"პირველი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს" - კვირის პალიტრა

"პირველი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 9 მოქალაქეა გარდაცვლილი და 92 ინფიცირებული.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.

"ჩვენ გვაქვს წარმატებებიც, 68 ადამიანი გამოჯანმრთელდა უკვე. სამწუხაროდ, გვაქვს 3 სიკვდილი და ვერ მოვუარეთ იმ ხანდაზმულებს, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე გვერდითი თანმხლები დაავადებები და ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ინფიცირების 92 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებთან, ასევე, სამწუხაროდ გვყავს 9 გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულე, რომლებიც ცხოვრობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება და ბოლო 24 საათში ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა.

"დღეს რამდენიმე ასეული ნიმუშია შემოსული 5 სხვადასხვა ლაბორატორიაში, სადაც pcr ტესტირება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ,იქნება რიგი დადებითი შემთხვევებისა, არ ვიცი ჯერ რამდენი, მაგრამ ეს 30 უკვე ნიშანია იმისა, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს. იგივე სამედიცინო პერსონალის, სასულიერო პირის დაინფიცირება, სხვა შემთხვევები, ბევრი გვაქვს უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს უკვე მოსახლეობაში, შეიძლება ხანდახან უსიმპტომო ფორმით, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სიმპტომებიანი. ამიტომ, მოვუწოდებთ, მოსახლეობას პირველი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დანიშნულების და რეკომენდაციების მიხედვით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"