"მამას იმდენად უნდოდა საქართველოში ყოფნა... აქ მისი შემოქმედებითი ბუნება უფრო გამოჩნდა" - რას ჰყვება დიდი ქართველი ინფექციონისტის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"მამას იმდენად უნდოდა საქართველოში ყოფნა... აქ მისი შემოქმედებითი ბუნება უფრო გამოჩნდა" - რას ჰყვება დიდი ქართველი ინფექციონისტის ქალიშვილი?

პროფესიული არჩევნებით და ათასგვარი უნარით საოცრად საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრების გზა გაიარა; მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ; დატოვა კვალი - საქმეები და ადამიანები, რომლებიც ამ წუთებშიც თავგანწირვით იბრძვიან Covid-19-ის წინააღმდეგ და ასეულობით სიცოცხლის გადასარჩენად; იცხოვრა რამდენიმე ქვეყანაში და მხოლოდ მის სამშობლოს მიუძღვნა უდიდესი აღმოჩენები, რამაც საყოველთაო აღიარება და გადარჩენილი სიცოცხლეები მოუტანა მსოფლიოს; იყო ქართველი ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას; 1970 წლის ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი; მან შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რომელიც დღეს მრავალპროფილიანია და მის სახელს ატარებს; სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრი და კიდევ უამრავი რამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ...

და ეს ადამიანი იყო აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი! ვახტანგ ბოჭორიშვილი ლაბორატორიაში

მამაზე საუბარი ბატონი ვახტანგის ქალიშვილს, ეკონომისტ ლალი ბოჭორიშვილს ვთხოვეთ.

ლალი ბოჭორიშვილი:

- მამაჩემის - ვახტანგის მშობლებს იმ პერიოდისთვის საკმაოდ განათლებული და სახელოვანი ოჯახი ჰქონდათ. ბებია - ეკატერინე, რომელსაც ყველა ცეცილიას ეძახდა, ფოცხვერაშვილი გახლდათ და ცნობილი კომპოზიტორის, ჰიმნ "დიდების" ავტორ კოტე ფოცხვერაშვილის და იყო. ვახტანგ ბოჭორიშვილის დედა ბაბუა - გაბრიელ (გაბო) ბოჭორიშვილს ქუთაისის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული, ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა, იქვე აკურთხეს დიაკვნად და შემდეგ - მღვდლად. კარგა ხანს ვლადიკავკაზის ოლქის სოფელ ალაგირის ქართულ სამრევლოში მსახურობდა. ბებია-ბაბუას პირველი შვილი - ნინა 1902 წელს შეეძინათ და მამა მასზე 20 წლით უმცროსი იყო. შუათანები იყვნენ გოგი და ქეთევანი. ქეთევან ბოჭორიშვილი ერთხანს თელავის თეატრის მსახიობი იყო, შემდეგ კი, ხანგრძლივად - გორის. იგი რამდენიმე ფილმის ეპიზოდურ და მთავარ როლშიც გადაიღეს. მათ შორის პირველი იყო რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა", სადაც ქეთო ჯარისკაცის დედის - თამარის როლს ასრულებს. ვახტანგ ბოჭორიშვილის და ქეთევანი მამა მრავალი ნიჭით იყო დაჯილდოებული. თურმე, ბავშვობიდან დგებოდა ხოლმე სარკესთან და ხან რა ტექსტს კითხულობდა, ხან რას, ბებია კი სულ საყვედურობდა, ქალი ხომ არ ხარ, სარკესთან რომ იღლანჭებიო?! ბებიამ ზეპირად იცოდა მთელი "ვეფხისტყაოსანი" და ხშირად მამას სწორედ "ვეფხისტყაოსნის" ენით ელაპარაკებოდა. მამამ მაინც თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი აირჩია, თანაც - უგამოცდოდ ჩაირიცხა. ერთხანს თელავის თეატრში ტექნიკურ რეჟისორადაც მუშაობდა, მსახიობობდა კიდეც, სხვა თეატრებშიც იმუშავა რეჟისორად... უკვე ექიმი იყო, ეს მეც მახსოვს, ბებია ეტყოდა ხოლმე, აი, ახლა ხომ აღარ იღლანჭები და ამიტომ მეც არაფერს ვამბობ, შვილოო!

ბებია და ბაბუა ვლადიკავკაზიდან რომ წამოვიდნენ, ბაბუას თავისი მრევლიც წამოჰყვა. იმხანად საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია იყო. მასთან კოტე ფოცხვერაშვილის შუამდგომლობით, ბაბუასა და მრევლს ლაგოდეხის რაიონში მიწა გამოუყვეს და იქ, სოფელ გიორგეთში დასახლდნენ. ქეთოს სკოლაში შესვლის დრომ რომ მოაწია, ოჯახი საცხოვრებლად თელავში გადმოვიდა და ნადიკვარზე იყიდა სახლი. მეც კარგად მახსოვს ის სახლი, ვიდრე სკოლაში შემიყვანდნენ, ერთ წელიწადს იქ ვცხოვრობდი. მერე ის სახლი დაატოვებინეს, რადგან იმ ადგილას თელავის თეატრი ააშენეს, ჩვენები კი სხვაგან გადაიყვანეს საცხოვრებლად. წლების შემდეგ ის სახლი გაიყიდა.

- მამა და დედა სად შეხვდნენ ერთმანეთს?

- მამამ დედა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო, ისიც იქვე სწავლობდა სანიტარული ექიმის პროფესიას. დედა - ლიდია ნიკოლაევნა ვორობიოვა დონეცკის ოლქის ქალაქ ენაკიევოდან იყო, ერთმანეთი შეუყვარდათ და რომ დაქორწინდნენ, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. მე თავიდან ბებიასთან - დედის დედასთან ვიზრდებოდი, რადგან მშობლები ბევრს შრომობდნენ. მამა, სტუდენტობის პარალელურად, ხარკოვში საკმაოდ დიდი თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი იყო და ამ შემოსავლით ცხოვრობდნენ. ვახტანგ ბოჭორიშვილი მეუღლესთან ერთად

მამა სპეციალობით ინფექციონისტი-ეპიდემიოლოგი იყო და ინსტიტუტის შემდეგ ყაზახეთში, კერძოდ, შიმქენთში გაანაწილეს. რა თქმა უნდა, დედაც თან წაიყვანა. იქ საკმაოდ კარგად აეწყო მათი ცხოვრება და ამაში დიდი წვლილი ხარკოვი-შიმქენთის გზაზე გაცნობილ სოხუმელ ბერძენს, სახელად ხარიკოს მიუძღვის. მამა შიმქენთის ოლქის ექიმი იყო და, არათუ მანქანა, ვერტმფრენიც კი ემსახურებოდა. იგი კლინიკაშიც მუშაობდა, ამ რეგიონის კეთროვანთა დაწესებულების მეთვალყურეობაც ევალა და, ასევე, შიმქენთის სამედიცინო ტექნიკუმშიც კითხულობდა ლექციებს. შემდეგ მოსკოვში გამოიძახეს, სამხედრო ნაწილში ექიმები სჭირდებოდათ და ის-ის იყო, ციმბირში უნდა გაეშვათ, მაგრამ აქაც ბედმა გაუღიმა - გზაში თბილისელი სომეხი რუბენ ჩილინგარიანი გაიცნო. რუბენი, თურმე, მოსკოვის კრემლის კლინიკაში მუშაობდა და ისე მოიხიბლა ჩემი მშობლებით, მოსკოვში ჩასვლისთანავე შინ წაიყვანა. მამას სამხედრო ნაწილი იმხანად მოსკოვის გარეუბანში - ოჩაკოვოში აღმოჩნდა. ასე რომ ციმბირში წასვლა გადაიდო.

- ბატონი ვახტანგი ყველას, ალბათ, თავისი კომუნიკაბელურობით და კეთილგანწყობით ხიბლავდა...

- მიზეზი ეგეცაა და შეიძლება, მისი ახალგაზრდა ასაკი. ფაქტია, რომ მასზე ასაკით უფროსი ჩილინგარიანი მართლაც ძალიან დაეხმარა. ვფიქრობ, დედაც ჩილინგარიანმა მოაწყო კრემლის სანეპიდსადგურში სამუშაოდ. მეც, ალბათ, ამ კაცის წყალობით მოვხვდი ელიტურ საბავშვო ბაღში, რადგან მახსოვს, ჩემი ბაღიდან წითელ მოედანს ვხედავდი... ვახტანგ ბოჭორიშვილის ქალიშვილები - ლალი და თამარი მამას ჯერ კიდევ თეატრალურში სწავლისას ტუბერკულიოზი ჰქონდა გადატანილი და ციმბირის ჰავა ჯანმრთელობას აუცილებლად გაუუარესებდა. იქვე მომსახურე ერთმა ასაკით უფროსმა ახლობელმა კაცმა ურჩია, მე დაგეხმარები და სამედიცინო კვალიფიკაციის ასამაღლებლად წადიო. ასე აღვმოვჩნდით ლენინგრადში. იქ მამა ძალიან კარგ წრეში მოხვდა. იგი ყველასთან პოულობდა საერთოს. რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მაღალი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანებს მიელტვოდა, მაგრამ ჩველებრივი გაქანების ადამიანებთანაც თავისუფლად ურთიერთობდა. ერთადერთი, ვერაფრით ეგუებოდა სიბრიყვეს, თუმცა ჭკუის დარიგებას არავის დაუწყებდა. ძალიან ვაფასებდი მის ერთ თვისებას: შენიშვნას მოგცემდა ცივი ხმით და - ერთადერთხელ, მეორედ არაფრით გაგიმეორებდა. ამბობდა, თუ ერთი თქმით ვერ გაიგო ადამიანმა, თავი რატომ უნდა მოვაბეზროო?!

ლალი ბოჭორიშვილი

ხარკოვში რომ წავიდა, მამამ სალაპარაკო რუსული კი იცოდა, მაგრამ წერისას უამრავ შეცდომას უშვებდა. მერე კი წერაც ძალიან კარგად შეისწავლა. მე კი, რაც თელავში ყოფნისას ბაბუაჩემმა ქართული ასოები მასწავლა, ეგ იყო, თორემ მას შემდეგ არც ქართულ სკოლაში მისწავლია და არც ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომ მამა ყოველთვის მოითხოვდა, ხშირად მეწერა ქართულად, ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდა და ასე დამიგროვდა სიტყვების მარაგი. სულ ვამბობ, კომპიუტერი ჩემთვის გამოიგონეს-მეთქი, თორემ ხელით წერისას კარგად უნდა დავფიქრებულიყავი ხოლმე, "წ" და "შ" როგორ დამეწერა. არადა, დღეს უკვე ლექციებსაც ქართულად ვკითხულობ.

რაც შეეხება ლენინგრადს, კიდევ ერთი გულშემატკივრის დახმარებით მამამ სხვა საკვალიფიკაციო კურსებიც გაიარა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, რომ ირგვლივ მუდამ კეთილგანწყობილი ხალხი ეხვია, რადგან, ფაქტია, ხელის წაკვრისთვის არც არავის ჰპირდებოდა რაიმეს და არც არავის ჩუქნიდა, რადგან არც არაფერი ჰქონდა. მოკლედ, მამა ესტონეთში, ტალინის სამხედრო ჰოსპიტალში სამუშაოდ გაუშვეს და ჩვენც წაგვიყვანა. უკვე ჩემი დაც ახალი დაბადებული იყო. შესანიშნავი ბინა მოგვცეს, გარემოც არაჩვეულებრივი იყო, იქაც კადრების დეფიციტი ჰქონდათ და დედა ქალაქის სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, მაგრამ... მაინც მოგვიხდა წამოსვლა და კვლავ - ლენინგრადში. მამა სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მიიწვიეს. ვახტანგ ბოჭორიშვილი მეუღლესთან და ქალიშვილ თამართან ერთად მახსოვს, მაშინ პირველ კლასს ვამთავრებდი. ლენინგრადში დიდხანს ვიცხოვრეთ გენერალ-მაიორ ოლეგ ლაბასტერის შესანიშნავ ოჯახთან ერთად და ამისთვის ღმერთის ძალიან მადლობელი ვარ. წლიდან წლამდე ბატონი ოლეგის მეუღლე დეიდა თამარა თავის არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკიდან მირჩევდა წიგნებს წასაკითხად და ამით ძალიან კარგი საფუძველი მივიღე. აბა, ჩემს მშობლებს არც ეცალათ, სულ მუშაობდნენ. ისე ჩავეწერებოდი რაიმე წრეზე და ისე მივატოვებდი, რომ ჩემები ვერც იგებდნენ.

მამამ ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატოც და სადოქტოროც, მერე ოჯახი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, მე კი ინსტიტუტს ვამთავრებდი და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩამოვედი. მამა სულ მეუბნებოდა, მედიცინა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, საწვალებელია, მით უფრო ქალისთვის, ამიტომ აჯობებს, სხვა პროფესია აირჩიოო. ამიტომ გამოვედი ეკონომისტი და დღემდე ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრაზე ვმუშაობ. თუმცა გარდაცვალებამდე, საავადმყოფოში რომ ვუვლიდი და ეუბნებოდნენ, ბატონო ვახტანგ, ლალისგან კარგი ექიმი დადგებოდაო, დანანებით ამბობდა, - ეჰ, მე ვარ მაგაში დამნაშავე, თორემ მართლაც ეგრე იქნებოდაო. ისე, თუ ექიმობას გადავწყვეტდი, მხოლოდ ფსიქიატრიას ავირჩევდი.

ჩემი 5 წლით უმცროსი და, თამრიკო კი მამის კვალს გაჰყვა, თბილისში ისწავლა, ინფექციონისტი გახდა, დაიცვა საკანდიდატო და, ფატობრივად, ყველაფერს მიაღწია, რაც შეიძლებოდა, მაგრამ მერე ავად გახდა და გარდაიცვალა, მამის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთ წელიწადში. მამამ იცოდა მისი ავადმყოფობის ამბავი და არასდროს არაფერს ამბობდა, მაგრამ ერთხელ კი მითხრა, - ეჰ, შვილო, მე მისთვის მაქსიმუმ ერთი წელიწადი მიმიციაო. მართლაც ასე მოხდა - ჯერ თვითონ წავიდა ამ ქვეყნიდან და ერთ წელიწადში - თამარი. დედა კი მამამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. 3 საშინელი წელი გავიარე - ჯერ დედა დავმარხე, მერე - მამა და ბოლოს - და. ამაზე არც ვლაპარაკობ ხოლმე. თითქოს გავქვავდი. შვილიშვილებიდან მხოლოდ თამარის ქალიშვილმა მაკა იაშვილმა აირჩია ექიმობა, მისი ძმა ვახტანგიც იურისტია და - ჩემი ვაჟი კოტე თელიაც. არ ვიცი, შვილიშვილები რას იზამენ.

- რამდენი ქალაქი მოიარეთ. ოდესმე ოჯახი ერთად შეკრებას ახერხებდით?

- მაგალითად, ლენინგრადში მამა ყოველთვის 4-ისთვის მოდიოდა შინ. უნდოდა, მეტი დრო გაეტარებინა ოჯახში. დედა ხშირად გვუბნებოდა, ნახეთ, მამა როგორ მუშაობსო? სამუშაო მაგიდა, რომელზეც საბეჭდი მანქანაც იდგა, ჩემი საწოლის გვერდით იყო. მახსოვს, მამა საღამოობით მიუჯდებოდა ხოლმე მას და მე საბეჭდი მანქანი ხმაზე ვიძინებდი... ვახტანგ ბოჭორიშვილი სანადიროდ მეგობრებთან ერთად მამას ნადირობა უყვარდა და ჩვენს მეზობელთან - შეიარაღებული ძალების მთავარი უროლოგთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ. გარდა ამისა, კვირაობით ოჯახებით მივდიოდით ან ვინმეს აგარაკზე, ან სასეირნოდ, საღვეზელეშიც შევივლიდით ხოლმე და ა.შ. ზაფხულობით კი ყოველთვის კახეთში ჩამოვდიოდით, ბებია-ბაბუასთან. მახსოვს, მამას გამოწერილი ჰქონდა გაზეთი "ლიტერატურული საქართველო". ერთხელაც ლენინგრადის მეტროთი რომ მგზავრობდა, გადაშალა, თურმე, გაზეთი და კითხვა დაიწყო. მის გვერდით საკმაოდ ნორმალური შეხედულების ადამიანი დაინტერესებულა, რა ენაზე კითხულობთო? მამას უპასუხია, ქართულადო. - რას ამბობთ, ქართველებს თავისი დამწერლობა აქვთო? - გაოცებით უკითხავს მგზავრს. მამას კითხვა შეუბრუნებია, - თქვენ რა, დიდი ხანია დამწერლობა გაქვთო? და აუხსნია, ჩვენი დამწერლობა რამდენი საუკუნის იყო, იმ კაცს კი ბოდიშები უხდია... ვახტანგ ბოჭორიშვილი თამადობისას ჩვენ 1969 წელს დავბრუნდით. სხვათა შორის, ეს გადასვლა ყველაზე მძიმე იყო დედასთვის და ჩემთვის, რადგან, ასე თუ ისე, უფრო მეტად იმ მხარეს ვიყავით შეჩვეულები. დედაჩემს აქაურ ადათ-წესებთან შეგუებაც გაუჭირდა, მაგრამ მამას იმდენად უნდოდა საქართველოში ყოფნა, რომ დედას არასდროს არაფერი უგრძნობინებია მისთვის. არც მე მითქვამს და მიგრძნობინებია მამასთვის და... მგონი, დღეს პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა...

- რაც საქართველოში გადმოხვედით, რაც შინ დაბრუნდა, მამა შეიცვალა?

- თითქოს იქ უფრო ჩაკეტილი იყო, საქართველოში კი მისი შემოქმედებითი ბუნება უფრო გამოჩნდა. ამბობდა, როგორ შეიძლება ავადმყოფს მხოლოდ დაწერილი სქემით უმკურნალოო. სქემა უნდა გქონდეს, მაგრამ ექიმი აუცილებლად შემოქმედი, ჯადოქარი უნდა იყოო.

- გამოსვლებისასაც თითქოს შემოქმედი იყო, არტისტული, თუ ვცდები?

- არა, თითქოს მართლა იღლანჭებოდა ხოლმე, როგორც ბებია იტყოდა მასზე. მის საუბარს ყოველთვის მიმიკა მიჰყვებოდა. ლალი ბოჭორიშვილი შვილთან და შვილიშვილებთან ერთად მამის - ვახტანგ ბოჭორიშვილის ბიუსტთან გარშემომყოფებისთვისაც ყოველთვის საინტერესო იყო. არასდროს ჯიჯღინებდა, არც შინ იყო პრეტენზიული... კერძებიდან განსაკუთრებით ამოლესილი წითელი ლობიო უყვარდა და მის გაკეთებას რუსეთშიც ვახერხებდით ხოლმე. ალკოჰოლურ სასმელს დიდად არ სვამდა, ერთადერთი კახური წარაფი უყვარდა, მაგრამ მთვრალი მამა არასდროს არ მინახავს. არადა, ორ ჭიქაში ისეთ სუფრას ჩაატარებდა, ისე ითამადებდა და მოალხენდა ხალხს, რომ რა გითხრათ! ქეიფისას ლექსების კითხვაც უყვარდა. სხვათა შორის, თვითონაც წერდა და ერთი წიგნი გამოსცა კიდეც.

(სპეციალურად საიტისთვის)