"ან ყველანი გადავრჩებით, ან ყველანი ერთად ვიწვნევთ მძიმე შედეგებს" - კვირის პალიტრა

"ან ყველანი გადავრჩებით, ან ყველანი ერთად ვიწვნევთ მძიმე შედეგებს"

"იზოლაციას სხვადასხვა ტიპის პრობლემები მოაქვს, ამ დროს ადამიანებში სხვადასხვა დემონი იღვიძებს"

"მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიგრძნოთ სოციალური პასუხისმგებლობა ამ ძნელბედობის ჟამს და რაც უფრო ერთგულად დავიცავთ მითითებებს, მით უფრო მალე, ზაფხულში გვექნება შესაძლებლობა მოვედოთ ბუნებას, არემარეს, გავიდეთ სამშვიდობოს", - გვეუბნება პოეტი რატი ამაღლობელი, რომელთან ინტერვიუც, რა თქმა უნდა, ზოგადსაკაცობრიო პრობლემას ეხება.

- ბატონო რატი, როგორ ხართ მიკროსამყაროსთან ომით გამოწვეულ თვითიზოლაციაში.

- გინდა, არ გინდა, რაღაცა დიდი დაფიქრების დროა, ამიტომ საინტერესოც კია ეს ყველაფერი. მთავარია, კაცობრიობამ ნაკლები მსხვერპლით გადაიაროს. ეს გამოწვევაა - როგორ შევიცვლებით არა მორგების, კომფორტულობის თვალსაზრისით, არამედ გააზრების, როგორ ავყვებით ამ ცვლილებებს. მჯერა, ყველა ამაზე ფიქრობს, ამაზე პასუხები ჯერჯერობით არ არის და რაღაცები აუცილებლად შეიცვლება. თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ურთიერთობებია, ადამიანებს ენატრებათ ერთმანეთი, ყველამ გაიაზრა, ეს რამხელა რამ ყოფილა...

- რა დააშავა ასეთი კაცობრიობამ, რომ მასობრივად ვართ "დაპატიმრებული"?

- ყოველ 100 წელიწადში ერთხელ ხდება მსგავსი ტიპის უბედურებები. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ გაძლიერდეს ადამიანი, რომ კაცობრიობა არ მოდუნდეს. მთავარია, ამისთვის მძიმე ფასი არ გადაიხადოს და მონახოს გზები განვითარებისთვის. სამყაროს თვისება არ არის მაინცდამაინც დასვენება. სამყარო ახლა ყველაზე აქტიურია. შეიძლება გარეგნულად არა, მაგრამ შინაგანი დაძაბულობა და ძრაობა სამყაროში ძალიან აქტიურია და სანამ ის ცოცხალია, არა მგონია, ამ კუთხით ოდესმე მოისვენოს. ალბათ, სწორი იქნება ამას დავარქვათ "გამოწვევა", რომელსაც უნდა უპასუხო კეთილგონიერებით, სიფრთხილით, სიყვარულით, გონიერებითა და რწმენით.

- გაურკვეველი მომავლის შიში თუ გაქვთ? - რასაკვირველია, მაქვს. შიში მნიშვნელოვანია, ოღონდ შიში უნდა გაცნობიერდეს და დაიძლიოს. შიშთან გამკლავების ისტორიამ უნდა განავითაროს ადამიანები, თორემ უშიშარი არავინ არის. სწორედ შიშის გადალახვა ზრდის ადამიანს, შიში იმდენად ვირუსის არა, რამდენადაც მისი უკუჩვენებების - სისტემების რღვევის, საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილებების, გაურკვევლობის, ეკონომიკური პრობლემების და ა.შ. ანუ მას ახლავს ბევრი არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა - ვიღაც თავის კერძო სახლშია იზოლაციაში, თავის ბუჩქებთან, ყვავილებსა და აუზთან, ვიღაც კი ქუჩაშია, თავშესაფარი არსად აქვს; ვიღაც გამოკეტილია ოჯახურ ძალადობაში, ვიღაც, ვინც ადრე თავს იცავდა სხვა ტიპის სოციალური ურთიერთობებით, მეგობრებთან ყოფნით და ა.შ., ახლა 30 კვადრატულ მეტრში ყოფნა უწევს. ასე რომ, იზოლაცია სხვადასხვაგვარია. მას სხვადასხვა ტიპის პრობლემები მოაქვს ადამიანებისთვის, ამ დროს სხვადასხვა დემონი იღვიძებს ადამიანებში.

იზოლაცია აუცილებელია არა იმიტომ, რომ ჩვენ გადავრჩეთ, არამედ სხვები დავიცვათ, სხვებზეც ვიფიქროთ. წარმოუდგენელია, მსოფლიოს დაემალო, ჩაეკეტო ეკონომიკურად, გეოპოლიტიკურად, სოციალურად, ყველანაირად... მაგრამ ჩვენ ვიკეტებით იმის იმედით, რომ ისევ გავიხსნებით - ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერ მოხდება ისე, მარტო საქართველო გადარჩეს და სხვები დაიღუპონ. ან ყველანი გადავრჩებით, ან ყველანი ერთად ვიწვნევთ მძიმე შედეგებს. პანდემიამ არ იცის კუთხეები, პოლიტიკური შეხედულებები, ფინანსური მდგომარეობები და რელიგიური კუთვნილებები. ეს სტატისტიკამ და ვირუსის მოქმედების პრინციპებმა გვაჩვენა. ასე რომ, ეს საერთო პრობლემაა და მას საერთო საკაცობრიო ჭრილში უნდა გავუმკლავდეთ.

ადამიანებს არ ეთმობათ თავიანთი უნარ-ჩვევები, ჩვეულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემია, მაგრამ ამას ყველაფერი არ უნდა გადავაყოლოთ.

კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. კეთილგონიერება, სამართლიანობა და სოლიდარულობა ჩვენს ეგოიზმსა და ჩვეულებებზე მაღლა უნდა დავაყენოთ.

- თქვენი თქმის არ იყოს, ნოეს კიდობანი ახლა აღარ გაჭრის, მაშინ რა არის ამ კრიზისიდან გამოსავალი? - ერთმანეთზე ზრუნვა, ფიქრი და გამოცდილების გაზიარება მეცნიერების სოლიდარობის, სოციალური სოლიდარობის თუ ეკონომიკური სოლიდარობის დონეზე, არა მარტო საკუთარი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანი, პარტია, ბიზნესჯგუფი, ვიწრო ჯგუფი ან ინსტიტუცია საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მისი ინტერესები არ ზღუდავს სხვათა ინტერესებს. მხოლოდ ასეთი ტიპის ქმედებები არის გამოსავალი.

გამღიზიანებელია, როდესაც ადამიანები, კორპორაციები ძალიან დიდ ფასებს ადებენ რაღაცებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სასიამოვნოა, როცა მათში ვხედავთ სოლიდარობას. სწორედ ასეთი ქმედებები დაამარცხებს ამ გამოწვევას.

- ამასობაში თქვენც ხომ არ ჩამოიღეთ თაროდან აპოკალიფსური ლიტერატურა, მაგალითად, თომას მანის "ჯადოსნური მთა", რომლის პერსონაჟების მსგავსად, ჩვენი მსოფლმხედველობაც თავდაყირა დადგა. - რასაკვირველია, ჩამოვიღე და ბევრს ვკითხულობ, მათ შორისაა ჩემი საყვარელი "ჯადოსნური მთა". სხვათა შორის, თომას მანს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, ის მსოფლიო ომსა და ესპანურ გრიპს მოესწრო; წავიკითხე იოანეს გამოცხადება, პუშკინის ნაწარმოებები, რომლებიც ქოლერის დროს იქმნებოდა, კარანტინში. თავიდან გადავიკითხე ოსვალდ შპენგლერის "ევროპის დაისი"...

ისტორია სულ იცვლება და ვითარდება, ამიტომ სიცოცხლე თავისთვის სულ ახალ ფორმებსა და გამოვლინებას ეძებს. ეს ვირუსიც ამის ნაწილია, ცოცხალი ორგანიზმია.

- რისთვისაც აქამდე თავს იკლავდა ადამიანი - ფული, თანამდებობა, მდგომარეობა - ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ავანსცენიდან გავიდა თუ არის კატეგორია, ვისთვისაც ეს ყველაფერი ისევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

- არიან შეშინებული ადამიანები, რომლებსაც კიდევ მეტი ფული, მეტი ძალაუფლების მოპოვება უნდათ, კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების, მეტი საკვების და ტუალეტის ქაღალდის მომარაგება, ბეტონის ბუნკერში ჩასვლა უნდათ. გააჩნია, ვინ როგორ უყურებს ამ მოვლენებს. ეს ტუალეტის ქაღალდი ხომ სიმბოლო გახდა ამ მოვლენის.

- სავარაუდოდ, გადაფასდება ყველაფერი - მსოფლიო წესრიგი, სტრატეგიები, ღირებულებები, ურთიერთობები...

- ბევრი რამ შეიცვლება გეოპოლიტიკურად, ბევრი ახალი პრიორიტეტი გაჩნდება, მიკრობიოლოგიურ კვლევებში დაიხარჯება მეტი რესურსი და ჭკვიანი ადამიანები უკვე ხარჯავენ ბევრ ფულს ამისთვის, მათ შორის არის ბილ გეითსი, რომელმაც რამდენიმე მილიონი უკვე ჩადო კვლევებში.

- როგორც იკვეთება, წინ ეკონომიკური კრიზისი გველის. როგორ გაართმევს თავს ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევას? - საღი აზრი გვეუბნება, რომ ამხელა პრობლემასთან, რომელშიც ჩათრეულია სოციალური ცხოვრების ყველა მიმართულება - ეკონომიკა, პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, ძალიან მაგარი პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს, რომ საერთო შეთანხმების გარეშე ამას გაართვას თავი. ამიტომაც მნიშვნელოვანია მრავალთა გამოცდილება, მრავალთა მოსაზრების მოსმენა, გაზიარება, შეთანხმება... უნდა შეიქმნას რაღაცა ტიპის საკოორდინაციო ცენტრი, სადაც შეჯერდებოდა ადამიანთა მოსაზრებები ცოდნა-გამოცდილების და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით. ამას სჭირდება ღია ცნობიერება და კეთილგონიერება. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ამას, ეს თვე-ნახევრის შემდგომ გამოჩნდება, როცა კრიზისი გადაივლის.

მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიგრძნოთ სოციალური პასუხისმგებლობა და რაც უფრო ერთგულად დავიცავთ მითითებებს, მით უფრო მალე, ზაფხულში გვექნება შესაძლებლობა მოვედოთ ბუნებას, არემარეს, გავიდეთ სამშვიდობოს. რაც უფრო დავიცავთ მეცნიერთა მითითებებს, მით უფრო გვექნება საშუალება შინაგანი აქტიურობიდან გარეგან აქტიურობაში გადავიდეთ.

კომენდანტის საათი

ახლა რომ სიკვდილის მდინარეს მიაპობს -

მფარველო მიქაელ, ცოტა ხნით ქარონი

ლოცვათა იამბით სანავეს მიაბი,

ამ თავსხმა წვიმაში, რომ უსახლკარონი

(ცარიელ ქუჩებში ეულად შთენილნი,

რომლებზეც ამ ღამით მარტოდენ შენ ივლი)

დაიცვა და მათი სიზმარი გვიანი ჩვენ შენზე გვიამბობს.

რატი ამაღლობელი