს უნდა აჯობო. ბევრჯერ სიბრალულითაც შემოგხედავენ, უი, საცოდავიო, მაგრამ ასეთ დროს უნდა შეძლო და გაიღიმო.

- თქვენი ოჯახის შესახებაც მითხარით. - მყავს მშობლები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და უფროსი ძმა. სამხედრო აკადემიაში ვირიცხები და ამჟამად გორში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე, დიანა ოსეფაიშვილი გურიიდანაა, წლისა და 3 თვის ელენიკო გვყავს. საუცხოო გრძნობაა მამობა, ამაზე უკეთესი არაფერია. ორი კვირაა, რაც დიანამ ბავშვი სოფელში წაიყვანა და ძალიან მენატრება.

- ასეთი სულიერი ძლიერების მიუხედავად, არასდროს გინანიათ თქვენი გადაწყვეტილება, გამხდარიყავით ჯარისკაცი?

- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამხედრო ვყოფილიყავი. პატარაობიდან მესმოდა, რომ ვცხოვრობდი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიწაზე, რომელიც ჩემი იყო, მაგრამ... სურვილი მქონდა, წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში და მემსახურა მისთვის. ამიტომ ერთი წამითაც არ მინანია, პირიქით, ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადექი. ყველანაირი მდგომარეობიდან არის გამოსავალი, მთავარია, სულიერად არ დაეცე!

ნინო ჯავახიშვილი