"მე შენი ანგელოზი ვარ, ღვთისგან შენს დასაცავად დადგინებული" - კვირის პალიტრა

"მე შენი ანგელოზი ვარ, ღვთისგან შენს დასაცავად დადგინებული"

19 იანვარი - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულია

დღეს იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო. ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებასაც უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო გამოეცხადა: წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმინდა მტრედის სახით დაადგა თავს, ხოლო ზეციდან მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ".

უცოდველ უფალს განწმენდა არ სჭირდებოდა. იორდანეში ჩასვლით მან გაწმინდა წყლის ბუნება და ადამიანებს ნათლობის მაგალითი და სახე გვიჩვენა. ნათლისღების დღესასწაულზე დიდი აიაზმის წესით იკურთხება წყალი, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები.

ამ დღეს, ჩვენში არსებული ტრადიციით, ნათლია-ნათლულები ცდილობენ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად იზეიმონ ნათლისღების წმინდა დღესასწაული. თუმცა ამ დროს ძალზე ხშირად გვავიწყდება მცველი ანგელოზი, რომელიც უფალმა ჩვენი ნათლისღებისას მფარველად დაგვიდგინა. შემოგთავაზებთ მაგალითებს ქრისტიანთა ცხოვრებიდან, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გულმოდგინედ ცდილობს მცველი ანგელოზი ჩვენი სულის ცხონებას.

ერთხელ ეკლესიიდან შინ მიმავალმა წმინდა ნიფონტიმ რომელიღაც ქოხის კართან მტირალი ჭაბუკის სახით მდგარი ანგელოზი დაინახა. მწუხარების მიზეზი ჰკითხა. ანგელოზმა უპასუხა: - მე ვარ დადგენილი მცველად ჭაბუკისა, რომელიც ახლა ამ სახლში გარყვნილ ქალთან ნებივრობს. ამით დიდ მწუხარებას მგვრის, რადგან ვერ ვიტან ამგვარ უსჯულოებას. როგორ არ ვიტირო, როცა ვხედავ, როგორ დაეცა ღვთის ხატებაო. ღირსმა ნიფონტიმ ჰკითხა, - რატომ არ ასწავლი, თავი ანებოს ცოდვასო. მიახლოება არ შემიძლია, რადგან ცოდვის დაწყებისთანავე ეშმაკთა მონა გახდა. ადამიანი თავისუფალი შექმნა ღმერთმა, აჩვენა ორი გზა: ფართო და ვიწრო. მისი ნებაა, რომელზე წავაო, - მიუგო ანგელოზმა.

* * *

ედესის ეპისკოპოსმა, ნეტარმა თეოდორემ ჰკითხა დაფარულთმცოდნე მესვეტე მამას, - როგორ არჩევ ცოდვილს მართლისგანო. მან მიუგო, - თუ სვეტთან ჩაივლის კაცი მართალი და ღვთის მოშიში, ვხედავ მასზე ღვთის მადლს - ორივე მხარეს ანგელოზები მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორიდან მისდევენ და მიახლოებას ვერ უბედავენ. ცოდვილს გვერდით მოზეიმე ეშმაკების ხროვა მიჰყვება, მისი მფარველი ანგელოზი კი მოშორებით ტირილით მისდევს და მოთქვამს ცოდვილის დაქცევას.

* * *

ონოფრე დიდმა მეუდაბნოე ცხოვრება გადაწყვიტა. უდაბნოს დასაწყისში მან სინათლის სვეტი იხილა. შეშინებული უკან უნდა გაბრუნებულიყო, რომ სვეტი მოუახლოვდა და უთხრა: "ნუ გეშინია, მე შენი ანგელოზი ვარ, შენი გაჩენის დღიდან ღვთისგან შენს დასაცავად დადგინებული. მუდამ თან დაგყვები, ახლაც, უფლის ბრძანებით, უდაბნოში მიმყავხარ, ღვთის წინაშე იყავი სრული და გულით მდაბალი, ემსახურე მას სიხარულით და არასოდეს მიგატოვებო".

* * *

მიტროპოლიტ ბენიამინს (ფედჩენკო) ბერლინის რუსული ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ტიხონმა 1923 წელს მოუთხრო თავისი ყრმობის ამბავი. თურმე მისი ნაბოლარა და, მარიამი, ავად გახდა. ღამენათევ დედას შვილის საწოლთან ჩაეძინა. 7 წლის ტიმოთე ფანჯარასთან იჯდა. "უეცრად დავინახე ანგელოზი, ხელში მარიამი ეჭირა. დავიყვირე: - დედიკო, მარიამი წაიყვანეს-მეთქი. დედას გაეღვიძა. რა გაყვირებსო. მარიამი წაიყვანეს-მეთქი. ვინ წაიყვანა? - დედა წამოხტა და ავადმყოფს დააცქერდა. დავინახე, ანგელოზმა-მეთქი. დედამ ბავშვს ხელი მოჰკიდა. უკვე მკვდარი იყო". არქიმანდრიტი ჰყვებოდა, ანგელოზი სპეტაკი გახლდათ და ფრთები ჰქონდაო.

* * *

1833 წლის 2 იანვრის ღამით, ცისკრის ლოცვის შემდეგ, მამა ფილარეტ გლინელი კელიიდან გამოვიდა და დაინახა, ვიღაცის სული ანგელოზებს ზეცაში აჰყავდათ. დიდხანს უყურებდა ამ საკვირველ სანახაობას, რამდენიმე ძმას დაუძახა, აჩვენა და ღრმად ჩაფიქრებულმა ბრძანა: - აი, როგორ გადიან ამ ქვეყნიდან მართალი ადამიანები. ახლა გარდაიცვალა სერაფიმე საროველიო. შემდგომში შეიტყვეს, მამა სერაფიმე მართლაც იმ ღამეს გარდაცვლილიყო.

* * *

სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი (ველემიროვიჩი) მოგვითხრობს ამბავს მართლმადიდებელი ინგლისელი მღვდლის, მამა კირილეს ცხოვრებიდან: ის სიცოცხლეს ღვთისმსახურებაში, ავადმყოფთა და ღატაკთა მონახულებაში ატარებდა. ერთხელ თავისი სახლის ახლოს შეჩერდა. ფიქრობდა, ვის უფრო სჭირდებოდა მისი სტუმრობა. ხმა მოესმა: წადი და ესა და ეს დედაბერი ნახეო. მამა კირილეც მინიშნებულ მისამართზე წავიდა. გაკვირვებული ქალი გამოეგება:

- მამაო, ახლა ღვთის ანგელოზებს ვევედრებოდი თქვენს მოყვანას, ავად ვარ, არავინ მყავს გამომგზავნი. აქ მეორე ოთახში ახალნამშობიარევი ქალი წევს, ჩვილი კი სიკვდილის პირასაა, იჩქარეთო. მამა კირილე ღატაკის სახლში გვიანობამდე შერჩა. შინ წასვლა რომ დააპირა, სიბნელეში ვიღაც გადაეღობა. მამა კირილე შედგა. მერე ნაბიჯის გადადგმა მოინდომა, მაგრამ უცნობმა ისევ შეაჩერა. მღვდელი უკან დაბრუნდა. სანთელი გამოართვა დიასახლისს. დახედა კიბეს - საფეხურები ქვემოთ ჩაშლილიყო. ერთი ნაბიჯიც რომ გადაედგა, დაიმტვრეოდა, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.

* * *

მამა პაისის ერთხელ ჰკითხეს: - მამაო, ღმერთი თითოეულ ადამიანს მფარველ ანგელოზს რად აძლევს, განა თვითონ ვერ დაგვიფარავდა? "მფარველი ანგელოზის დადგენა ღვთის განსაკუთრებული ზრუნვაა თავის ქმნილებაზე. მფარველი ანგელოზის დადგენის გამო ჩვენ ღვთის მოვალენი ვართ".