"ახლა გვაქვს საშუალება, რომ ქართველი ერის ღირსებები მსოფლიოს ვაჩვენოთ. იქნებ, სწორედ ახლა გვაქვს შანსი, რომ იბერია გაბრწყინდეს?" - კვირის პალიტრა

"ახლა გვაქვს საშუალება, რომ ქართველი ერის ღირსებები მსოფლიოს ვაჩვენოთ. იქნებ, სწორედ ახლა გვაქვს შანსი, რომ იბერია გაბრწყინდეს?"

"ჩვენ ახლა გვაკვირდება ბევრი ქვეყანა, რომელიც ადრე დაგვცინოდა, ან - ზემოდან დაგვყურებდა. ამ ერთ თვეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ხალხი არ ვყოფილვართ და ეს ბოლომდე უნდა დავამტკიცოთ. მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ერი არ არის ადამიანთა ჩამორჩენილი, სპონტანური გაერთიანება. ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ქართველი ერის ღირსებები მსოფლიოს ვაჩვენოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ მოთმინებაც შეგვიძლია და ერთმანეთის თანადგომაც. იქნებ, სწორედ ახლა გვაქვს შანსი, რომ იბერია გაბრწყინდეს?"

"ქართველებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ცივილიზებული, მოწინავე ქვეყნის შვილები ვართ" - ამბობს მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე, რომელსაც საქართველოში შექმნილ რთულ სიტუაციაზე ვესაუბრეთ:

- ლამის, მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ის ტყვედ იქცა, თქვენ თუ გეშინიათ ვირუსის?

- მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია: საქართველოში ეპიდემიამ არ იფეთქოს. ახლა იმის დრო არ არის, რომ მარტო ჩვენი სიცოცხლის გამო გვეშინოდეს - იმიტომ ვართ ფრთხილად, რომ ჩვენი ახლობლები და ძვირფასი ადამიანები დავიცვათ. რა თქმა უნდა, კოვიდ-19 განაჩენი არ არის - ის 100-102 წლის მხცოვანმა ხალხმაც კი დაამარცხა, ერთ-ერთ მათგანს ესპანური გრიპიც ჰქონდა გადატანილი, მაგრამ მის შესახებ მეცნიერებმა ბევრი რამ არ იციან და მაინც სჯობს, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო - უთქვამთ ძველებს და ეს გონივრული გამონათქვამია.

- ესე იგი, თქვენც ფრთხილობთ? - რა თქმა უნდა. სხვებივით მეც სახლში ვარ: ქალაქში სულ ორჯერ გავედი. მაქვს პლასტიკური ნიღაბი, რომელსაც გასვლამდე ვიკეთებ. ჩემი სახლის ქვემოთ, პირველ სართულზე მაღაზიაა და რიგრიგობით ჩავდივართ მე და ჩემი მეუღლე, პროდუქტი ამოგვაქვს და მერე სულ სახლში ვართ. მე ეს მდგომარეობა სულ არ მაწუხებს. ხან ვხატავ, ხან - ვწერ, ზოგჯერ კარგ მუსიკას ვუსმენ. სხვებზე ნაკლები არც გართობა ვიცი და არც მოლხენა, მაგრამ ახლა ჩვენი სულის სიღრმეებში ჩახედვის დროა. უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამოცდა, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ ერი და არა - უგუნური ინდივიდები.

- შევძლებთ ამის დამტკიცებას? - დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ. ჩვენ ახლა ძალიან გვაკვირდება ბევრი ქვეყანა, რომელიც ადრე დაგვცინოდა, ან - ზემოდან დაგვყურებდა. ამ ერთ თვეში აღმოჩნდა, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო ხალხი არ ვყოფილვართ და ეს ბოლომდე უნდა დავამტკიცოთ. მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ერი არ არის ადამიანთა ჩამორჩენილი, სპონტანური გაერთიანება. ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ქართველი ერის ღირსებები მსოფლიოს ვაჩვენოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ მოთმინებაც შეგვიძლია და ერთმანეთის თანადგომაც. იქნებ, სწორედ ახლა გვაქვს შანსი, რომ იბერია გაბრწყინდეს? - ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ამაში ჩვენს სამშობლოს ხელს ნუ შევუშლით. როდესაც ოფიციალურად გვთხოვენ, რომ 2 მეტრის დისტანცია დავიცვათ და შინ უნდა დავრჩეთ, ამას მთელი ქვეყანა უნდა დაემორჩილოს. გვეუბნებიან, რომ ეს ომია. ჩვენ ახლა უჩვეულო პროცესებში ვართ ჩართული, ამიტომ ყველა წესი უნდა დავიცვათ, რომ თავი გადავირჩინოთ. არ მინდა საქართველოშიც იგივე დატრიალდეს, რაც იტალიაში მოხდა, ან რაც ახლა ამერიკაში ხდება.

- ბევრი ამტკიცებს, რომ ადამიანს განსაცდელისგან მხოლოდ ღმერთი იფარავს... - იცით, ღმერთი იმას იფარავს, ვინც სწორად იქცევა. თუ თქვენ შუაგულ ტრასაზე მთვრალი დადიხართ და ეს ხშირად ხდება, ყველაფერი ადრე თუ გვიან ავარიით დამთავრდება. ამიტომ, ყველაფერს ღმერთს ნუ დავაბრალებთ - ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ტრასაზე მთვრალებმა არ უნდა ვიაროთ და როცა გვაფრთხილებენ, ეს გაფრთხილებაც ღვთის განგებად უნდა მივიღოთ.

- ამ მოვლენების გამო ბევრი უმუშევარი დარჩა. რას იტყოდით მათ შესახებ?

- ეს მართლაც დიდი პრობლემაა, რომელიც მთავრობამ როგორმე უნდა გადაწყვიტოს. ამ ხალხს ჩვენც გვერდში უნდა დავუდგეთ და განსაცდელი შევუმსუბუქოთ. ახლა დავინახავთ, ვინ არის მოწყალე, ვინ ეხმარება გაჭირვებაში მყოფ მოყვასს, ნათესავს, მეზობელს... ხელისუფლებამაც, შეღავათი უნდა გაუწიოს ყველას, ვინც საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.

- და ბოლოს, თუ ხედავთ ამ სიტუაციაში დადებით მხარეებს? - როგორ არა? - დადებითია თუნდაც ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთის გატანა და სხვისი სიცოცხლის დაფასება ისწავლეს. დადებითია ისიც, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს ჰიგიენას. მოგეხსენებათ, ჰიგია ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის, სისუფთავის და ჰიგიენის ქალღმერთი იყო. ჩვენი წინაპრებისთვის წყალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: ვისაც წყალი არ უყვარდა, ის ყველას თვალში "საწყალი" იყო. რად ღირს თუნდაც შემდეგი გამოთქმა - "ღვთის წყალობა"... თუ შინ დარჩენით და ჰიგიენის წესების დაცვით ჩვენს სიცოცხლესაც გადავარჩენთ და ჩვენს ახლობლებსაც, ეს რთული სულაც არ არის! ამასობაში დათბება, საშიში ვირუსიც დამარცხდება და ჩვენც ამაყები ვიქნებით, რომ ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავლახეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე