არავისი მეგობარი ნოდარი - კვირის პალიტრა

არავისი მეგობარი ნოდარი

ნოდარ ახალკაცი შემეცოდა კიდეც... შეიძლება ვინმემ მითხრას, შესაცოდი რა სჭირს, ჩვენ და ქართულმა ფეხბურთმა ვიკითხოთო, მაგრამ ასე უსახელოდ, ქოქოლამიყრილი წასვლა სულაც არ არის სასიამოვნო.

პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ჩვენში რომ იტყვიან, - არც წყალია და არც ღვინოო. ასეთი პერსონისთვის საქართველოში ფეხბურთის გაძღოლა იოლი სულაც არ არის. არადა, თავიდან მისი სურვილი სულაც არ ყოფილა ქართულ ფეხბურთში პირველკაცობა. თავის დროზე პრეზიდენტი სააკაშვილი სახლშიც კი ეახლა და პირადად სთხოვა, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ახლა კი, წასვლა რურუას პირით ურჩია, თანაც სახლში აღარავინ სწვევია. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის კაბინეტში დაიბარეს და "რჩევა" იქ გააცნეს.

უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა სააკაშვილი კადრის არჩევაში შეცდა? მიჭირს ზუსტი რიცხვის დასახელება. კადრები სააკაშვილის მთავარი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის უფლება ხელისუფლებას არ ჰქონდა, ახალკაცი სწორედ მისი კადრი იყო. მაშინ ვარდების ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა ფეხბურთისთვის მიეხედა, ფედერაციისთვის დაფინანსება გამოეყო, ამიტომ სურდა იქ ისეთი კაცი ჰყოლოდა, ვისაც ენდობოდა. თავიდან ხელისუფლების ამ სურვილს ყველა გაგებით შეხვდა, მაგრამ შემდეგ, მეორე არჩევნებზე რაც მოხდა, ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სწორედ მაშინ გათელა ფეხქვეშ ხელისუფლების ლიბერალურმა ფრთამ, სააკაშვილის თამადობით, დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარი - არჩევის უფლება. გაბაშვილმა, ბოკერიამ, ლომაიამ და სააკაშვილმა არაფრად ჩააგდეს არჩევნების შედეგები და არჩეულ პრეზიდენტს გადადგომა აიძულეს. არადა, ახალკაცი წაგებას შეგუებული იყო, უკვე ულოცავდა გამარჯვებას თავის კონკურენტს. იგი კიდევ ერთხელ ჩასვეს პრეზიდენტის სავარძელში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მისთვის თავსმოხვეული თანამდებობა იყო. ამიტომაც შემეცოდა, როდესაც ბოლოს, ფაქტობრივად, გულშემატკივრის გარეშე დარჩა. მის დასაცავად გოკა გაბაშვილმაც კი აღარ გამოიდო თავი.

თუმცა ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. მწარედ მახსოვს, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ერთ გოგოს ვუთხარი, - თუ არ მოგწონვარ, პირდაპირ მითხარი, ჩემს გაბანძებას ნუ ცდილობ-მეთქი. - მერედა, შენც ნუ ბანძდებიო, - მივიღე პასუხად.

ტრაგედია პოლიტიკურ კონტექსტში

გასულ კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც დამნაშავემ ერთი პოლიციელი მოკლა და ორი დაჭრა, პრეზიდენტის საქციელმა კიდევ უფრო დაამძიმა. პრეზიდენტმა ამ ფაქტის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება სცადა. აქაოდა, ამ პოლიციელის მკვლელობა ოპოზიციის სინდისზეა, რადგან თუ პოლიცია ვინმეს მოკლავს, ერთ ამბავს ტეხენ და მერე მათ ფოტოებს მიტინგებზე აკრავენო. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, - ამან პოლიცია დააკომპლექსა და როცა საჭიროა, იარაღს მაშინაც აღარ იყენებენო. შეიძლება მის სიტყვებში სადღაც იყოს კიდეც სიმართლის მარცვალი, მაგრამ იმავე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმის კრიმინალების ლიკვიდაციად გასაღება რამდენად პატიოსანი საქციელი იყო, მკითხველმა განსაჯოს. თუმცა, მთავარი აქ მაინც ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება იყო.

ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართულ პოლიტიკაში არახალია. ამ მხრივ ოპოზიციაც სცოდავს.  გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შემთხვევები უკვე დიდი ხანია ქართული პოლიტიკის ნაწილად იქცა. აქ ზოგმა შეიძლება იკითხოს: როდესაც ხელისუფლება მკვლელებს იფარავს, ოპოზიციამ რა ქნას, ხმა არ უნდა ამოიღოსო? რა თქმა უნდა, უნდა ამოიღოს და არა მარტო ოპოზიციამ, მაგრამ დაღუპული ბიჭების ფოტოებით ხელში მკვლელების დასჯა უნდა მოითხოვოს და არა ვადამდე არჩევნები. დღეს კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ეს ტრაგიკული შემთხვევები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სჭირდება. საბოლოოდ კი ვიღებთ სურათს, როდესაც ოპოზიცია პოლიციისA მსხვერპლს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ხელისუფლება კი - დაღუპულ და დაჭრილ პოლიციელებს.

ვინ უნდა შევიწყალოთ?!

პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობის ფაქტის განხილვის შემდეგ ბრძანა, შეწყალების პოლიტიკა უნდა გადაიხედოსო. რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს. შოკში ჩავვარდი, როდესაც გავიგე, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორჯერ ნასამართლევი იყო და თანაც ერთხელ - ყაჩაღობისთვის. ასეთი კაცი შეიწყალეს და შემდეგ გაუკვირდათ, რომ დანაშაული ჩაიდინა. თურმე შეწყალებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, როგორ იქცევა პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მე შეიძლება ჩამოყალიბებული რეციდივისტი ვიყო, მაგრამ თუ ვიცი, რომ ჩემი ციხიდან გასვლა ჩემს მოქცევაზეა დამოკიდებული, ისე კარგად მოვიქცევი, თქვენი მოწონებული. ციხეში მოქცევას შეწყალებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს, რამდენჯერ არის პირი ნასამართლევი. შეწყალებას მხოლოდ ისეთები უნდა ექვემდებარებოდნენ, რომლებიც სასჯელს პირველად იხდიან. კაცმა დანაშაული შემთხვევით შეიძლება მხოლოდ ერთხელ ჩაიდინოს, თუ მას დანაშაული ორჯერ ან მეტჯერ აქვს ჩადენილი, ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული რეციდივისტია და მისი გამოსწორების შანსი ნულის ტოლია. ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, იმათგანაც  ყველას შეწყალება არ  შეიძლება. შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდნენ ისეთი პირები, ვინც დანაშაული სიტუაციიდან გამომდინარე ჩაიდინა და არა იმიტომ, რომ დანაშაულისკენ აქვს მიდრეკილება, მაგალითად, ცოლი, რომელმაც ქმარი იმიტომ მოკლა, რომ ყოველდღე სცემდა. ასეთი მსჯავრდადებულის შეწყალება შეიძლება, რადგან მან დანაშაული იმიტომ კი არ ჩაიდინა, რომ მისი ბუნებაა ასეთი, არამედ სიტუაციამ აიძულა. მას რომ გამოუშვებ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მეორეჯერ დანაშაულს აღარ ჩაიდენს (თუ, რა თქმა უნდა, მეორე ქმარიც გარეწარი არ შეხვდა), მაგრამ ყაჩაღობაში ბრალდებულის შეწყალება როგორ შეიძლება, თუნდაც ის პირველად იყოს ნასამართლევი და ციხეში ანგელოზივით იქცეოდეს? რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ასეთმა პირმაც გულწრფელად მოინანიოს დანაშაული და გამოსწორების გზას დაადგეს, მაგრამ მსგავსი შანსი მცირეა და საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან არიდება უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ექსპერიმენტის ჩატარება.