"საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილად უნდა იჩქაროს" - კვირის პალიტრა

"საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილად უნდა იჩქაროს"

"ეპიდემიურმა კრიზისმა საქართველოში რამდენიმე დადებითი ფაქტი დაგვანახა. მოსახლეობაში ჯანდაცვის სისტემის მუშაკების ნდობა გაიზარდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია. ფაქტია, ჯანდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საზღვრის სამსახური, საგარეო ურთიერთობები, ფინანსური სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების რგოლები - შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებენ, რაც აღნიშვნის ღირსია. თუმცა ამან არავითარი შემთხვევაში არ უნდა მოგვცეს მშვიდად ყოფნისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. მცირეოდენი მოდუნება და, ამხელა შრომა წყალში ჩაიყრება..."

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრეთ თბილისის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელ დირექტორს, მეცნიერებათა დოქტორ გიორგი შაქარიშვილს. მას გლობალური ჯანდაცვის სფეროში ოცწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ამჟამად ჟენევაში შიდსის, ტუჩბერკულოზისა და მალარიის გლობალურ ფონდში მუშაობს; ასევე ფლობს მეცნიერებათა დოქტორის (ოქსფორდის უნივერსიტეტი) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის (ბოსტონის უნივერსიტეტი) ხარისხებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მსოფლიო ბანკში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

- ბატონო გიორგი, მსოფლიო რუკაზე პანდემიის პიკი ხან ერთ ქვეყანაში ფიქსირდება, ხან მეორეში - ამჟამად უმძიმესი ვითარებაა ამერიკაში... მეცნიერთა ნაწილის თქმით, მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. რა ვერ გათვალა თუნდაც ამერიკამ, რომლის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში მოწინავედ ითვლება?

- ათეული წლებია აშშ-ს დამსახურებულად უკავია მსოფლიო ლიდერის როლი ჯანდაცვის დარგში, თუმცა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა ჯანდაცვის სფეროს ჩარჩოებს სცილდება და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამიტომ თუნდაც ისეთი ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე ჯანდაცვის სისტემა, როგორიც აშშ-ს აქვს, პანდემიასთან საბრძოლველ პანაცეად ვერ გამოდგება... სპეციალისტები CNN, NY Times-სა და სხვა მსგავს გამოცემებთან იმ მიზეზებზე საუბრობენ, რომელიც COVID19-თან ბრძოლაში აშშ-ს ჯერჯერობით წარუმატებელი ბრძოლისას იკვეთება. ერთ-ერთი მიზეზია ტრამპის ადმინისტრაციის სტრუქტურული და საკადრო გადაწყვეტილებები. კერძოდ, 2018 წელს გაუქმებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შემავალი გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების განყოფილება; დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისთვის შემცირებული ბიუჯეტი. ექსპერტების აზრით, ამან შეასუსტა ეპიდსიტუაციებზე ფედერალური მთავრობის ადრეული რეაგირების და ეფექტიანად მართვის შესაძლებლობა.

კიდევ ერთ მიზეზი მძიმე ბიუროკრატიული წნეხი და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებაა. მაგალითად, "ასოშიეითედ პრესის" ფედერალური შესყიდვების კონტრაქტების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფედერალურმა უწყებებმა მარტის შუა რიცხვებამდე არ შეიძინეს დამცავი ნიღბები, სასუნთქი აპარატები და სხვა პროდუქცია, რომლის საჭიროებაზეც ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებიდან იყო საუბარი. ამიტომაც პაციენტთა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის მართვისას სამკურნალო დაწესებულებებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ, ეს კი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი გახდა.

თუმცა ყველაზე ხშირად სოციალური დისტანცირებისა და ლაბორატორიული ტესტირების გვიან დაწყება განიხილება...

- გვერდს ვერ ავუვლით ევროპაში არსებულ მძიმე ვითარებასაც. სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაც არის, რასაც ხელისუფლებების დაგვიანებული რეაგირება, მოუმზადებლობაც ემატება... - ევროპის მოსახლეობა ჰომოგენური არ არის. კონტინენტის სხვადასხვა რეგიონი, მაგალითად, სკანდინავია, სამხრეთი ევროპა, ცენტრალურ-აღმოსავლეთი ევროპა ერთმანეთისგან მოსახლეობის ქცევითი თავისებურებებით მკვეთრად განსხვავდება. ასევე განსხვავებულია სოციო-ეკონომიკური, ურბანული, კლიმატური, ეკოლოგიური და სხვა პარამეტრები, ყველა ეს ფაქტორი ჯანმრთელობის დეტერმინანტებს წარმოადგენს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიის მიმდინარეობა და მართვა განსხვავებულია. ევროპის ქვეყნებმა ეპიდემიასთან საბრძოლველად განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს. თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა, რომელი ტაქტიკაა ყველაზე გამართლებული, ნაადრევია. როდის გადაივლის ევროპაში პიკი, ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია. ახლა უმთავრესი ამოცანაა პიკის დროს შემთხვევათა რაოდენობა იმ ზღვარს არ გადასცდეს, როდესაც ჰოსპიტალური სექტორი სამედიცინო დახმარების სათანადო გაწევას ვეღარ შეძლებს. ასეთ შემთხვევაში მთელ ევროპაში მივიღებთ იტალიისა და ესპანეთის სცენარს და უფრო დიდი მასშტაბით...

- თქვენი აზრით, გამართულად მუშაობს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო? - ეპიდემიურმა კრიზისმა საქართველოში რამდენიმე დადებითი ფაქტი დაგვანახა. მოსახლეობაში ჯანდაცვის სისტემის მუშაკების ნდობა გაიზარდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია. ფაქტია, ჯანდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საზღვრის სამსახური, საგარეო ურთიერთობები, ფინანსური სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების რგოლები - შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოქმედებენ, რაც აღნიშვნის ღირსია. თუმცა ამან არავითარი შემთხვევაში არ უნდა მოგვცეს მშვიდად ყოფნისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. მცირეოდენი მოდუნება და, ამხელა შრომა წყალში ჩაიყრება. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიჩქაროთ.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობაც. აღსანიშნავია კერძო ჰოსპიტალურ სექტორში ინტენსიური დახმარების საწოლფონდის რეზერვის მობილიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ეფექტიანი წვდომა. იმ პირობებშიც კი, როცა მსოფლიოს მასშტაბით იყო ლაბორატორიული ტესტების, პერსონალური დამცავი საშუალებებისა და სხვა აუცილებელი პროდუქციის დეფიციტი, საქართველოში მათი მოწოდება ჯერჯერობით არ შეფერხებულა. აუცილებელია ლაბორატორიული დიაგნოსტირებაც, იგივე ტესტირება, თავისი განშტოებებით, მათ შორის, ადმინისტრაციული გადანაწილება, შესყიდვები, მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა, მედიცინის თანამშრომლების ტრეინინგი...

გვერდს ვერ ავუვლით აკადემიური სექტორის ინერტულობას. მაგალითად, არ ჩანს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის როლი. არადა, წესდების თანახმად, მეცნიერებათა აკადემია მთავრობის მრჩეველია, თუმცა მხოლოდ ერთი განცხადებით შემოიფარგლა, სადაც საუბარი იყო კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებამდე აკადემიკოსების არჩევნების პროცესის შეჩერებაზე. ეს მეცნიერებათა აკადემიაში არსებულ სისტემურ კრიზისს აჩვენებს და მას საფუძვლიანი რეორგანიზება სჭირდება, რადგან ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ამ დონის დაწესებულებას მოეთხოვება...

- შესაძლოა თუ არა დადგეს ჯანმოსა და მისი გენდირექტორის ტედროს გებრეისუსის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ერთი ვერსიით, ჩინეთში კორონავირუსი ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო, თუმცა მსოფლიომ ეს რამდენიმე თვის დაგვიანებით შეიტყო? ამერიკა აცხადებს, რომ დაგვიანებული რეაგირების გამო ჯანმოს დაფინანსების გადახედვას აპირებს. - საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, ყველა სახელმწიფო ვალდებულია ჯანმოს აცნობოს თავის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შემთხვევების შესახებ.

ჩინეთიდან ჯანმოში კორონას შესახებ პირველი ოფიციალური შეტყობინება დეკემბრის ბოლოს გაიგზავნა. თუ შემთხვევები მანამდეც იყო დაფიქსირებული, ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ჩინეთის ვალდებულებაა. ჯანმოს ამ შემთხვევაში არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჯანმო ვალდებულია ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციით იმოქმედოს, მას არა აქვს ქვეყნებში დაავადებათა ზედამხედველობის დამოუკიდებელი სისტემა... საერთაშორისო პრესაში რამდენიმე პირის მიერ ეჭვის გამოთქმის მიუხედავად, ოფიციალური ინფორმაცია ჩინეთში კორონას შემთხვევების ნოემბერში დაწყებისა და ამაზე ინფორმაციის დამალვის შესახებ არ არსებობს.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენდირექტორის არჩევისას კენჭისყრაში ჩინეთის ხმა იყო გადამწყვეტი. არსებობს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ გებრეისუსმა ხელი შეუწყო ჩინეთს ინფორმაციის დამალვაში? - ვერ დაგეთანხმებით, რომ ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევისას ჩინეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას გადამწყვეტი ხმა აქვს. ჯანმოს 2017 წლის არჩევნები ახალი წესებით ჩატარდა. ყველა ქვეყანას წარედგინა თავისი კანდიდატის წარდგენის უფლება. შემდეგ აღმასრულებელმა ბორდმა შეარჩია 5 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრების შედეგად შეირჩა სამი ფინალისტი. ეს სამი კანდიდატი წარსდგა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის წინაშე, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა პირდაპირი კენჭისყრა. ასე აირჩიეს გებრეისუსი. ასეთი დონის თანამდებობაზე არჩევის დროს ის ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებიც ფინალურ ეტაპზე გადიან, აქტიურად ლობირებენ თავიანთ კანდიდატს, მაგრამ ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, მხოლოდ ერთი ხმა აქვს, ამიტომ გადამწყვეტ ხმაზე საუბარი უმართებულოა. ასევე არ ვიზიარებ ვარაუდს, რომ ჯანმომ ხელი შეუწყო ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვაში. ეს შეთქმულების თეორიას ჰგავს, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია.

- დასავლური მედიის ცნობით, წარმოშობით ეთიოპიელმა გებრეისუსმა თავის ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ქოლერის 3 ეპიდემია დამალა... თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? - ქოლერა იმ დაავადებათა რიცხვში შედის, რომლებიც ჯანმრთელობის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, აუცილებელ ინფორმირებას ექვემდებარებიან. ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევნების წინა პერიოდში, როცა ტედროს გებრეისუსი ერთ-ერთი ფინალური კანდიდატი იყო, თქვენს კითხვაში გამოთქმული ეჭვი მართლაც გახმაურდა, მაგრამ ფაქტი არ დადასტურდა.

ეთიოპიასა და მის მეზობელ ქვეყნებში რთული სანიტარიული პირობებია, განსაკუთრებით პროვინციებში, ამიტომ აფრიკის ამ რეგიონში ქოლერის შემთხვევები პერიოდულად არის. გებრეისუსის ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას იყო ინფექციური ეპიდსიტუაციის სამი ეპიზოდი, რომლებიც ეთიოპიამ ოფიციალურად ქოლერად კი არა, მწვავე დიარეულ დაავადებად შეაფასა, რომლის ინფორმირების აუცილებლობა არ არის. ეთიოპიის განცხადებით, ქოლერის დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურება ვერ მოხერხდა.

ჯანმოს დირექტორის არჩევნების პერიოდში პრესაში ამ ეჭვის გახმაურება დაუკავშირდა გებრეისუსის ერთ-ერთი კონკურენტის ბანაკს, მაგრამ მათ უარყვეს ამ ინფორმაციასთან კავშირი და თემა დაიხურა.

ვფიქრობ, ამჟამად ამ თემის ხელახლა წინ წამოსაწევად საფუძველი არ არსებობს.