გიორგი ფხაკაძე: "არ ვეთანხმები საყოველთაო ტესტირების ეფექტიანობას" - კვირის პალიტრა

გიორგი ფხაკაძე: "არ ვეთანხმები საყოველთაო ტესტირების ეფექტიანობას"

"სამყარომ დაგვანახა, რომ დაუცველები ვართ და შესაძლოა უარესი ვირუსიც გამოჩნდეს"

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ბოლო დროს წამყვანი ქვეყნების ყურადღების ცენტრში მოექცა, უხილავ მტერს თავისი ძალებით ებრძვის და არცთუ ცუდი შედეგებით. თუმცა სპეციალისტებს ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის რჩევა-რეკომენდაციები აქვთ. გვესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების კომიტეტის წევრი, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ტექნიკური განხილვის საბჭოს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

- ამ ამოუხსნელი ვირუსის გამოჩენამ ძალიან დააზარალა მსოფლიო და მალე უარეს შედეგს მივიღებთ... ჯანდაცვა ძალიან გაძვირდა, დიაგნოსტირების, მედიკამენტების ფასმა მოიმატა და კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ ვირუსს პასპორტი არა აქვს და არც ვიზა სჭირდება. ის შეიძლება დაემართოს ყველას ქუჩაში თუ შეჯავშნული კარ-ფანჯრების მიღმა. სამყარომ დაგვანახა, რომ დაუცველები ვართ და შესაძლოა უარესი ვირუსიც გამოჩნდეს... გაიხსენეთ სარსი, მერსი, H1N1... თუ 10 აპრილს სამხრეთ კორეის განცხადებას არ ჩავთვლით, თითის ანაბეჭდებით COVID-19-ის გენომი გავშიფრეთო, არაფერი ვიცით. ამ ვირუსმა მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემას გამოცდა ჩაუტარა და დაგვანახა, რომ არ შეიძლება ჩვენს ნაჭუჭებში ვიყოთ ჩაკეტილი - ვგულისხმობ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. ყველაზე ძლიერი ქვეყნები მიხვდნენ, რომ უამრავი რამ არასწორად ჰქონიათ აწყობილი...

- ამ რეალობაში რისი თქმა შეგიძლიათ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე? - ჩვენს ჯანდაცვის სისტემას არაერთი კარგი პროექტი ჰქონდა, მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამა, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამები, მაგრამ თუ ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ბევრად გამართლებულია ჰორიზონტალური სისტემა, როდესაც სოფლის ამბულატორიების ექიმები და ოჯახის ექიმებიც კი არიან ჩართული. გარდა ამისა, ჯანდაცვის განვითარებისთვის არ ჩადებულა ინვესტიცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე არავის უფიქრია, არადა, უხეშად რომ დავთვალოთ, 1 დოლარი გრძელვადიან პერსპექტივაში 15-20 წელიწადში 100-ლარიან მოგებას მოგვცემდა, რაც ეკონომიკასა და სოციალური გარემოზე აისახებოდა. ჯანდაცვის სისტემის დაგეგმარების ყველაზე მოკლევადიანი ვადა 7 წელია, ჩვენ კი ბოლო 15 წლის განმავლობაში მხოლოდ განცხადებებით შემოვიფარგლებოდით. ბოლო 10 წელია ჩვენი ექიმებისა და ექთანების დიდი ნაწილი არ გადამზადებულა. საქართველოზე ბევრად დაბალი განვითარების ქვეყნებშიც კი მედიცინის მუშაკს წელიწადში მინიმუმ 500 საათი სწავლისთვის, კონფერენციისთვის დათმობილი თუ არა აქვს, ლიცენზიას უჩერებენ.

- თუმცა ქართული ჯანდაცვის სისტემას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთი წამყვანი ქვეყანა წარმატებულს უწოდებს.

- სახელმწიფომ ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვგულისხმობ საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას, რაც უფრო ადრე, ალბათ, ლოჯისტიკურად ვერ შეძლეს. თუმცა არც შსს-ს, თავდაცვისა და საზღვრის დაცვის უწყებების მიმართ მადლობა მინდა გამომრჩეს, რომლებიც ძალიან გამართულად მუშაობენ. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, მასობრივი ეპიდემიისთვის მზად არ არის, თუნდაც საწოლფონდის მხრივ. სხვა საკითხია ადამიანური რესურსი. ჩვენი მედპერსონალის საშუალო ასაკი 60 წელია, რეგიონებში კი უფრო მაღალი, 65 წლის ზემოთ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. ვირუსთან ბრძოლაში მთავარი ძალა სწორედ ექთანები და სანიტრები არიან, მათ კი სრულყოფილი პერსონალური ეკიპირებაც არა აქვთ. ეს ხალხი ფრონტის წინა ხაზზეა (ევროპაში სიკვდილიანობის 10% მედპერსონალზე მოდის).

- გამოდის, მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ევროპის ქვეყნებიც... - დიახ. არის სიმართლე, რომლის თქმასაც ყველა ერიდება. ისინი გმირულად აკეთებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ ახლა თავის მოტყუებისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის, წამყვან ქვეყნებშიც დაიწყეს ამ პრობლემის ძირეული შესწავლა...

- რა რეკომენდაციას მისცემთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას? - მკაცრად გააკონტროლეთ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამ რეალობაში ეს ერთადერთი გამოსავალია, რადგან მასობრივ შიდა გავრცელებას ჩვენი ჯანდაცვა ვერ გაუძლებს. ყველა რესურსი უნდა დაიხარჯოს, რომ ჩვენი მედპერსონალის, სასწრაფო დახმარების მუშაკების, მათ შორის მძღოლების, საავადმყოფოების თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული იყოს.

- საზოგადოების ნაწილი კატეგორიულად ითხოვს საყოველთაო ტესტირებას. - არ ვეთანხმები მის ეფექტიანობას. პირველად საჭიროა მედპერსონალის საყოველთაო ტესტირება და შემდეგ იმ მოქალაქეებისა, რომლებიც დისტანციურად ვერ მუშაობენ და სხვა ადამიანებთან ორ მეტრზე ნაკლებ მანძილზე უწევთ კონტაქტი. ამით დროს, ენერგიასა და რესურსს დავზოგავთ... თუ გვინდა ძალიან მალე დავდგეთ ფეხზე, უნდა დავიცვათ რეგულაციები, რათა შევინარჩუნოთ სიცოცხლე.

კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. საფრანგეთშიც იყო აღდგომა, ზოგიერთი ეკლესია გახსნილია, მაგრამ ხალხი მიხვდა, რომ რეგულაციების დაცვით თუნდაც მომავალ წელს მეტი ადამიანი იზეიმებს აღდგომას. მე ვთხოვ ქართველ საზოგადოებას გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მით უფრო, რომ საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში ვირუსი სწორედ რელიგიური კლასტერიდან გავრცელდა.

- ვიცი, პროგნოზი ძნელია, მაგრამ დაახლოებით როდის გადაივლის ვირუსი? - რეგულაციების მკაცრად დაცვის შემთხვევაში ორ-სამ თვეში. ზაფხული კარგი გვექნება, თუმცა ოქტომბერში, როდესაც გრიპის სეზონი დაიწყება, ახალი ეტაპი გარდაუვალია. ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ - თუ შემოდგომაზე ვირუსს იმუნიტეტდაქვეითებული შევხვდებით, შედეგიც უარესი იქნება, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება იფეთქებს და გამწვავდება.

პროცესებში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს, რათა სრული მობილიზაციით შევამციროთ დარტყმა, რომელიც ძალიან ძლიერი იქნება. ჯობია, ვიცოდეთ, რას ველოდებით.