მეუფე ანანია: "მრევლს შევთხოვთ, გაიაზროს, რომ პანდემია ავადმყოფობაა და შეგნებულად მოეკიდოს ნებისმიერ შემთხვევას..." - კვირის პალიტრა

მეუფე ანანია: "მრევლს შევთხოვთ, გაიაზროს, რომ პანდემია ავადმყოფობაა და შეგნებულად მოეკიდოს ნებისმიერ შემთხვევას..."

"ვიღაცები გულმოდგინედ ცდილობენ ეკლესიის როლის სხვაგვარად წარმოჩენას. სტიქაროსნის დაინფიცირების გამო დიდი აურზაური ატყდა. არადა, მას ოჯახის წევრი ჰყავდა დაინფიცირებული, ეკლესიიდან არაფერი წაუღია, თუმცა პირიქით წარმოაჩინეს და სანამ სიმართლე გაირკვა, იმ ძალამ, რომელიც ეკლესიას ვერ ეგუება, ერთი ამბავი ატეხა..."

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო და მართლმადიდებელი სამყარო ინტერესით მოელის, როგორ ჩატარდება საუფლო დღესასწაულები. პანდემიის გამო შეცვლილ რეალობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი მეუფე ანანია (ჯაფარიძე) გვესაუბრება.

- საუკუნეში ან ორ საუკუნეში ერთხელ ყოველთვის გვევლინებოდა ასეთი განსაცდელი და ვრცელდებოდა ეპიდემიები. ისტორიამ ზოგი შემოგვინახა, ზოგი ვერა.

უამრავი ცოდვა აწევს სამყაროს, დედამიწას და ხანდახან მასაც სჭირდება თავისი ძალის შეხსენება. რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირსო, მესმის ბოლო ხანებში. მხოლოდ აბორტით რამდენი დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლე შეაჩერეს ადამიანებმა? ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა ჩაიდინოს კაცმა მოდგმის წინაშე?

თუმცა უფალი ყველაფერს გვპატიობს, ბუნება არ გვპატიობს... უფალი გვაფხიზლებს, რომ სადღაც შევჩერდეთ და მჯერა, ამ განსაცდელს გადავურჩებით, თუკი გავითვალისწინებთ რეგულაციებს. ამას ამბობს პატრიარქიც და ჩვენც იმავეს ვიმეორებთ - მივყვეთ სპეციალისტების რჩევებს და გართულებებისგან დაზღვეული ვიქნებით.

- თუმცა სწორედ ეკლესიის შესახებ ისმის შენიშვნები დისტანციის დაუცველობის გამო. - სანამ თქვენ გაგესაუბრებოდით, რამდენიმე ბანკის წინ მომიწია ჩავლამ და არც ერთ მსგავს დაწესებულებასთნ არ იცავდნენ დისტანციას. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, გულისტკივილს გიზიარებთ.

ახლა ყველა ერთი საფრთხის წინაშე ვართ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერას თავი უნდა დავანებოთ, ტკბილი ენით ავუხსნათ ერთმანეთს, რომ ყველგან ერთნაირი სიტუაცია უნდა იყოს, ბანკშიც, სურსათის მაღაზიაშიც და ღვთის სახლშიც...

ჩვენ პატრიარქისგან გვაქვს კურთხევა, ვარდის წყლით გავწმინდოთ ხატები და სხვა ნივთები, დისტანციასაც ვიცავთ. გაცილებით დიდი სიფრთხილე და კულტურა იგრძნობა ტაძრებში...

თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც აწყობთ ეკლესია ხალხისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ინსტიტუტად გამოიყვანონ. მუდმივად იყვნენ ასეთი მედროვეები, რომლებიც თავის დროზე ცეკას მდივნებად მუშაობდნენ, შემდეგ ეროვნულ მოძრაობას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ახლა თავი ფსევდოლიბერალებად მოაქვთ და სინდისისგან გათავისუფლებულები თავიანთ აღზრდილებთან ერთად ყველა გზით ცდილობენ ეკლესიის მიმართ ვიღაცები მტრულად განაწყონ.

ფსევდოლიბერალები შემთხვევით არ მითქვამს. ჩანს, ამ ჯგუფმა არც იცის ლიბერალების ნამდვილი არსი..

წმინდა ილია მართალიც ლიბერალი იყო, მაგრამ ის არგუმენტირებულად, სამართლიანად განსჯიდა ყველას. ფსევდოლიბერალებს თავიანთი გეზი აქვთ, ტრადიციებს გამეტებით ებრძვიან და ათეისტური განწყობების დათესვას ცდილობენ. ამით ძალიან მაგონებენ ბოლშევიკებს.

მე კომუნისტების დროსაც ეპისკოპოსი ვიყავი და მაშინაც იყვნენ ასე მოაზროვნენი, ზუსტად იგივე ტერმინოლოგია ჰქონდათ.

- მართლაც რომ გავრცელდეს მრევლში ვირუსი, ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა უფრო მეტ ადამიანს შეეცვალოს... - ყველანი ადამიანები ვართ, მათ შორის მღვდლებიც და ამიტომ ვამბობ - წესები არ უნდა დავარღვიოთ, რადგან

ერთი ზედმეტი ნაბიჯიც კი შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს გმირ მედიკოსებს, ყველა თეთრხალათიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის, ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციას პატივს ვცემთ და ვლოცავთ. იქ ჩვენი შვილები, სისხლი და ხორცი დგანან, ბიჭები და გოგონები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლაში დღე-ღამეს ასწორებენ. ვაცნობიერებთ მათ სიმამაცეს. შესაბამისად, სახელმწიფოს მითითებას პატივს ვცემთ.

ისევ ჩვენი სიკეთისთვის ვაკეთებთ ამას და სხვებსაც მოვუწოდებთ მეტი ჰიგიენისკენ, რაც აუცილებელია და ამ ეტაპზე საუკეთესო მექანიზმია ვირუსის პრევენციისთვის... ვიღაცები მაინც გულმოდგინედ ცდილობენ ეკლესიის როლის სხვაგვარად წარმოჩენას. სტიქაროსნის დაინფიცირების გამო დიდი აურზაური ატყდა. არადა, მას ოჯახის წევრი ჰყავდა დაინფიცირებული, ეკლესიიდან არაფერი წაუღია, თუმცა პირიქით წარმოაჩინეს და სანამ სიმართლე გაირკვა, იმ ძალამ, რომელიც ეკლესიას ვერ ეგუება, ერთი ამბავი ატეხა.

აღდგომის დღესასწაულები მოდის, ძალიან განვიცდი ასე საუბარი რომ მიწევს იმ ადამიანებზე, რომელთა ჯანმრთელობისა და სიმშვიდისთვის ჩვენ განურჩევლად ვლოცულობთ, მაგრამ გული ჩვენც გვტკივა და განვიცდით ამ ვითარებას.

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოდის და ყველა ელოდება ეკლესიის გადაწყვეტილებას ღამის თევის შესახებ. 9 საათზე კომენდანტის საათი იწყება... - ველოდები პატრიარქის გადაწყვეტილებას, როგორც გვაკურთხებს, ისე მოვიქცევით.

ჩემს მრევლს მუდმივად ვურჩევ ზედმიწევნით დაიცვას სახელმწიფოს ყველა მითითება. ტაძარში იატაკზე ორი მეტრის დისტანციით შემოხაზული გვაქვს წრეები, შევიძინეთ აპარატურა, რომ გარეთ მყოფებმა მოგვისმინოს. სამხედრო დანაყოფი გეგონებათ, ისე ვიცავთ წესს.

თუ სადმე არ იცავენ, უნდა გამოვასწოროთ, ოღონდ არა ასეთი ხისტი და შემტევი კილოთი - სიყვარულით, სიმშვიდით...

- ევქარისტიაზეც გკითხავთ, ერთი კოვზით ზიარების შესახებ კვლავ გრძელდება კამათი. - მინდა ყველა დავამშვიდო, ათასჯერ ნათქვამს გავიმეორებ - ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღებით სენი არ გადადის. ორშაბათიდან ვნების შვიდეული დაიწყო. დიდ ხუთშაბათს საგანგებო წირვას ჩავატარებთ. ამ დღეს ჩვენმა მაცხოვარმა საიდუმლო სერობა გამართა. დიდ ხუთშაბათს ეპისკოპოსები ვკვეთავთ საგანგებო ტარიგს, ღვთისადმი შესაწირს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ავადმყოფებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ნაწილდება და მას კოვზი არ სჭირდება. ის გაჟღენთილია ქრისტეს სისხლით. თუ იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც ეჭვი ექნება, მღვდელი მას სახლში მიუტანს და კოვზის გარეშე აზიარებს. ასევე მრევლს შევთხოვთ, გააცნობიეროს და გაიაზროს რეალობა, რომ პანდემია ავადმყოფობაა და შეგნებულად მოეკიდოს ნებისმიერ შემთხვევას.

უფალმა არაერთხელ დაგვანახა, რომ მთავარია ჭეშმარიტი სიყვარული, სათნოება და გულწრფელი სინანული. სიკვდილი აქვეა, მეზობლად და ყველაფერი, მისი სიყვარულისა და რწმენის გარდა, ამაოა. გამოჩნდა ერთი პატარა, უხილავი ვირუსი და კაცობრიობას აჩვენა, რომ დროებით არის მოვლენილი ამ წუთისოფელში, რომ სიკეთე არის სინათლე, რომელიც მისი წასვლის შემდეგ რჩება. ეს ზოგმა დაინახა, ზოგმა ჯერ ვერა. ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში უპოვრების თავიანთი ხელით დაპურება გადაწყვიტეს, ანუ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე უფალი და სიყვარული წარმართავს ყველაფერს. ამიტომ

იქნებ ცოტა მეტი მოვუთმინოთ და დავუთმინოთ ერთმანეთს, მეტი ვისწავლოთ ერთმანეთისგან სიყვარულით, შენდობით და არა, განქიქებითა და ჩასაფრებული პოზიციით...

კიდევ ერთი, რაც ამ ვირუსმა დაგვანახა - მას აქვს სიკეთეებიც, რაც შესაძლოა ჯერ არ ჩანს, თუმცა ზოგი ხილულია.

- რას გულისხმობთ? - მე ჩემს მიწაზე მცხოვრები, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და ღირსეული მოქალაქე, ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ

ამ ჟამიანობამ დაგვანახა, რომ ჩვენი ენა, ქართული, სახელმწიფო ენა ყველამ უნდა იცოდეს. ამაში სახელმწიფოც უნდა აქტიურობდეს და გზებს ეძებდეს, რათა ეთნიკურმა უმცირესობამ, ბოლოს და ბოლოს, ქართულად იმეტყველოს.

ჩვენ ვნახეთ მოქალაქეები, რომელთაც არ ესმით არც სახელმწიფოს, არც მედიის ხმა და ვერ გაიგეს ამ საშიში ვირუსის შესახებ. შესაბამისად, ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. სახელმწიფოს შენება ბევრი კომპონენტისგან შედგება და ენის ცოდნა უპირველესია. ამ პატარა ქვეყანაში არის რეგიონები, სადაც ქართული არ ესმით. ეს დაუშვებელია! თავად ასეთ საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს სახელმწიფო ენის შესწავლა...

ერთი ქართველი ემიგრანტი ამბობდა, ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ლტოლვილებს ინგლისურს ვასწავლიო. ნუთუ ქართველებში არ უნდა დაიბადოს ისეთი ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანაში თავის ხალხს სახელმწიფო ენას ასწავლის?! მე სიღრმისეულად ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, მის კონფლიქტებს და უამრავი შეცდომის გახსენება შემიძლია, რომელიც ქართველებმა სახელმწიფოს საზიანოდ დავუშვით, თუმცა არ მინდა პარალელების გავლება.

რადგან თქვენი გაზეთი აღდგომის კვირას გამოდის და "კვირის პალიტრის" 25 წლის იუბილეც გაქვთ, გლოცავთ და ვლოცავ განურჩევლად ყველას. ვიყოთ ღმერთთან ახლოს, შორს გახედვა და სამშობლოსთვის სიკეთის კეთება ვისწავლოთ. მიხარია, რომ ხალხი თავის მიწა-წყალს უბრუნდება. იქნებ ათას ქვეყანას შეხიზნულმა ქართველობამ ახლა მაინც დავაფასოთ ჩვენი მიწის მადლი. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, სოფლის მეურნეობას მივხედოთ, რომ ჩვენი პური გვქონდეს. როცა შენს თავს და შენს ქვეყანას შეიყვარებ და უფალს დაუახლოვდები, ის უფრო მეტად შეგიყვარებს. მხოლოდ ასე დავდგებით სხვა დიდი ერების გვერდით ღირსეულად.

ეს ვირუსი კი მივიღოთ როგორც განსაცდელი გაძლიერებისთვის, ერთმანეთისა და უფლის დანახვისთვის. თორემ სახადის მეტი რა გამოუვლია ქართველ ხალხს. ჩვენი დიდი ვაჟა-ფშაველა წერილში "ფიქრები ხოლერას გამო" წერდა: ვგონებ შაჰ-აბასის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ: ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდაო..." ასე რომ, ჩვენ, სიცოცხლის და ჭირშიც იუმორის მოყვარულმა ხალხმა, უფლისა და ერთმანეთის სიყვარულით ამასაც უნდა გავუძლოთ.