"საქართველოში შეიძლება, ტრაქტორს თვითმფრინავი დაარქვა და რეგისტრაციაში უპრობლემოდ გაგიტარებენ” - კვირის პალიტრა

"საქართველოში შეიძლება, ტრაქტორს თვითმფრინავი დაარქვა და რეგისტრაციაში უპრობლემოდ გაგიტარებენ”

"ვინ უნდა აგოს პასუხი ამდენ მსხვერპლზე?"

"საქართველოში შეიძლება, ტრაქტორს თვითმფრინავი დაარქვა და რეგისტრაციაში უპრობლემოდ გაგიტარებენ"

გაზეთის წინა ნომერში ქართულ ავიაციაში არსებული მდგომარეობა გაგაცანით. საქართველოს მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტ ალბერტ ნურბეკიანის მიერ გახმაურებული ფაქტები (რომელთაც დოკუმენტებიც ახლდა თან) მეტად საგანგაშო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ქართული ავიაცია ევროპამ თავის "ღია ცაში" მიიღო. "ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ევროპის დიდსულოვანი ჟესტი. საქართველო ხომ "დემოკრატიის შუქურა" და კავკასიის ლიდერია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, როგორც გაგვიღეს საჰაერო სივრცე, ისევე დაგვიხურავენ", - გვითხრა ალბერტ ნურბეკიანმა.

მასთან ინტერვიუდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ პაკისტანმა თავის საჰაერო სივრცეში ქართული ავიახომალდების ფრენა აკრძალა(!).

2011 წლის 13 იანვარს პაკისტანმა ოფიციალურად აუწყა საქართველოს, რომ თავის საჰაერო სივრცეში აკრძალა ყველა იმ საჰაერო ხომალდის ფრენა, რომელთაც რეგისტრაცია საქართველოში აქვთ გავლილი.

დაახლოებით ერთი თვის წინ პაკისტანში Ил 76-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავმა  კატასტროფა განიცადა. დაიღუპა 7 კაცი. ил 76-ს რეგისტრაცია საქართველოში ჰქონდა გავლილი.

ნუგზარ ბეჟუაშვილი, მფრინავთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფრენების უსაფრთხოების კონტროლის ყოფილი უფროსი: - სახელმწიფო რეგისტრაციაში საჰაერო ხომალდის გატარება ნიშნავს, რომ მასზე მარეგისტრირებელი ქვეყნის საავიაციო იურისდიქცია ვრცელდება და თვითმფრინავის ექსპლუატაციაზეც თავად არის პასუხისმგებელი. პაკისტანში ავიაკატასტროფის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შექმნილიყო სახელმწიფო კომისია. თუ პაკისტანში ჩასვლას ვერ მოახერხებდნენ, ოფიციალურად უნდა ეცნობებინათ, რომ მასთან წერილობით მაინც ითანამშრომლებდნენ. თანაგრძნობის წერილიც კი არავის გაუგზავნია.

რაკი კატასტროფა მოხდა, ამ ტიპის თვითმფრინავები ჰაერში შეუმოწმებლად არ უნდა აფრენილიყვნენ, მაგრამ არც ეს გაუკეთებიათ. ამ ტიპის თვითმფრინავებს სხვა ქვეყნები რეგისტრაციაში აღარ ატარებენ, ჩამოწერეს. საქართველოში კი დაარეგისტრირეს, თუ რატომ, მგონი, ადვილი მისახვედრია. ან ფრენებს ვინ უწევს მეთვალყურეობას? არ ტარდება არავითარი ინსპექცია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის შავი ხვრელი მსოფლიო ავიაციაში, სადაც ისიც კი შეიძლება, ტრაქტორს თვითმფრინავი დაარქვა და რეგისტრაციაში უპრობლემოდ გაგიტარებენ.

ცოტა ხნის წინ ორი კაცი (ინსტრუქტორი და მოსწავლე) დაიღუპა საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სასწავლო ფრენისას, აგო ვინმემ პასუხი?

- ოფიციალურად ითქვა, რომ ძრავაში ჩიტი მოხვდა.

- ამ ტიპის  (A-22) თვითმფრინავის გამოყენება საწვრთნელი ფრენისთვის დაუშვებელია. მხოლოდ და მხოლოდ სადემონსტრაციო ფრენისთვის გამოიყენება. კანონში მითითებულია, რომ სასწავლო ფრენა საერთაშორისო აეროპორტსა და დასახლებულ პუნქტთან ახლოს კატეგორიულად აკრძალულია. თვითმფრინავი, რომელსაც სასწავლო ფრენისთვის იყენებენ, უსაფრთხოებისა და ავარიული სისტემებით უნდა იყოს აღჭურვილი. ამ თვითმფრინავს კი მსგავსი არაფერი აქვს. სასწავლო ფრენას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს სპეციალური გადამცემებით აღჭურვილი მეთვალყურე, სტარტზე უნდა იდგეს სახანძრო და სამედიცინო მანქანები. ის აეროდრომი, სადაც სასწავლო ფრენა მიმდინარეობდა, ადგილმდებარეობის გამო აღარ არის სასწავლო ფრენებისთვის განკუთვნილი. იქ იმხელა ორმოებია, რომ დაჯდომისას შეიძლება პატარა თვითმფრინავი ამოტრიალდეს და ხალხი დაიღუპოს.

როცა კატასტროფა ხდება, ამ ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს მანამდე, სანამ კომისია არ გაარკვევს ავარიის მიზეზს, მაგრამ კატასტროფიდან მესამე დღესვე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ხელმოწერით დაუშვეს და დღესაც დაფრინავენ A-22-ები.

არადა, ჩვენი კანონმდებლობით, იმ ხომალდების რეგისტრში შეტანა, რომელთა  ასაფრენი წონა 1000 კილოგრამზე ნაკლებია, დაუშვებელია. ეს თვითმფრინავი რეგისტრშიც არის შეტანილი და მასზე ფრენის ვარგისიანობის მოწმობაც არის გაცემული. მას უკრაინაში აგებენ, საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამიტომ ჩვენი "ჭკვიანები" თვითმფრინავს კი არ ყიდულობენ, მისი კონსტრუქციის ნაწილები შემოაქვთ და აქვე აწყობენ. ამ თვითმფრინავს უნდა ჰქონდეს საავიაციო ძრავა, აქაური "ჭკუის კოლოფები" კი დიდი კატერების ძრავებს უყენებენ(?!).

დაბალ სიმაღლეზე კარგად მუშაობს, მაგრამ როგორც კი თვითმფრინავი აფრინდება, წევის ძალას კარგავს. თვითმფრინავში საავიაციო ბენზინსაც არ ასხამენ, ავტოგასამართ სადგურებში ყველაზე იაფფასიან ბენზინს ყიდულობენ.

KvirisPalitra.Geალბერტ ნურბეკიანი:

- 2-3 წლის წინ ჩვენი პილოტები დაიღუპნენ კონგოში და საქმე ისე დამთავრდა, გამოძიება არც კი დაწყებულა. თვითმფრინავი, რომელსაც რეგისტრაცია საქართველოში ჰქონდა გავლილი, დაჯდომისას დაიშალა.

სომხეთშიც განიცადა ჩვენთან რეგისტრირებულმა თვითმფრინავმა კატასტროფა, ქართველი პილოტი დათო კუხიანიძე დაიღუპა. არც ეს საქმე გამოუძიებიათ. სამაგიეროდ, სომხებმა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ თვითმფრინავი კუსტარული იყო. დასკვნაშიც ჩაწერეს, როგორ გასცა საქართველოს სამოქალაქო ავიაციამ ამ თვითმფრინავზე ფრენის ვარგისიანობის მოწმობაო.

საინტერესოა, ვინ დააყენა კუსტარული თვითმფრინავი აღრიცხვაზე და ვინ მისცა ფრენის უფლება? ვინ უნდა აგოს პასუხი ამდენ მსხვერპლზე?

საავიაციო ბაზარი ხომ ერთიანად გაანიავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენს საჰაერო სივრცეში სხვები დაფრინავენ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს პარიტეტის პრინციპი. ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარების პროგრამაში მითითებულია, რომ შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო, ეკონომიკურად მომგებიანი, კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაცია. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ორგანიზაციული და ეკონომიკური პირობები ავიაციის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ეს მე არ მომიგონია, გაერომ და იცაო-მ ჩაწერეს თავის განვითარების პროგრამაში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ბაზრის 80% ახლა სხვის ხელშია.

სომხური კომპანიები ყოველდღე 20-22 ავიარეისს ასრულებენ, აზერბაიჯანული - 14-16-ს, ქართული კომპანიები კი დღეში მხოლოდ 5-6 რეისს. სომხეთში პენსია პილოტს 800 დოლარი აქვს, აზერბაიჯანში - 1.200, ჩვენს პილოტებს კი - 60. ქართველი პილოტები შიმშილით იხოცებიან, სახელმწიფო კი ეუბნება, ფული არა გვაქვსო.

ეს რა სახელმწიფოა ან რა კანონების შესრულებაზეა ლაპარაკი, როცა სასამართლო გადაწყვეტილებებსაც კი არ ასრულებენ? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ქართველ პილოტებს არაერთი სასამართლო პროცესი აქვთ მოგებული. ინვალიდ პილოტებს ინვალიდობის პენსია ეკუთვნოდათ, მაგრამ დღემდე არ უხდიან. მილიონებს იპარავენ და ინვალიდი პილოტებისთვის კაპიკები ვერ გაუმეტებიათ. უკვე 7 ვეტერანი პილოტი გარდაიცვალა უსახსრობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინში. საიდან იქნება ფული, როცა ქართული ავიაკომპანიები არ დაფრინავენ? თურქები ყოველდღიურად თბილისიდან თურქეთის მიმართულებით ორ რეისს ასრულებენ, ჩვენს ავიაკომპანიას კი არც ერთის შესრულების უფლება არა აქვს, მაშინ, როცა აზერბაიჯანული და სომხური კომპანიები თურქეთში რეგულარულად დაფრინავენ.

ICAO-ს პროგრამა (იმ ავიაკომპანიების დასახმარებლად, რომლებიც ნაკლებად კონკურენტუნარიანი გადამზიდავები არიან) მუშაობს ნიგერიაში, სომხეთში, ყირგიზეთში, სომალიში, საქართველოში კი - არა.  პარიტეტის პრინციპის დაცვა აუცილებელია, უამისოდ არაფერი გამოვა. ჩვენი ავიაკომპანია რომ გაფრინდეს თურქეთში, სტამბოლამდე 5-7 მგზავრზე მეტი არ ეყოლება, რადგან თურქული კომპანიები ტრანზიტზე მუშაობენ და შესაბამისად, ფასიც დაბალი აქვთ. ამიტომ არის საჭირო უცხოურ კომპანიასთან პარიტეტის პრინციპის დაცვით ხელშეკრულების დადება.  მოგება ქართულ კომპანიებთან შუაზე უნდა გაიყოს. ამით ბოლო მოეღება შავბნელ საქმეებს.

- რას გულისხმობთ?

- როდესაც მთელ მსოფლიოში მიღებულ პარიტეტულ პრინციპს მხოლოდ საქართველოში არ იცავენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ჩინოვნიკები უცხოური კომპანიებისაგან ასეთი მონოპოლიის სანაცვლოდ, რბილად რომ ვთქვათ, ხელს ითბობენ.

2003 წლიდან იჩაო-მ ხმის უფლება ჩამოგვართვა იმის გამო, რომ საწევროს არ იხდის საქართველო და ეს მაშინ, როცა მილიონები ვის ჯიბეში მიდის, კაცმა არ იცის. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობისთვის ქვეყანა წელიწადში 30 მილიონ დოლარს იღებს. როცა სხვა ქვეყნების პილოტები გაიგებენ, რა ხდება ქართულ ავიაციაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრენას აღარავინ მოისურვებს და ქვეყანა ამ შემოსავალსაც დაკარგავს.

- ქართულ კომპანიებს ვინმემ აუკრძალა ფრენა?

- სიტყვით კი ეუბნებიან, მიდი და იფრინეო, მაგრამ სინამდვილეში ვერსადაც ვერ იფრენ. ქართულ ავიაკომპანიებს სულ 3-4 თვითმფრინავი ჰყავს, ისიც არენდით აღებული და როგორ გაუწევს კონკურენციას სხვა ქვეყნების მძლავრ ავიაკომპანიებს, რომლებსაც ასი თვითმფრინავი ჰყავთ?

ქართული ავიაკომპანიები ხელოვნურად გააკოტრეს,  ქართული ავიაციის ქონება დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. ხელოვნურად გააკოტრეს სახელმწიფო ავიაკომპანიაც.

თავის დროზე  ერთი ამბავი ავტეხე ამის გამო და როგორც იქნა, ეს საქმე კონტროლის პალატამ გამოიძია. რასაც ვამბობდი, სწორედ ის დაწერეს დასკვნაში. აღიარეს, რომ ქართული სახელმწიფო ავიაკომპანია ხელოვნურად გააკოტრეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, აღარც თვითმფრინავები არსებობდნენ და აღარც ქართული ავიაკომპანიები, მალე კი ქართული ავიაციაც აღარ იქნება.

ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ვიყავი ევროპელი მფრინავების ყრილობაზე. როდესაც ქართულ ავიაციაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, გადაწყვიტეს ივნისში ევროპელ მფრინავთა საერთაშორისო ყრილობა თბილისში ჩაატარონ. ევროპელმა პილოტებმა ეს  გადაწყვეტილება  ქართველი მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად კი არა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის მიიღეს. მათაც ხომ უწევთ ქართულ საჰაერო სივრცეში ფრენა? ამ ყრილობაზე პრეზიდენტის მოწვევაც გვაქვს დაგეგმილი, რომ ბოლოს და ბოლოს, გავაგებინოთ, რა ხდება ქართულ ავიაციაში.