"ამ ვირუსით სიკვდილიანობა სეზონური გრიპით სიკვდილიანობის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება" - კვირის პალიტრა

"ამ ვირუსით სიკვდილიანობა სეზონური გრიპით სიკვდილიანობის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება"

ამონარიდი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, მედიცინის ღმერთად წოდებული პროფესორის, ენტონი ფაუჩის ინტერვიუდან, რომელიც ქართველმა ექიმმა თეა შენგელაიამ თარგმნა და გაავრცელა.

პროფესორი ამბობს: "არა, ეს არ არის სეზონური გრიპი. ეს ვრცელდება უფრო სწრაფად და მას, სამწუხაროდ, ახასიათებს ის, რაც გენეტიკურად განასხვავებს სეზონური გრიპისგან. სეზონური გრიპით სიკვდილიანობა 0.1%-ია, ამ ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 1%, რაც ნიშნავს, რომ 10-ჯერ უფრო ლეტალურია. გრიპის დროს ჩვენ ვერ ვხედავთ გადავსებულ საავადმყოფოებს, როცა აღარც საწოლები გვრჩება და აღარც - სასუნთქი აპარატები, ახლა კი სწორედ ამას ვხედავთ ევროპაში, ამას ვხედავთ ნიუ-იორკში... ეს არ არის სეზონური გრიპი.

- გადადის თუ არა ეს ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით? - ადამიანებს ჰაერწვეთოვანი სხვადასხვაგვარად ესმით. სტანდარტული გზა რესპირატორული ვირუსის გავრცელების არის წვეთოვანი გზით, დიდი წვეთებით გავრცელება. როცა მე დავახველებ, წვეთები მეტრ-ნახევრის იქით დაილექება. ამიტომ გავიძახით, რომ ერთმანეთისგან 1,5-2 მეტრით შორს უნდა ვიდგეთ. სიტყვა ჰაერწვეთოვანი ცოტა დამაბნეველია. სინამდვილეში ამას აეროზოლს ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ როცა ვირუსი გამოდის, ის არის ისეთ პატარა წვეთში და ისეთი პატარაა, მაშინვე ვერ ვარდება მიწის ზედაპირზე, რამდენიმე წუთი მაინც რჩება ჰაერში, მაგრამ არა ხუთი საათი, როგორც ამბობენ. წითელას ვირუსი, მაგალითად, ჰაერში ორი საათი რჩება. მეორე, რასაც ხალხი დიდ ყურადღებას არ აქცევს, არის ხელები. ადამიანები მუდმივად ეხებიან ცხვირს და პირს, ხელს ართმევენ ერთმანეთს, კარებს აღებენ - ესეც გადადების გზებია. ამის გამო გავიძახით სულ, რომ არ უნდა ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი.

- რამდენი ხანი ძლებს ვირუსი ზედაპირზე? მე მყავს მეგობარი, რომელიც მიდის მარკეტში, ყიდულობს პროდუქტს და მერე ყველაფერს წმენდს. ეს სწორი საქციელია? ვირუსმა შეიძლება იცოცხლოს ჩიპსის პაკეტებზე? - დიახ. განსაკუთრებით კორონავირუსს შეუძლია უსულო საგანზე იცოცხლოს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. ყველაზე უკეთ მყარ ზედაპირზე ძლებს, მაგალითად, რკინაზე ან პლასტმასზე, მაგრამ არცთუ დიდხანს ძლებს ტანსაცმელსა და გოფრირებულ ზედაპირებზე. მას შეუძლია ზედაპირზე რამდენიმე საათიდან ორ დღემდე გაჩერდეს. არ არის საჭირო, გაგიჟდე და ყოველ წუთს ყველაფერი წმინდო, მაგრამ უნდა დაიცვა უსაფრთხოების ნორმები. განსაკუთრებით გაწმინდეთ კარის სახელური, ბარათები და სხვა ზედაპირები, რომელთაც ხშირად ვეხებით..."

იხილეთ ასევე: "2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად"