"ორმხრივი პნევმონიით ორივე შინ დაგვტოვეს, მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს" - რა ხდება რუსეთში, რას ყვებიან მოქალაქეები? - კვირის პალიტრა

"ორმხრივი პნევმონიით ორივე შინ დაგვტოვეს, მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს" - რა ხდება რუსეთში, რას ყვებიან მოქალაქეები?

მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა რუსეთშიც, სადაც უკვე ისე გადაიტვირთა კლინიკები, რომ პაციენტებს უადგილობის გამო ვერ იღებენ. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. უკვე პრეზიდენტი პუტინიც არ მალავს, რომ სიტუაცია ყოველდღე მძიმდება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილებით, 9 მაისს სამხედრო აღლუმი აღარ გაიმართება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მოსკოვში, საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების რიგებია და საათობით ელოდებიან ექიმები პაციენტის კლინიკაში შეყვანას. თუ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, ფაქტობრივად, ის სახლიდან სასწრაფოს არც გამოჰყავს...

მოსკოვი თვითიზოლაციის რეჟიმში ცხოვრობს, უკვე რამდენიმე დღეა ქალაქში გადაადგილებაც სპეციალური საშვით ხდება. დაცლილია ქუჩები და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოდის ხალხი ქუჩაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოსკოვი დატოვა და აგარაკებზე წავიდა. სკოლებში კარგა ხანია სწავლება ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქში ხშირად მხოლოდ მიტანის სერვისის მანქანები და მოტიციკლეტები მუშაობს.

მოსკოვში მცხოვრები ქართველი ცოლ-ქმარი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსულ ინფექციაზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელის, შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრა.

თამუნა გაგუა:

- რამდენიმე დღის წინ სიცხე მქონდა, მაციებდა, ყელიც მტკიოდა. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი ძალა აღარ მქონდა, ოფლიანობას და საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. თავიდან მეგონა გავცივდი, რადგან ცუდი ამინდები იყო, ტემპერატურა ხან მიმატებდა, ხან - იკლებდა. რომ არ გამიარა, პოლიკლინიკაში მივედი. შესასვლელთან პაციენტებს სიცხეს უზომავდნენ, რომ გამიზომეს, 38 გრადუსი მქონდა, ამიტომ შენობაშიც არ შემიშვეს. სხვა მხრიდან ჰქონდათ შესასვლელი სიცხიანებისთვის და იქ გამიშვეს, სადაც უკვე სპეციალურად ეკიპირებული ექიმები დამხვდნენ. ჯერ იმაზე გაბრაზდნენ, აქ რატომ მოხვედიო. ერთ-ერთმა მათგანმა მოისმინა ფილტვები და მითხრა, ფილტვებში არაფერი გაქვსო, წამლები გამომიწერეს და შინ გამიშვეს. ვთხოვე, კორონავირუსზე ანალიზი აეღოთ, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს, - თუ საზღვარგარეთ არ ყოფილხარ, ვერ აგიღებთ ანალიზს, პროტოკოლით ეს აკრძალული გვაქვსო. ფულიც შევთავაზე, რადგან მინდოდა დაზღვეული ვყოფილიყავი, მაგრამ უარით გამომისტუმრა. 2 დღეში სიცხემ ისევ ამიწია, სასწრაფო გამოვიძახე, რომ გაიგო 38,8 მქონდა, მითხრა, ოჯახის ექიმს დაელოდეთო, ოჯახის ექიმები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, იმ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა. მეორე დღეს მოვიდა, იმანაც ისევ მომისმინა ფილტვები და იგივე მითხრა, ფილტვებში არაფერი გაქვსო. ანტიბიოტიკი დამინიშნა, სახლში ვაგრძელებდი მკურნალობას.

ჩემი ავადმყოფობიდან მეხუთე დღეს უკვე ჩემს მეუღლეს მისცა მაღალი ტემპერატურა, იგივე სიმპტომები ჰქონდა მასაც, რაც მე - ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე... განსხვავება ის იყო, რომ ახველებდა და მასზე სიცხის დამწევიც არ მოქმედებდა.

ძალიან შევშინდი, ვცადე სასწრაფო გამომეძახა, მთელი სამი საათი ვრეკავდით ოჯახის წევრები სხვადასხვა ნომრით, მაგრამ ვერ დავრეკეთ, როგორც იქნა, აიღეს ყურმილი, მითხრეს დაელოდეთო, მაგრამ მას მერე კიდევ ერთი საათი უშედეგოდ ველოდით სასწრაფოს მოსვლას. მერე მოვიფიქრე, ფასიანი სასწრაფოს ბრიგადის ნომერი მომეძებნა... გამოვიძახე, სადღაც ერთ საათში მოვიდნენ, გადაიყვანეს ჩემი მეუღლე, რომელსაც მეც გავყევი. მიგვიყვანეს ფასიან განყოფილებაში, ძალიან დიდი ხანი ველოდით ჩვენს რიგს, სასწრაფოს ექიმმა მითხრა, დღეს 9 საათი მყავდა პაციენტი მანქანაში და ძლივს შევიყვანე ერთ-ერთ კლინიკაშიო. სადაც მიგვიყვანეს ეს არ იყო ჩვეულებრივი კლინიკა, სადაც საწოლებია, იყო ამბულატორია. იქაც დიდი რიგები დაგვხვდა, როგორც იქნა გადაგვიღეს ორივეს "კატე", აღმოჩნდა, რომ ორივეს ორმხრივი პნევმონია გვქონდა, ამ დასკვნის შემდეგ აგვიღეს ანალიზი კორონავირუსზე, ყელიდან, ცხვირიდან და ასევე ჩავაბარეთ სისხლის ანალიზი. გვითხრეს, გადატვირთულია ლაბორატორიები და 5 დღეზე ადრე თქვენი პასუხები არ იქნებაო... მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი პნევმონია გვაქვს ორივეს, საავადმყოფოში არ გადაგვიყვანეს, რენტგენის შემდეგ ექიმმა ანტიბიოტიკი გამოგვიწერა და სახლში გამოგვიშვეს. თუ სუნთქვა გაგიძნელდებათ მაშინ დარეკეთ სასწრაფოში და გადმოგიყვანენ კლინიკაშიო. ორივეს ორმხრივი პნევმონია გვაქვს და ვართ სახლში. ახლა ერთი სული გვაქვს როდის იქნება ანალიზის პასუხი. ექიმების ვარაუდით, ეს არის კორონავირუსი და დასკვნაშიც კი ჩაწერეს დიაგნოზად ვირუსული პნევმონია.

- თუ დადასტურდა კორონავირუსი, როგორ ფიქრობთ სად და როგორ დაინფიცირდით?

- წარმოდგენა არ მაქვს. ვმუშაობ, ფულთანაც მაქვს შეხება, შესაძლოა ფულიდან დავინფიცირდი. სავარაუდოდ, ჩემგან გადაედო ჩემს მეუღლეს. სახლში ბავშვები გვყავს, ისე მეშინია ისინიც არ დავაინფიციროთ... მაქსიმალურად ვცდილობდი დამეცვა თავი, მეკეთა საკმაოდ ხარისხიანი პირბადე, მაგრამ...  აქ აფთიაქებში კარგა ხანია არ იშოვება არც სპირტი, არც პირბადეები... როგორც ვიცი, ქართველი ექიმები, პლაქველინით მკურნალობენ ამ დაავადებას. ქართველ ექიმთან კონულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე დამემატებინა ეს მედიკამენტი ჩემი დანიშნულებისთვის, რაც აქ გამომიწერეს, მაგრამ მოსკოვში ეს მედიკამენტი საერთოდ არ იყიდება.

ოჯახის ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ და დისტანციურად გვაძლევს რჩევებს. როცა იგებს ტემპერატურა მაღალი არ არის, არც მოდის. თუ ტემპერატურა 41 იქნება და ჰაერის უკმარისობაც გექნებათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაგიყვანთ საავადმყოფოშიო... . ძალიან რთული ვითარებაა ქალაქში, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები მუშაობს. მოხუცები ადვილად დაემორჩილნენ მითითებებს და საერთოდ არ გამოდიან გარეთ. მაქსიმალურად ვიცავთ წესებს, ჯერჯერობით ბავშვებს არ აქვთ ტემპერატურა. ერთ ბინაში ვცხოვრობთ, ცალკე ვართ საძინებელში ჩაკეტილები, თუმცა მაინც რთულია იზოლაციის დაცვა.

მოსკოვში ახალი საავადმყოფო შენდებოდა, ის გადააკეთეს ამ ინფექციის მიმღებად და დაავადებულებს იქ ათავსებენ. კიდევ დაწყებულია ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ბევრია დაავადებული ადამიანი. როგორც ჩანს, დიდია რისკი. ნიღბები, ფაქტობრივად, არ არის, დეფიციტშია, ანტისეპტიკურ საშუალებებს ვერ იშოვი.

დათო გაგუა:

- საქართველოს ვითარებას მუდმივად ვადევნებთ თვალს და ვხედავთ, როგორ მოწესრიგებულად მუშაობენ ექიმები. მინდა შევუერთდე ქართველი ექიმების მოწოდებას და გთხოვოთ ყველას - დარჩით სახლში! თუ ბევრი ადამიანი დაავადდდა, მართლა შეიძლება კლინიკებში ადგილი აღარ დაგხვდეთ. თქვენ არ იცით რა რთულია, როცა ადამიანი ცუდად გყავს და სამი საათი რეკავ და სასწრაფო არ მოდის შენთან. სულ შიშში ვარ, რომ გართულდეს სიტუაცია როგორ უნდა ვუშველო თავს ან მეუღლეს. შეიძლება სასწრაფომ ვერც მოუსწროს, სუნთქვის უკმარისობა თუ დაეწყო ადამიანს. წარმოიდგინეთ თან, ჩემი მეუღლე საყურადღებო პაციენტია, ჭარბი წონა მაქვს და თან დიაბეტი, ამას ისიც ემატება, რომ თირკმელშიც მუდმივად ტკივილს გრძნობს, ამის მიუხედავად სახლში წევს და კლინიკაშიც არ წაიყვანეს. საბედნიეროდ, სუნთქვის უკმარისობა არ გვქონია და ამ კრიზისის წინაშე ჯერ არ ვართ, მაგრამ შიშით ვცხოვრობ. მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს, რადგან ამ რეჟიმში დარეკვაც კი რთულია. მერწმუნეთ, ადვილი არ არის ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა...

P.S. რუსეთში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, დღეს ამ წყვილის მსგავსად ათასობით ადამიანია სახლში გამოკეტილი, იმიტომ რომ კლინიკები ვერ იღებენ ადგილების არ ქონის გამო პაციენტებს. მხოლოდ მძიმე ავადმყოფები გადაყავთ და საავადმყოფოებამდე უზარმაზარი რიგებია. რამდენიმე კლინიკა ისეა გადავსებული, რომ საერთოდ დაიხურა და ვეღარ იღებენ ახალ პაციენტებს. რთულ ვითარებაში არიან ექიმებიც, ისინი არ მალავენ რომ ხელთათმანები და პირბადეების დეფიციტია თვითონ კლინიკებში და ხანდახან შპრიცები და წამლებიც კი არ ჰყოფნით. თავიდან რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა დაემალა რეალური სურათი, მაგრამ ვითარება იმდენად რთულია, ახლა ხმამაღლა აცხადებენ, რომ პრობლემა სერიოზულია.

(სპეციალურად საიტისთვის)