მარინა ენდელაძე: "ჩვენ ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს, მაგრამ გვგონია, რომ ბევრ ქვეყანაზე ადრე მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას" - კვირის პალიტრა

მარინა ენდელაძე: "ჩვენ ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს, მაგრამ გვგონია, რომ ბევრ ქვეყანაზე ადრე მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას"

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მაგრამ ამას ჯერ საგანგაშო მასშტაბი არ აქვს.

გვესააუბრება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე:

- თუ ასეთი დინამიკა შევინარჩუნეთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მოუაროს ყველა პაციენტს და არ დაგვჭირდება დაავადებულისათვის თქმა, დარჩით სახლშიო. შეიძლება დაავადებულთა რაოდენობამ მოიმატოს, თუმცა მაინც მგონია, არ იქნება ისეთი მატება, რომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას პრობლემა შეექმნეს.

- პიკის დროს პაციენტების რა რაოდენობით მატებას ვარაუდობთ? - მგონია, რომ რამდენიმე ასეულზე შევჩერდებით. გატარებულია ძალიან კარგი ღონისძიებები, რომ დაავადება მასობრივად არ გავრცელდეს.

- თქვენ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ უცხოელ კოლეგებთან, იმართება ონლაინკონსილიუმები. რას ვუზიარებთ მათ, ან, პირიქით, მათთან ხომ არ გამოჩნდა მკურნალობი სახალი მეთოდები? - დიახ, გვაქვს ურთიერთობა, იმართება ტელეხიდები და არის ახალი მედიკამენტები, რომლებზეც დაწყებულია მსჯელობა. ჩვენთან შექმნილია სამეცნიერო ჯგუფი, სადაც მუშავდება ყველა საკითხი. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის განსაკუთრებული ეფექტიანობა. ჩვენ ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს, მაგრამ გვგონია, რომ ბევრ ქვეყანაზე ადრე მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას.

- თქვენი პროგნოზით როგორი დღეები გველის წინ? - ვფიქრობთ, რომ ამ თვის ბოლოს და მაისის დასაწყისში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, შემდეგ კი დაიწყება კლება და, იმედია, ძველ რეჟიმს მალე დავუბრუნდებით.

ზუსტად თქმა, ეს როდის მოხდება, არავის შეუძლია. ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. უმთავრესი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, მაგრამ ეკონომიკაზეც უნდა ვიფიქროთ. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ რაც უფრო გახანგრძლივდება ეს პროცესი, მით უფრო მოირყევა ეკონომიკა. ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენც, სამინისტროც, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მთავრობაც, ხალხიც. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.

იხილეთ ასევე: "სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა... რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი"