სამუდამოდ პასუხგაუცემელი კითხვა - კვირის პალიტრა

სამუდამოდ პასუხგაუცემელი კითხვა

"ყოფნა?! არყოფნა?! - საკითხავი აი, ეს არის!"

აგერ უკვე მეექვსე წერილს ვწერ "50 წიგნის პროექტისთვის" და ყოველ მათგანში აღვნიშნავდი, რომ გარდა ყველაფრისა, იმითაც ვიყავი კმაყოფილი, კიდევ ერთხელ რომ წავიკითხე ის ნაწარმოებები, რომელთა შესახებაც გესაუბრებოდით.

ვერ მოგატყუებთ, დღეს ნამდვილად "მოუმზადებელი" გხვდებით - "ჰამლეტი" მხოლოდ გადავიკითხე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დრო აღარ მქონდა - შევცდი და ინტერნეტის საძიებო პორტალ  yahoo-ში Hamlet და video მივუთითე და... ეს მასალაც დავაგვიანე რედაქციაში, სხვა საქმეებიც გადამედო და ძველით ახალ წელსაც კომპიუტერის მონიტორთან შევხვდი - ფრაგმენტები კლასიკური და მოდერნისტული დადგმებიდან, სტუდენტური სპექტაკლები, საოპერო წარმოდგენები, სატელევიზიო ვარიანტები, კინოფილმები, მონოლოგების დეკლამაციები, თვით რეპეტიციებიც!

რაც მთავარია, ინგლისურად, დანიურად, ესპანურად, იაპონურად, რუსულად, სომხურადაც კი - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი თეატრალური ხელოვნებისთვის ენა მართლაც არ არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, ისეთი კლასიკური ნაწარმოებისთვის, როგორიც "ჰამლეტია", რომლის შინაარსიც თითქმის ყველამ იცის.

თეატრის კრიტიკოსი არ გახლავართ და მხოლოდ ჩემი, მოყვარულის აზრი შემიძლია მოგახსენოთ: "ჰამლეტის" ის სამი ვარიანტიც, რომელიც მინახავს და ყველა ის ფრაგმენტიც, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, ბრწყინვალეა! ცხადია, შეუძლებელია ყველა ვარიანტის შემქმნელი გენიოსი იყოს - ალბათ, თვით "ჰამლეტია" იმდენად გენიალური, რომ მისი "გაფუჭება" შეუძლებელია.

ცხადია, ახლა "ჰამლეტის" ზოგადსაკაცობრიო იდეებსა და იდეალებზე ვერ ვისაუბრებთ, ამას ბევრი დრო და გაზეთის არაერთი გვერდი დასჭირდება, მაგრამ თვით შექსპირზე, თითქოს საყოველთაოდ ცნობილ, მაგრამ მაინც უამრავი კითხვის ნიშნით დახუნძლულ პიროვნებაზე, მაინც უნდა ვისაუბროთ.

თუმცა, ჯერ მთარგმნელსა და თარგმანზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ვინმეს იქნებ მოძველებულადაც ეჩვენოს ივანე მაჩაბლის თარგმანი, მით უმეტეს, მას შემდეგ "ჰამლეტი" სხვებმაც თარგმნეს ქართულად, მაგრამ ლიტერატორთა აღიარებით მაჩაბლისეული თავისთავად არის კლასიკა და არ შეიძლება ამ შეფასებას არ დაეთანხმო. გარდა ამისა, თვით სიუჟეტს, ეპოქასა და სიტუაციას, ალბათ, ასეთი საუბარი უფრო უხდება:

"რომ მოგროვილის ჯარით პოლონს თავზედ დაესხას (ქაღალდს მიართმევს).

ამასთან იგი ამ ქაღალდით უმდაბლესად გთხოვთ,

ნება უბოძეთ ნორვეგთ ჯარსა, პოლონს მიმავალს,

თქვენ სამეფოზედ გზად გავლისა"...

ვიდრე ეს თანამედროვე ქართულით წაგვეკითხა, სადაც "ქაღალდის" მაგივრად "წერილი" იქნებოდა, "ნორვეგთ ჯარის" ნაცვლად - "ნორვეგიელთა არმია", ხოლო "პოლონს მიმავლის" ადგილას - "პოლონეთისკენ მიმავალი". ეს "თავზედ დაესხასაც" უფრო "შექსპირულ-ინგლისურ-იმდროულია", ვიდრე "თავდასხმა განახორციელოს"...

რაც შეეხება თვით უილიამ შექსპირს, მოდი, "ბოლოდან" დავიწყოთ, ანუ თანამედროვე შექსპიროლოგთა თუ "შექსპიროლოგთა" იმ ახალი აღმოჩენებით თუ "აღმოჩენებით", რომლებიც ყოველ წელს ქვეყნდება და მავანთ იმის თქმის საფუძველს (სხვათა შორის, საკმაოდ მყარს) აძლევს, რომ შექსპირი... სულაც არ იყო შექსპირი! უფრო სწორად კი, შექსპირისეულად ცნობილი მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა სულ სხვისი, კერძოდ კი, ცნობილი ინგლისელი მოღვაწისა და ფილოსოფოსის, ფრენსის ბეკონის შექმნილია (ბ-ნმა ნოდარ ლადარიამ ამ ფაქტს "ორიგინალური" ახსნა მოუძებნა: საყვარლები იქნებოდნენ და ბეკონი შექსპირს ავტორობას "ჩუქნიდა" სიყვარულის ნიშნადო!)!

KvirisPalitra.Geასეა თუ ისე, შექსპირის ბიოგრაფია, უფრო სწორად კი მისი დადასტურებული ბიოგრაფიის არარსებობა, ყოველთვის აჩენდა კითხვის ნიშნებს და ის რამდენიმე ფაქტი, რაც ეჭვს არ იწვევს, შემდეგია: 1564 წელს დაიბადა და 1616 წელს გარდაიცვალა, თანაც თავისივე დაბადების დღეს, 23 აპრილს (ისე, ესეც დაუზუსტებელი თარიღია, მხოლოდ 26 აპრილის ნათლობის საბუთი არსებობს და მაშინდელი ტრადიციის მიხედვით, "ზეპირად" ვანგარიშობთ დაბადებას სამი დღით ადრე); მამამისი - ჯონი ხელთათმანების ოსტატი იყო და ტყავის სხვა აქსესუარებს - ქამრებსა და ქისებსაც კერავდა; ჯონ შექსპირმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თავისი პატარა ქალაქის - უორიქშირის საგრაფოში მდებარე სტრატფორდის მერობას მაინც მიაღწია, თუმცა მალე ფინანსური პრობლემები შეექმნა და მერობიდან გადადგა (უცნობია, განაგრძო თუ არა ხელთათმანების კერვა) და სწორედ ამის გამო ვერ მისცა შვილს საუნივერსიტეტო განათლება.

18 წლის უილიამი 10 წლით უფროს ქალზე - ენ ჰეთუეიზე დაქორწინდა და შეეძინათ სამი ქალიშვილი (ორი ტყუპი), რომელთაგან ერთი 11 წლისა გარდაიცვალა.

1592 წელს ცოლ-შვილი პროვინციაში დატოვა და ლონდონს გაემგზავრა, სადაც "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრის დრამატურგი და რეჟისორი გახდა. მოგვიანებით ეს დასი ცნობილ "გლობუსის" თეატრში გადავიდა და შექსპირი არა მხოლოდ დრამატურგი და მსახიობი, არამედ ამ თეატრის "მეწილეც" გახდა. უფრო მეტიც, 1603 წელს ბრიტანეთის ტახტზე ჯეიმს  I-ის ასვლის შემდეგ შექსპირის დასი სამეფო დასად იქცა და ამ ყველაფერმა მას იმდენი ფული მოუტანა, რომ მშობლიურ ქალაქში უძრავი ქონების შესყიდვა, უფრო ზუსტად კი, ყიდვა-გაყიდვა დაიწყო.

1610 წელს დაუბრუნდა კიდეც სტრატფორდს და იქვე გარდაიცვალა ექვსი წლის შემდეგ.

აი, თითქმის ყველაფერი, რაც დანამდვილებით არის ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან და ამაში ირონიის ნატამალიც არ არის - ერთი ინგლისელი მკვლევარი პირდაპირ წერს, თუკი შექსპირის უტყუარი ბიოგრაფია გვინდა დავწეროთ, მხოლოდ ეს უნდა ვიკმაროთ: ნამდვილად დაიბადა, ნამდვილად ჰყავდა ცოლ-შვილი, ნამდვილად თამაშობდა თეატრში, რომლის ერთ-ერთი პატრონიც გახლდათ და ნამდვილად გარდაიცვალაო.

ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ერთი და ორი გვერდი არ გვეყოფა მხოლოდ იმ მწერალთა, პოეტთა თუ მხატვართა ჩამოსათვლელად, რომლებზეც არაერთი "სპეციალისტი" ამტკიცებს სხვადასხვა "არგუმენტით", რომ მათი ესა თუ ის შედევრი პლაგიატია, მათ შორის - საქართველოშიც, ჩვენ ხომ ყველაფერში უნდა "ვიპირველოთ", რასაც ხშირად კომიკურ სიტუაციამდე მივყავართ. მაგალითად, მავანნი ამტკიცებდნენ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას თავისი ერთ-ერთი რომანი სხვა ქართველი მწერლისგან "მოუპარავს" და იგივენი "ადასტურებენ", რომ თვით ბატონ კონსტანტინეს კიდევ სხვამ "წაართვა" სხვა რომანი(?!).

ასე რომ, "შექსპირიადის" ეს საჩოთირო მხარე, მკითხველისთვის მაინც, ნაკლებად სადარდებელი უნდა იყოს - ჩვენთვის ხომ "შედეგია" მთავარი და არა ავტორი?!

შედეგი კი მართლაც გენიალურია და სანამ "რაღაც ყარს დანიის სამეფოში" (და სხვა "სამეფოებშიც"), მანამდე იქნება კაცობრიობისთვის აქტუალური მთავარი, ყველაფრის მომცველი და სამუდამოდ პასუხგაუცემელი კითხვა:

"ყოფნა?! არყოფნა?! - საკითხავი აი, ეს არის!"