"ბოევიკი" კახუჩელა აფეთქებით დაგვემუქრა(?!) - კვირის პალიტრა

"ბოევიკი" კახუჩელა აფეთქებით დაგვემუქრა(?!)

"ნუ უკბენთ იმ ხელს, რომელიც სოსისს გაჭმევთ!"

მარტივადაა ყველაფერი: კახა ცისკარიძე არის ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული ვინმე და ამიტომ მისი კომპანია სამთავრობო ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას. ეს ახალი წელიც მისი ნახელავია. თავისუფლების მოედანზე მოწყობილ შოუს ვგულისხმობ. არის სხვა გუნდიც რომელმაც "ბოჩელიადა" ქნა ბათუმში. ეს ჩვენი კახა ცისკარიძე, სტიოპა და მისი შემადგენლობა იბრძვის მიშას კარზე უფრო დიდი გავლენის მოსაპოვებლად. უფრო სწორად, გავლენა მაგათ არ აინტერესებთ - მეტი  ფული უნდათ. ჰოდა, კახუჩელაც ჩალიჩობს, ხლართავს ინტრიგებს როგორც შეუძლია. სახელისუფლებო ტელევიზიებშიც არაა საქმე ჰომოგენურად. აქაც რამდენიმე კონკურენტი შემადგენლობაა, მინიმუმ  ორი: "რ2"-ის დაჯგუფება და "იმედი".

"საზ მაუ" მკვდარია - აზრი არა აქვს მასზე წერას. მას შემდეგ, რაც "იმედმა" თამამად გამოაცხადა, ჩვენ წლის ყველაზე რეიტინგული არხი ვართო, "რ2"-ს ძალიან მოეშალა ნერვები. იმაზეც იყო ლაპარაკი, აი, დავასვამთ თქვენს სუსტ გადაცემებს ჩვენს შოუებსო (ეს "რ2"-მა უთხრა "იმედს") და მერე ნახეთ, რა რეიტინგიც გექნებათო. ალბათ, მერე საქმეში უფროსი ძიები ჩაერივნენ ცეკადან (ნაცმოძრაობა) და ტელევიზიებს უთხრეს, არც ერთი ხართ თავისუფალი მედიისათვის მებრძოლი სუბიექტი და არც მეორე კომერციულ საწყისებზე მომუშავე კომპანია.

ორივე ბედკრული საქართველოს ტელევიზია ხართო. მოკლედ, ეს კონფლიქტი ასეა თუ ისე მოაგვარეს, მაგრამ ფარული დაპირისპირება მაინც შეინიშნება. ხანდახან ჭუჭყიანი სარეცხი სახალხოდ იფინება. ასე მოხდა ახალი წლის პომპეზური აღნიშვნის შემდეგაც. "რ2" აჩვენებდა ბათუმს, სადაც ძალიან ძვირად ღირებული ბოჩელი ჩვენი ქვეყნის ოფიციალურ დივასთან, სოფიო ნიჟარაძესთან ერთად მღეროდა, ხოლო "იმედი" კი თავისუფლების მოედანზე გამართულ შოუს აჩვენებდა. კლასიკა უნიჭოების საუკეთესო თავშესაფარია.

აწვები ოპერას და არავინ მოგედავება, რომ გემოვნება არ გივარგა. აი, როცა რაღაც თანამედროვეს ჩალიჩობ, მეტი მოგეთხოვება, რადგან ამ დროს ეგრევე ჩანს შენი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, თავისუფლების მოედანზე გამართული კონცერტის მომწყობთა შესაძლებლობები და ფანტაზია თიკო სადუნიშვილის საჯარო ფრანგულ კოცნას ვერ გასცილდა. ემ-ტი-ვის დაჯილდოების ძალიან უნიჭო პაროდიაც უხამსად გამოიყურებოდა. ორგანიზატორების იდეა, ამ აქტით მოეხდინათ იმის დეკლარირება, რომ  ჩვენ "ცივილიზებული" სამყაროს ნაწილი ვართ და თვალი დაუდგეს ევროპა-ამერიკასო, სუსტი გახლდათ.

KvirisPalitra.Geემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე, სადაც მადონამ ბრიტნი სპირსს აკოცა, კარგად დადგმული და დრამატურგიულად გამართული შოუს კულმინაცია იყო. მადონა ნეფე იყო, ბრიტნი - პატარძალი, შესაბამისად, ფინალური ამბორი ორგანული რამ იყო. ჩვენთან კი ყოველივე ხელოვნური ჩანდა. მაგრამ ეგ იქით იყოს, ახლა მთავარზე: კახამ ინტერვიუ მისცა ჟურნალ "რეიტინგს", სადაც "რუსთავი 2"-ზე დაიწუწუნა. ჩვენი კონცერტი არ გააშუქესო და საერთოდ ცუდად იქცევიანო, "იმედზე" თუ ვინმე გაიელვებს, იმას ბლოკავენო და ა. შ. მოკლედ, კახუჩელამ დაარღვია კორპორატიული ეთიკა და ერთ სიბრძნესაც უღალატა, "არ შეიძლება უკბინო იმ ხელს, სოსისს რომ გაჭმევს". რა თქმა უნდა, უფროსმა ამხანაგებმა მიუთითეს გათამამებულ კულტურის მუშაკს ცალკეულ გადაცდომაზე.

აუხსნეს, ჩვენ გაჭმევთ პურს და ერთდროულად კონცერტებიც აწყო და ამასთან, "პირში მთქმელი კაცი" იყო, არ გამოვაო. ალბათ, უფრო მკაცრი სიტყვებიც ითქვა, იმდენად მკაცრი, რომ თავგზააბნეული კახუჩელა "რუსთავი 2"-ში გავარდა და ძალიან ცუდად მოიქცა - "რეიტინგის" ჟურნალისტ გოგონას დააბრალა რაღაცები. მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტერვიუს ჩანაწერი არსებობს და ის ინტერნეტშიც დაიდო, კახუჩელა ჯიუტად აწვებოდა იმას, რომ ჟურნალისტმა მოიგონა ყველაფერი, მაგრამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ჩანაწერს, როგორც იტყვიან, ვერსად წაუხვალ.

ამიტომ ყველასათვის საყვარელმა, მხიარულმა და "განდაგანას" უბადლო შემსრულებელმა ბიჭმა სრულიად არაადეკვატური რაღაცები ქნა. ჟურნალისტ გოგონას დაურეკა, ჩუმად ჩამწერი ჩაურთო (ეტყობა, ასწავლეს) და შეეცადა თავისი თავის რეაბილიტაცია მოეხდინა, შემდეგ მოგივარდებით და მაქაურობას ავაფეთქებო, უთხრა. მართალია, გამანადგურებელი დარტყმა კახუჩელას არ მოუყენებია და არ უთქვამს, რედაქციის ასაფეთქებლად რომ წამოვალ, სტიოპასაც წამოვიყვანო, მაგრამ მუქარა იმდენად "რეალური" იყო, რომ ამან გამოცემის ყოფნა-არყოფნის საკითხიც დააყენა. და აღარ ვიცით, საშველად ვის მივმართოთ(!!!)

მოკლედ, აღარ გავაგრძელებ ხუმრობას, არც  ამ ინციდენტის წვრილმან განხილვაზე გადავალ,  კახუჩელა არ იმსახურებს ამას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევახსენებ მას და ხელისუფლებაზე მომუშავე სხვა "ხელოვანებს": ნუ უკბენთ იმ ხელს, რომელიც სოსისს გაჭმევთ!

შალვა რამიშვილი